ბევრ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდული ინფლაცია დაფიქსირდა. მსოფლიოს მაღალი ინფლაციისთვის თავის დაღწევა უჭირს. Forbes Georgia ყოველთვიურად მიმოიხილავს ინფლაციის ტენდენციებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რადგან საქართველოში საქონლისა და მომსახურების ფასებზე გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორ იცვლება ფასები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც საქართველოს იმპორტით შემოაქვს. მიმდინარე სტატია სექტემბერსა და ოქტომბერში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შეეხება.
2021 წლის დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ (12 თვის ინფლაცია) 13.9% შეადგინა. ფასების ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-სექტემბერში ინფლაციამ 9.1% შეადგინა, წლიური ინფლაცია (2021 წლის სექტემბერი 2022 წლის სექტემბერთან) კი 11.5%-ია.
აგვისტოში წლიური ინფლაცია 10.9% იყო. სექტემბერში ფასები (აგვისტოსთან შედარებით) 0.8% გაიზარდა. შედეგად წლიური ინფლაცია 11.5%-მდე ამაღლდა.
წლიური ინფლაცია საქართველოში, სექტემბერი/სექტემბერთან
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა – 17.6%-ით. ტრანსპორტი (მოიცავს საწვავის ფასსაც) 14.1%-ით გაძვირდა. ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები – 12.2%-ით, სასტუმროები და რესტორნები – 15.7%-ით.
თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 86%-ით, სიმინდის ფქვილი გაძვირდა. შემდეგ სარეცხი საპონი მოდის, რომელიც 48%-ით გაძვირდა. მარგარინი და შესქელებული რძე – 44%-ით, ვაფლი 42%-ით გაძვირდა.
საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ქალის ქვედაკაბა გაიაფდა – 20%-ით, შემდეგ კომპიუტერი მოდის, რომელიც 19%-ით გაიაფდა. ჭარხალი და მწვანილი – 15%-ით, ბადრიჯანი კი 13%-ით გაიაფდა.
საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა
საქონელი და მომსახურება | გაძვირების % |
სიმინდის ფქვილი | 86% |
სარეცხი საპონი | 48% |
მარგარინი | 44% |
შესქელებული რძე | 44% |
ვაფლი კრემით | 42% |
ხორბლის ფქვილი | 41% |
მწვანე ლობიო | 41% |
დიზელის საწვავი | 39% |
ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ | 39% |
ნამცხვარი | 38% |
მონაცემთა წყარო: საქსტატი
ცალკე აღებულ სექტემბრის თვეში (სექტემბრის ფასები აგვისტოს ფასებს რომ შევადაროთ) ყველაზე მეტად კიტრი გაძვირდა – 89%-ით. შემდეგ მოდის ბადრიჯანი 72%-ით. საზამთრო 48%-ით გაძვირდა.
საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში ყველაზე მეტად – 21%-ით ქლიავი გაიაფდა. 16%-ით გაიაფდა ყურძენი, 10%-ით ბავშვის საზაფხულო კაბა, 9%-ით ხახვი.
საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წლის სექტემბერში (აგვისტოსთან შედარებით) ყველაზე მეტად გაძვირდა
საქონელი და მომსახურება | გაძვირების % |
კიტრი | 89% |
ბადრიჯანი | 72% |
საზამთრო | 48% |
ბავშვის ქურთუკი | 44% |
ბიჭის ნახევარჩექმა | 38% |
მწვანე ლობიო | 31% |
წიწაკა | 28% |
სასკოლო სახელმძღვანელო | 25% |
კომბოსტო | 25% |
ატამი | 24% |
მონაცემთა წყარო: საქსტატი
14 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომა გამართა. სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 11%-ის დონეზე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფლაციის დონე ისევ მაღალია, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარებისა და უკვე საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, ამ ეტაპზე, მეტად გამკაცრება საჭიროდ არ ჩათვალა. ასევე გაითვალისწინა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობსა და ძირითად სასურსათო საქონელზე ფასების კლების ტენდენცია. მონეტარული პოლიტიკის საბჭოს მომდევნო სხდომა 26 ოქტომბერს გაიმართება და, სავარაუდოდ, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს ისევ არ გაზრდის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ერთ წელიწადში ფასები გლობალურად გაიზარდა და საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოში მეტად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელზე ოპერატიულ ინფორმაციას ვებსაიტი tradingeconomics-ი აქვეყნებს. დღეისათვის 178 ქვეყნის წლიური ინფლაციის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომელთა უმეტესობაზე 2022 წლის სექტემბრის ინფორმაციაა მოცემული, ხოლო დანარჩენზე წინა თვეების მდგომარეობით. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო სექტემბერში დაფიქსირებული წლიური 11.5%-იანი ინფლაციის დონით მსოფლიოში 64-ე ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად 63 ქვეყანაში გაიზარდა.
ინფლაციის დონით პირველ ადგილზე ზიმბაბვეა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში ფასები 280%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის ლიბანი 162%-ით და სირია 139%-ით.
ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, სექტემბრის მონაცემებით 83.5%-იანი ინფლაციაა და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. თურქეთში ინფლაციის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის – ლირის მნიშვნელოვანი გაუფასურება და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაა, რაც არასათანადო მონეტარულ პოლიტიკას განაპირობებს. ლირის კურსი დოლარის მიმართ 18.6-მდე გაიზარდა. რუსეთში წლიური ინფლაცია 13.7%-ია. აზერბაიჯანში წლიური ინფლაცია 15.6%-ია, სომხეთში კი 9.9%.
ინფლაციის დონით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ბარბადოსი (11.2%), ბელგია (11.3%) და კოლუმბია (11.4%) არიან.
ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია, ანუ ფასების საშუალო დონის შემცირება, მხოლოდ ბენინშია -0.3%. ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია ავღანეთშია – 1.6%. ასევე დაბალი ინფლაციაა ბოლივიაში (1.9%) და ჰონგ-კონგში (1.9%).
განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ლიეტუვაშია – 24.1%. შემდეგ მოდის ესტონეთი 23.7%-ით და ლატვია 22.2%-ით. ევროკავშირში წლიური ინფლაცია 10.1%-ია. ევროკავშირში ყველაზე დაბალი ინფლაცია საფრანგეთშია – 5.6%.
აშშ-ში სექტემბერში წლიური ინფლაცია 8.2%-მდე შემცირდა, აგვისტოში 8.3% იყო. გაერთიანებულ სამეფოში (დიდი ბრიტანეთი) წლიური ინფლაცია 10.1%-ია.
მსოფლიო დონეზე მაღალ ინფლაციას მნიშვნელოვანი საერთო საფუძველი აქვს – გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 4%-ით გაძვირდა. ბარელი ნავთობის ფასი მარტ-ივნისში ძირითადად 100 დოლარს ზემოთ იყო, თუმცა ივლისიდან 100 დოლარს ჩამოსცდა. ნავთობის გაძვირების მთავარი მიზეზი დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვაზე ემბარგოსაც მოიცავს. ოქტომბერში ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 78 დოლარამდე ჩამოვიდა, მაგრამ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ ფასი 90 დოლარამდე გაიზარდა.
ბოლო ერთ წელიწადში ბუნებრივი აირი 52%-ით გაძვირდა.
მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სურსათი. მათ შორის, ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიოში კარტოფილი საშუალოდ 36%-ით გაძვირდა, რძე – 22%-ით, ბრინჯი – 21%-ით, ყავა – 18%-ით და ხორბალი – 17%-ით.
ბარელი ნავთობის (Crude oil) საშუალო თვიური ფასი, აშშ დოლარი
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გლობალურად ფასების სწრაფად დასტაბილურება იყო მოსალოდნელი, რადგან მსოფლიო პანდემიის ეკონომიკაზე გავლენიდან გამოდიოდა. თუმცა ომმა და მისმა გავლენამ მსოფლიო ეკონომიკაზე ეს მოლოდინები შეცვალა, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო. დასავლეთის ქვეყნები მზად არიან, ენერგორესურსები და მნიშვნელოვანი პროდუქცია თანდათანობით ძვირად იყიდონ, ოღონდ რუსეთისგან არ შეიძინონ.
ინფლაციის შესაკავებლად აშშ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ 0.75% პუნქტით გაზარდა და ახლა 3.25%-ია. გამოწვევებიდან გამომდინარე, წლის ბოლომდე კიდევ ზრდაა მოსალოდნელი, 2023 წელს კი 4%-ს გადააჭარბებს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75% პუნქტით გაზარდა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც, რომელიც ბოლო 11 წელი განაკვეთს 0%-ის დონეზე ინარჩუნებდა, ახლა კი 1.25%-ია. მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი კიდევ გაზრდის განაკვეთს, სავარაუდოდ, 2%-მდე. განაკვეთების ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპს შეამცირებს, მაგრამ ფასების სტაბილურობას დაეხმარება. დიდ განვითარებულ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების ზრდა ამ ქვეყნებში მოთხოვნას, მათ შორის, ნავთობზე მოთხოვნასაც ამცირებს. მოთხოვნის კლება კი ინფლაციის შეჩერებას ეხმარება.
დატოვე კომენტარი