ინფექციური დაავადებების სპეციალისტების განცხადებით, არავაქცინირებული მოსახლეობა კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა დაავადების ახალი სახეობების წყარო გახდეს. შესაბამისად, არავაქცინირებული მოსახლეობა რისკს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ დანარჩენი მოსახლეობისთვისაც წარმოადგენს.
ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების განყოფილების პროფესორის, უილიამ შეფნერის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აუცრელი, მით უფრო იმატებს ვირუსის გამრავლების ალბათობა, ხოლო როდესაც ვირუსი მრავლდება, ის წარმოქმნის სხვადასხვა სახის მუტაციებს, რომლებიც უფრო საშიშია, ვიდრე მათი წინამორბედი.
ვირუსის ყველა სახეობას, მათ შორის კორონავირუსსაც ახასიათებს ცვალებადობა და განვითარება. მუტაციის შედეგად, ვირუსი შესაძლოა უფრო მარტივად და სწრაფად გავრცელებადი და ადამიანთა უფრო დიდ ჯგუფზე გადამდები გახდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ინფექციური დაავადების მსგავსი მუტანტი ვერსია შესაძლოა სახეობადაც ჩამოყალიბდეს, არავაქცინირებული ადამიანის ორგანიზმი კი სწორად ამის შესაძლებლობას იძლევა.
მიკრობიოლოგისა და იმუნოლოგის ენდრიუ პეკოზის განცხადებით, ვირუსის მუტაციის პროცესში ის მუტაცია, რომელიც ყველაზე მეტად ძლებს, არის საფუძველი იმის, რომ ვირუსი უფრო მარტივად გავრცელდება მოსახლეობაში. ვირუსის ყოველი ცვლილებისას ჩნდება ახალი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყოს ახალი მუტაციების წარმოქმნას. შედეგად კი ვიღებთ ახალ სახეობას, რომელიც ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე მისი მუტაციამდელი ვარიანტი. აღსანიშნავია, რომ თუ ვირუსს გავრცელება არ ახასიათებს, შესაბამისად, მას მუტაციის უნარიც არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის პერიოდში კორონავირუსის ახალი სახეობები რამდენჯერმე წარმოიქმნა. მაგალითად, კორონავირუსის B.1.1.7, ალფა-სახეობა, რომელიც პირველად ინგლისში დაფიქსირდა. B.1.351, ბეტა-ვერსია – სამხრეთ აფრიკაში, დელტა – ინდოეთში, ხოლო შტატებში ეპსილონ- და ეტა-ვარიანტები.
კორონავირუსის პირველი მუტაცია, რომელიც რეპლიკაციის, ანუ ასლის წარმოქმნის უნარით გამოირჩეოდა, არის ე.წ. D614G. ის თავდაპირველად ევროპაში დაფიქსირდა, საიდანაც ჯერ აშშ-ში, შემდგომ კი დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა. ამის შემდგომ, თითოეული მუტაციის შემთხვევაში კორონავირუსს ახალი თვისებები შეემატა. მაგალითად, ალფა-ვარიანტი მეტად გადამდები იყო, დელტა-ვარიანტის შემთხვევაშიც დაავადება უფრო მეტად ტრანსმისიურია, რამაც ეს უკანასკნელი, როგორც აშშ-ში, ასევე ბევრ სხვა სახელმწიფოში კორონავირუსის დომინანტურ სახეობად აქცია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მოწოდებით, რაც უფრო მეტად მივცემთ ვირუსს გავრცელების საშუალებას, ის უფრო მეტად შეიცვლება. შესაბამისად, მართალია, დღეს არსებული ვაქცინები კორონავირუსისგან გვიცავს, თუმცა ახალი ვარიანტების წარმოქმნის შემთხვევაში მოცემულობა შესაძლოა მარტივად შეიცვალოს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არავაქცინირებული მოსახლეობა პირდაპირი წყაროა ვირუსის ახალი სახეობების წარმოქმნისთვის. ხოლო ვირუსით ისეთი ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში, რომელსაც იმუნიტეტი აქვს, ინფექცია ან დამარცხდება, ან დაავადების მსუბუქ ფორმად გარდაიქმნება.
დატოვე კომენტარი