ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • ოქტომბერ-ნოემბერი

ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • ოქტომბერ-ნოემბერი

ბევრ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდული ინფლაცია დაფიქსირდა. მსოფლიოს მაღალი ინფლაციისგან თავის დაღწევა უჭირს. აქედან გამომდინარე, Forbes Georgia ყოველთვიურად მიმოიხილავს ინფლაციის ტენდენციებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რადგან საქართველოში საქონლისა და მომსახურების ფასებზე გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორ იცვლება ფასები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც საქართველოს იმპორტით შემოაქვს. მიმდინარე სტატია ოქტომბერსა და სექტემბერში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შეეხება.

2021 წლის დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ (12 თვის ინფლაცია) 13.9% შეადგინა. ფასების ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-ოქტომბერში ინფლაციამ 9.6% შეადგინა, წლიური ინფლაცია (2021 წლის ოქტომბერი 2022 წლის ოქტომბერთან) კი 10.6%-ია.

სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5% იყო. ოქტომბერში ფასები (სექტემბერთან შედარებით) 0.5% გაიზარდა, თუმცა წლიური ინფლაცია 10.6%-მდე შემცირდა. ამის მიზეზი ე.წ. საბაზისო ეფექტია. რადგან წლიური ინფლაცია ბოლო 12 თვეში დაფიქსირებულ ინფლაციის დონეს მოიცავს, წინა წლის ოქტომბერში დაფიქსირებული ინფლაციის დონე (1.3%) გამოაკლდა.

წლიური ინფლაცია საქართველოში, ოქტომბერი/ოქტომბერთან

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 16.8%-ით, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება გაძვირდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 15.8%-ით გაძვირდა. ტრანსპორტი (მოიცავს საწვავის ფასსაც) 11.6%-ით გაძვირდა, ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები – 13.5%-ით.

თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 76%-ით, სიმინდის ფქვილი გაძვირდა. შემდეგ სარეცხი საპონი მოდის, რომელიც 51%-ით გაძვირდა. რძის შემცველი პროდუქტები – 40%-ით, ვაფლი 39%-ით გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ქალის ქვედაკაბა გაიაფდა – 24.1%-ით, შემდეგ პომიდორი მოდის, რომელიც 24%-ით გაიაფდა. კიტრი – 23%-ით, მწვანილი კი 20%-ით გაიაფდა.

საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურებაგაძვირების %
სიმინდის ფქვილი76.1%
სარეცხი საპონი51.0%
რძის შემცველი პროდუქტები39.8%
ვაფლი კრემით39.4%
რვეული38.9%
ნამცხვარი38.7%
მანდარინი36.7%
ხორბლის ფქვილი36.1%
მარგარინი35.7%
შეშა35.4%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ცალკე აღებულ ოქტომბრის თვეში (ოქტომბრის ფასები რომ შევადაროთ სექტემბრის ფასებს) ყველაზე მეტად კარტოფილი გაძვირდა – 41%-ით. შემდეგ მოდის ბადრიჯანი 33%-ით. მამაკაცის ქურთუკი 17%-ით გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში ყველაზე მეტად – 21%-ით – მწვანე ლობიო გაიაფდა. 20%-ით გაიაფდა მანდარინი, 16.5%-ით – თერმომეტრი, 16%-ით – ვაშლი.

საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში (სექტემბერთან შედარებით) ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურებაგაძვირების %
კარტოფილი41.0%
ბადრიჯანი33.3%
მამაკაცის ქურთუკი16.9%
წიწაკა15.4%
პომიდორი14.7%
ქალის ზამთრის ფეხსაცმელი14.4%
საზამთრო13.0%
ატამი12.6%
ბამბა11.3%
ქალის ზამთრის პალტო10.8%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომა გამართა. სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 11%-ის დონეზე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფლაციის დონე ისევ მაღალია, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების და უკვე საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, ამ ეტაპზე, მეტად გამკაცრება საჭიროდ არ ჩათვალა. ასევე გაითვალისწინა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობსა და ძირითად სასურსათო საქონელზე ფასების კლების ტენდენცია. მონეტარული პოლიტიკის საბჭოს მომდევნო სხდომა 21 დეკემბერს გაიმართება და, სავარაუდოდ, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს ისევ 11%-ის დონეზე დატოვებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ერთ წელიწადში ფასები გლობალურად გაიზარდა და საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოში მეტად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელზე ოპერატიულ ინფორმაციას ვებსაიტი tradingeconomics-ი აქვეყნებს. დღეისათვის 178 ქვეყნის წლიური ინფლაციის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, სადაც უმეტესობაზე 2022 წლის ოქტომბრის ინფორმაციაა მოცემული, ხოლო დანარჩენზე – წინა თვეების მდგომარეობით. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ოქტომბერში დაფიქსირებული წლიური 10.6%-იანი ინფლაციის დონით მსოფლიოში 72-ე ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად 71 ქვეყანაში გაიზარდა.

ინფლაციის დონით პირველ ადგილზე ზიმბაბვეა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში ფასები 269%-ით გაიზარდა, შემდეგ მოდის ლიბანი 162%-ით და ვენესუელა 156%-ით.

ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, ოქტომბრის მონაცემებით 85.5%-იანი ინფლაციაა და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. თურქეთში ინფლაციის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის – ლირის მნიშვნელოვანი გაუფასურება და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაა, რაც არასათანადო მონეტარულ პოლიტიკას განაპირობებს. მაღალი ინფლაციის მიუხედავად, ცენტრალურმა ბანკმა ოქტომბერში რეფინანსირების განაკვეთი 12%-დან 10.5%-მდე შეამცირა. ლირის კურსი დოლარის მიმართ 18.6-მდე გაიზარდა.

რუსეთში წლიური ინფლაცია 12.6%-ია. აზერბაიჯანში წლიური ინფლაცია 13.7%-ია, სომხეთში კი 9.5%.

ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია, ანუ ფასების საშუალო დონის შემცირება, მხოლოდ ბენინშია -1.6%. ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია პანამაშია – 1.9%. ასევე დაბალი ინფლაციაა ჩინეთსა (2.1%) და ომანში (2.4%).

განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ლიეტუვაშია – 23.6%. შემდეგ მოდის ესტონეთი 22.5%-ით და ლატვია 21.8%-ით. ევროკავშირში წლიური ინფლაცია 10.7%-ია. ევროკავშირში ყველაზე დაბალი ინფლაცია საფრანგეთშია – 6.2%.

აშშ-ში ოქტომბერში წლიური ინფლაცია 7.7%-მდე შემცირდა, სექტემბერში 8.2% იყო. გაერთიანებულ სამეფოში წლიური ინფლაცია 10.1%-ია.

მსოფლიო დონეზე მაღალ ინფლაციას მნიშვნელოვანი საერთო საფუძველი აქვს – გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 11%-ით გაძვირდა. ბარელი ნავთობის ფასი მარტ-ივნისში ძირითადად 100 დოლარს ზემოთ იყო, თუმცა ივლისიდან 100 დოლარს ჩამოსცდა. ნავთობის გაძვირების მთავარი მიზეზი დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვაზე ემბარგოსაც მოიცავს. ოქტომბერში ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 78 დოლარამდე ჩამოვიდა, მაგრამ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ ფასი 90 დოლარამდე გაიზარდა.

ბოლო ერთ წელიწადში ბუნებრივი აირი 33%-ით გაძვირდა.

მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სურსათი. მათ შორის, ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიოში კარტოფილი საშუალოდ 52%-ით გაძვირდა, ბრინჯი – 21%-ით, რძე – 17%-ით და ხორბალი – 14%-ით.

ბარელი ნავთობის (Crude oil) საშუალო თვიური ფასი, აშშ დოლარი

მონაცემთა წყარო: U.S. Energy Information Administration (EIA)

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გლობალურად ფასების სწრაფად დასტაბილურება იყო მოსალოდნელი, რადგან მსოფლიო პანდემიის ეკონომიკაზე გავლენიდან გამოდიოდა. თუმცა ომმა და მისმა გავლენამ მსოფლიო ეკონომიკაზე ეს მოლოდინები შეცვალა, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო. დასავლეთის ქვეყნები მზად არიან, თანდათანობით ენერგორესურსები და მნიშვნელოვანი პროდუქცია ძვირად იყიდონ, ოღონდ რუსეთისგან არ შეიძინონ.

ინფლაციის შესაკავებლად აშშ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ 0.50% პუნქტით გაზარდა და ახლა 3.75%-ია. გამოწვევებიდან გამომდინარე, კიდევ ზრდაა მოსალოდნელი, 2023 წელს 4%-ს გადააჭარბებს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც – 0.75% პუნქტით, რომელიც ბოლო 11 წელი განაკვეთს 0%-ის დონეზე ინარჩუნებდა, ახლა კი 2%-ია. მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი კიდევ გაზრდის განაკვეთს, სავარაუდოდ, 2.5%-მდე. განაკვეთების ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპს შეამცირებს, მაგრამ ფასების სტაბილურობას დაეხმარება. დიდ განვითარებულ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების ზრდა ამ ქვეყნებში მოთხოვნას ამცირებს. მოთხოვნის კლება კი ინფლაციის შეჩერებას ეხმარება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *