ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • ივლისი-აგვისტო

ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • ივლისი-აგვისტო

ინფლაციის პრობლემა მსოფლიოში უფრო და უფრო მწვავე ხდება. ქვეყნები ვერ ახერხებენ ფასების ზრდას თავი დააღწიონ. ბევრ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდული ინფლაცია უკვე დაფიქსირდა. Forbes Georgia ყოველთვიურად მიმოიხილავს ინფლაციის ტენდენციებს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რადგან საქართველოში საქონლისა და მომსახურების ფასებზე გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორ იცვლება ფასები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც საქართველოს იმპორტით შემოაქვს. მიმდინარე სტატია ივლისში და აგვისტოში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შეეხება.

2021 წლის დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ (12 თვის ინფლაცია) 13.9% შეადგინა. ფასების ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-ივლისში ინფლაციამ 8% შეადგინა, წლიური ინფლაცია (2021 წლის ივლისი 2022 წლის ივლისთან) კი 11.5%-ია.

ივნისში წლიური ინფლაცია 12.8% იყო. ივლისში ფასები (ივნისთან შედარებით) 0.2% გაიზარდა, თუმცა წლიური ინფლაცია 11.5%-მდე შემცირდა. ამის მიზეზი, ე.წ. საბაზისო ეფექტია. რადგან წლიური ინფლაცია ბოლო 12 თვეში დაფიქსირებულ ინფლაციის დონეს მოიცავს, წინა წლის ივლისში დაფიქსირებული ინფლაციის დონე (1.3%) გამოაკლდა.

წლიური ინფლაცია საქართველოში, ივლისი/ივლისთან

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ტრანსპორტი (მოიცავს საწვავის ფასსაც) გაძვირდა – 19.4%-ით. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 16.4%-ით გაძვირდა, ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები 13.3%-ით, სასტუმროები და რესტორნები 14.3%-ით.

თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლის და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 64%-ით სიმინდის ფქვილი გაძვირდა. შემდეგ პომიდორი მოდის, რომელიც 61.4%-ით გაძვირდა, ყურძენი – 57%-ით. დიზელის საწვავი 61%-ით გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად კომბოსტო გაიაფდა – 33%-ით, შემდეგ კიტრი მოდის, რომელიც 32%-ით გაიაფდა. წიწაკა – 28%-ით, ჭარხალი – 22%-ით, კარტოფილი კი 20%-ით გაიაფდა.

საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურებაგაძვირების %
სიმინდის ფქვილი64%
პომიდორი61%
დიზელის საწვავი61%
ყურძენი57%
საზამთრო48%
მარგარინი48%
ხახვი46%
მანდარინი45%
რძის შემცველი პროდუქტი38%
ხორბლის ფქვილი37%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ცალკე აღებულ ივლისის თვეში (ივლისის ფასები, რომ შევადაროთ ივნისის ფასებს) ყველაზე მეტად ლიმონი გაძვირდა – 23%-ით. შემდეგ მოდის თვითმფრინავით მგზავრობა 21%-ით. ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ 9%-ით გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ივლისში ყველაზე მეტად – 45%-ით საზამთრო გაიაფდა. 40%-ით გაიაფდა კომბოსტო, 37%-ით მწვანე წიწაკა, 35%-ით კარტოფილი. ჯამში, სურსათი 1.4%-ით გაიაფდა.

საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წლის ივლისში (ივნისთან შედარებით) ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურებაგაძვირების %
ლიმონი23%
თვითმფრინავით მგზავრობა21%
მანდარინი9%
ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ9%
საღეჭი რეზინი8%
გაზის საწვავი7%
ყავის ფინჯანი ლამბაქით7%
დიზელის საწვავი6%
არაჟანი6%
ხახვი6%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

3 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომა გამართა. სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 11%-ის დონეზე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფლაციის დონე ისევ მაღალია, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების და უკვე საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, ამ ეტაპზე, მეტად გამკაცრება საჭიროდ არ ჩათვალა. ასევე, გაითვალისწინა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობზე და ძირითად სასურსათო საქონელზე ფასების კლების ტენდენცია. მონეტარული პოლიტიკის საბჭოს მომდევნო სხდომა 14 სექტემბერს გაიმართება და სავარაუდოდ, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს ისევ არ გაზრდის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ერთ წელში ფასები გლობალურად გაიზარდა და საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოში მეტად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელზე ოპერატიულ ინფორმაციას ვებსაიტი tradingeconomics-ი აქვეყნებს. მას დღეისათვის 178 ქვეყნის წლიური ინფლაციის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც უმეტესობაზე 2022 წლის ივლისის ინფორმაციაა მოცემული, ხოლო დანარჩენზე წინა თვეების მდგომარეობით. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ივლისში დაფიქსირებული წლიური 11.5%-იანი ინფლაციის დონით მსოფლიოში მე-60 ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად 59 ქვეყანაში გაიზარდა.

ინფლაციის დონით პირველ ადგილზე ზიმბაბვეა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში ფასები 257%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის ლიბანი 210%-ით და ვენესუელა 167%-ით.

ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ მეზობელ ქვეყანაში თურქეთში ივნისის მონაცემებით 79.6%-იანი ინფლაციაა და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. თურქეთში ინფლაციის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის – ლირას მნიშვნელოვანი გაუფასურება და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაა, რაც არასათანადო მონეტარულ პოლიტიკას განაპირობებს. ლირას კურსი დოლარის მიმართ 18%-მდე გაიზარდა. რუსეთში წლიური ინფლაცია 15.1%-ია. სომხეთში წლიური ინფლაცია 9.3%-ია, აზერბაიჯანში კი 13.7%.

ინფლაციის დონით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ჯიბუტი (11.6%), საბერძნეთი (11.6%) და კოსტა-რიკა (11.5%) არიან.

ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია, ანუ ფასების საშუალო დონის შემცირება, მხოლოდ ბენინშია -2.6%. ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია ავღანეთშია – 1.6%. ასევე დაბალი ინფლაციაა ბოლივიაში (1.8%) და ჰონგ-კონგში (1.8%).

განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ესტონეთშია – 22.8%. შემდეგ მოდის ლიეტუვა 21.6%-ით და ლატვია 21.5%-ით. ევროკავშირში წლიური ინფლაცია 9.6%-ია. ევროკავშირში ყველაზე დაბალი ინფლაცია მალტაშია – 6.1%.

აშშ-ში ივლისში წლიური ინფლაცია 8.5%-მდე შემცირდა, ივნისში 9.1% იყო. გაერთიანებულ სამეფოში (დიდი ბრიტანეთი) წლიური ინფლაცია 9.4%-ია.

მსოფლიო დონეზე მაღალ ინფლაციას მნიშვნელოვანი საერთო საფუძველი აქვს – გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 29%-ით გაძვირდა. ბარელი ნავთობის ფასი მარტი-ივლისში ძირითადად 100 დოლარს ზემოთ იყო, თუმცა ივლისიდან 100 დოლარს ჩამოსცდა. ნავთობის გაძვირების მთავარი მიზეზი დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია, რომელიც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვაზე ემბარგოსაც მოიცავს.

ბოლო ერთ წელიწადში ბუნებრივი აირი 115%-ით გაძვირდა.

მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სურსათი. მათ შორის, ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიოში კარტოფილი საშუალოდ 56%-ით გაძვირდა, ბრინჯი – 26%-ით, რძე – 24%-ით, ყავა – 22%-ით, ზეთი – 13%-ით და ხორბალი – 3.3%-ით.

ბარელი ნავთობის (Crude oil) საშუალო თვიური ფასი, აშშ დოლარი

მონაცემთა წყარო: U.S. Energy Information Administration (EIA)

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გლობალურად ფასების სწრაფად დასტაბილურება იყო მოსალოდნელი, რადგან მსოფლიო პანდემიის ეკონომიკაზე გავლენიდან გამოდიოდა. თუმცა, ომმა და მისმა გავლენამ მსოფლიო ეკონომიკაზე ეს მოლოდინები შეცვალა, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო. დასავლეთის ქვეყნები მზად არიან თანდათანობით ენერგორესურსები და მნიშვნელოვანი პროდუქცია ძვირად იყიდონ, ოღონდ რუსეთისგან არ შეიძინონ.

ინფლაციის შესაკავებლად აშშ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ 0.75% პუნქტით გაზარდა და ახლა 2.25%-ია. გამოწვევებიდან გამომდინარე წლის ბოლომდე კიდევ ზრდაა მოსალოდნელი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც – 0.50% პუნქტით, რომელიც ბოლო 11 წელი განაკვეთს 0%-ის დონეზე ინარჩუნებდა. მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი კიდევ გაზრდის განაკვეთს, სავარაუდოდ, 2%-მდე. განაკვეთების ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპს შეამცირებს, მაგრამ ფასების სტაბილურობას დაეხმარება. დიდ განვითარებულ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების ზრდა ამ ქვეყნებში მოთხოვნას, მათ შორის, ნავთობზე მოთხოვნასაც ამცირებს. ნავთობზე მოთხოვნის კლება კი ამ უკანასკნელის ფასს ამცირებს, რაც ერთი მხრივ ინფლაციის შეჩერებას ეხმარება და ამასთან ერთად, რუსეთს ეკონომიკურად ასუსტებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *