ინფრასტრუქტურის არასწორი გაგება

ინფრასტრუქტურის არასწორი გაგება

სწრაფი ეკონომიკური ზრდა თითოეული ჩვენი სტატიის ამოსავალი წერტილია. ყველა ანალიზი და რეკომენდაცია, რომლებსაც მკითხველს ვთავაზობთ, სწორედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების არსებული ტემპების ზრდით არის ნაკარნახევი.

წინამდებარე სტატიაში საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებს განვიხილავთ. ინფრასტრუქტურა საინვესტიციო კლიმატის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. წარმოუდგენელია სწრაფი ეკონომიკური ზრდა განვითარებული და მდგრადი ინფრასტრუქტურის გარეშე. არ არსებობს ეკონომიკის სწრაფი განვითარების მოდელი, რომელიც თავის თავში არ მოიაზრებს განვითარებულ ინფრასტრუქტურას.

ახლო მომავალში საქართველომ რომც მიაღწიოს მიმზიდველი საგადასახადო გარემოს შექმნას, ეფექტიან სახელმწიფო ბიუროკრატიას, უზრუნველყოს კვალიფიციური და განათლებული სამუშაო ძალა და სტაბილური ვალუტა, ქვეყანა გრძელვადიანი და მასშტაბური საინვესტიციო პროექტებისათვის ვერ იქნება მიმზიდველი, თუ უზრუნველყოფილი არ იქნება საბაზისო ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურის განვითარების დონე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის შიგნით ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეს, ასევე ქვეყნის კონკურენტუნარიანობას სხვა ქვეყნებთან შედარებით.

სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურაზე საუბრისას ჩვენთან ხშირად მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა იგულისხმება. ეს, ცხადია, არ არის სწორი, რადგან ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს კომუნიკაციას, გაზით, ელექტროენერგიით, სასმელი და საწარმოო წყლით მომარაგების, საკანალიზაციო და ნარჩენების გადამუშავების სისტემებს.

ფაქტს, რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა არ არის, ერთი დიდი დადებითი მხარე აქვს. ერთ მოსახლეზე 4,500 აშშ დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტის პირობებში ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა ნარჩენების მართვისა და კანალიზაციის სისტემების თვალსაზრისით. ნარჩენებისა და კანალიზაციის არსებული სისტემები დიდ საფრთხეს შეიცავს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის, ასევე ნიადაგისა და ნიადაგქვეშა წყლებისათვის. კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის არსებული სისტემები ისეთ პატარა ეკონომიკასაც ვერ უძლებს, როგორიც ახლა გვაქვს; ქვეყნის ეკონომიკური განვითარება თავისთავად გულისხმობს მოხმარებისა და, შესაბამისად, ნარჩენების ზრდას. საქართველოს დღეს რომ ჰქონდეს 15,000 აშშ დოლარის მშპ ერთ მოსახლეზე, ჩვენი ქვეყანა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩაფლული იქნებოდა შიდა მეურნეობებისა და საწარმოო ნარჩენებში.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული 2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ინფრასტრუქტურა 137 ქვეყნიდან 69 ადგილზეა. განათლების, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კომპონენტებთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების დონე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია საქართველოს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს იმავე ინდექსის მიხედვით საქართველოს ინფრასტრუქტურა 59-ე ადგილზე იყო 144 ქვეყნიდან. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წელთან შედარებით 2018 წელს შეფასებული ქვეყნების რაოდენობამ შვიდით მოიკლო, ხოლო საქართველოს ინფრასტრუქტურის რეიტინგი ათით გაუარესდა, სურათი შემდეგია: ინფრასტრუქტურის მხრივ საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2013-2018 წლებში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბიუჯეტიდან დაიხარჯა 6.6 მილიარდი ლარი. 2019 წლის ბიუჯეტით კი გათვალისწინებული იყო 2 მილიარდის დახარჯვა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. ინფრასტრუქტურისათვის საბიუჯეტო თანხების ხარჯვისა და ეფექტის თვალსაზრისით გვაქვს განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროში არსებული სიტუაციის მსგავსი სურათი: საბიუჯეტო თანხების გამოყოფა და ხარჯვა ყოველწლიურად იზრდება, ქვეყნის ეკონომიკისა და ბიუჯეტის მასშტაბთან მიმართებით კოლოსალური თანხები იხარჯება, თუმცა გარღვევას, ხელშესახებ პროგრესსა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვერც ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მივაღწიეთ.

კორუფცია, ცხადია, პირველ პრობლემად მოიაზრება, როდესაც ვსაუბრობთ ასეთი დიდი მასშტაბის თანხების ხარჯვასა და ეფექტის დეფიციტზე. კორუფციისა და მისი რისკების აღმოფხვრას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება და მოქმედება. თუ ეს ორივე კომპონენტი არსებობს, კორუფციის აღმოფხვრა ხდება გეგმაზომიერად, თანამიმდევრულად და ეფექტიანად. თუ რომელიმე ეს კომპონენტი არ არსებობს, მაშინ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი და დისკუსია ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. სწორედ ამიტომ არ გვსურს, შევჩერდეთ კორუფციის პრობლემაზე როგორც ჩვენს ამ სტატიაში, ასევე სხვა სტატიებში, რადგან მიგვაჩნია, რომ კორუფცია ყველაზე მარტივად მოსაგვარებელი საკითხია. კორუფციასთან ბრძოლა დიდი ინტელექტუალური გამოწვევა არ არის, ეს ნების საკითხია.

გაცილებით გამომწვევი საკითხია სახელმწიფო ბიუროკრატიის არაეფექტიანობა, ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმის არარსებობა და პროექტების განხორციელების არაეფექტიანობა.

2018 წელს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმა იყო 1.8 მილიარდი ლარი. წლის ბოლოს, დეკემბერში, მოხდა ბიუჯეტის კორექტირება, ის შემცირდა 230 მილიონი ლარით და განისაზღვრა 1.6 მილიარდი ლარით. ცხადია, რომ ბიუჯეტის შემცირების მიზეზი იყო სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ხარჯვითი გეგმის შესრულება. სამინისტროს ეს კორექტირებული გეგმა 104%-ით შესრულდა, თუმცა საინტერესოა ის, რომ იანვარ-ნოემბერში ბიუჯეტიდან ათვისებულ იქნა 1 მილიარდი ლარი, ხოლო 600 მილიონი ლარის (მთელი წლის ბიუჯეტის 40%) გახარჯვა მოხდა ბოლო თვეს – დეკემბერში. ცხადია, რომ წლის ბოლოს, ერთ თვეში ამოდენა თანხის ხარჯვის მიზანი იყო ბიუჯეტის ხარჯვის გეგმის ფორმალური შესრულება და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს თანხები ავანსად იქნა გადახდილი კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის შერჩეული კომპანიებისთვის.

ბიუჯეტის არათანამიმდევრული ხარჯვა, წლის ბოლოს ლარის მასის ხელოვნური ზრდა, ცხადია, ერთი მხრივ, დამატებით ზეწოლას ახდენს ლარის გაცვლით კურსზე და, მეორე მხრივ, მიუთითებს ინფრასტრუქტურული პროექტების არაორგანიზებულ და არაეფექტიან განხორციელებაზე.

აქ იკვეთება ორი პრობლემა: პირველი, არა გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი და შეთანხმებული გეგმა. ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის განვითარების ისეთ გეგმაზე, რომელიც მთავრობის შემადგენლობისა და პოლიტიკური ძალების ცვლილებებზე არ იქნება დამოკიდებული. ამის კარგი მაგალითია თბილისში შემოვლითი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. ამ პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა ცალსახად დასაბუთებული იყო. მის განსახორციელებლად აღებულ იქნა ფინანსური ვალდებულებები.

თუმცა მთავრობის ცვლილების შემდეგ პროექტი შეჩერდა. ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა მოითხოვს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს, მის შემუშავებაში კონკრეტული მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ჩართულნი უნდა იყვნენ როგორც ოპოციზიის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების დაინტერესებული ნაწილი და სფეროს სპეციალისტები.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არსებობდეს დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ქვეყნის ინფრასტრუქტურის თითოეული შემადგენელი კომპონენტის (გზები, სასმელი და საირიგაციო წყლები, გაზი, ელექტროენერგია, კომუნიკაცია) ეტაპობრივი განვითარების გეგმა ქვეყნის თითოეული რეგიონის, ქალაქისა თუ დაბის მიხედვით.

კონკრეტულ რეგიონებსა და ქალაქებში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად, საკმარისი არ არის ინფრასტრუქტურის რომელიმე ერთი მიმართულების განვითარება, მაგალითად, საგზაო ინფრა- სტრუქტურის მოწყობა. რეგიონი/ ქალაქი/ დაბა ვერ გახდება საინვესტიციოდ მიმზიდველი, თუ უზრუნველყოფილი არ იქნება ინფრასტრუქტურის ყველა მიმართულება: გზები, გაზი, ელექტროენერგია, წყალი და კომუნიკაცია. თუ რომელიმე ერთი კომპონენტი, თუნდაც ერთი, არ არის უზრუნველყოფილი, მაშინ კონკრეტული რეგიონი თუ ქალაქი ინვესტიციისათვის მიმზიდველ კლიმატს ვერ შექმნის. ინფრასტრუქტურის განვითარება სწორედ ამ კუთხით არის ყველაზე მეტად გამომწვევი, ის მოითხოვს მისი ყველა კომპონენტის ერთდროულად უზრუნველყოფას.

საქსტატის ბოლო მონაცემების მიხედვით, 2017 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ზე მეტი თბილისზე მოდის. ამ ფაქტს ორი ახსნა აქვს: 1. პროდუქციისა და მომსახურების გასაღების ძირითადი ბაზარი კონცენტრირებულია თბილისში და, შესაბამისად, მიმზიდველია ბიზნესაქტივობისა და ინვესტიციებისათვის და 2. თბილისი და მისი შემოგარენი ყველაზე უკეთ არის უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტით: გზებით, გაზით, წყლითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და კომუნიკაციები. როგორ წარმოგვიდგენია, მაგალითად, ქუთაისი ან თელავი იყოს მიმზიდველი საინვესტიციო ლოკაცია, სადაც დღესაც წყლის მიწოდება გრაფიკით ხდება და გრაფიკით მიწოდებული წყლის ხარისხიც პრობლემატურია. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც კონკრეტული რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარება იგეგმება, ის უნდა შეიცავდეს ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტში განსახორციელებელი პროექტების გეგმას.

„ჩირინას“ მაგალითზე შეგვიძლია ამ მიმართულებით გაგიზიაროთ გამოცდილება. გარდაბნის რაიონი უზრუნველყოფილია საქალაქთაშორისო გზებით. თუმცა რეგიონში „ჩირინას“ ინდუსტრიული წარმოების დასაწყებად საწარმოო მაღალი წნევის გაზის, საირიგაციო წყლების, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიისა და შიდა გზების საბაზისო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. არც ერთი ინფრასტრუქტურული კომპონენტი, რომელიც კონკრეტულ რეგიონს საინვესტიციოდ მიმზიდველს უნდა ხდიდეს, არ იყო ადგილზე. შესაბამისად, საბაზისო ინფრასტრუქტურის – შიდა გზების, მაღალი წნევის გაზისა და მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის მიწოდების არხებისა და საირიგაციო სისტემების შექმნა კერძო კაპიტალის ინვესტირების მეშვეობით მოხდა. თუ, მაგალითად, „ჩირინა“ გამოიყენებდა გაზის მიწოდების არსებულ არხებს, ეს საგარეჯოს მთელი რეგიონის მოსახლეობას, ფაქტობრივად, გაზის გარეშე დატოვებდა. სწორედ ამიტომ აუცილებელი გახდა გაზის მიწოდების ალტერნატიული არხის შექმნა. იგივე სიტუაცია იყო მაღალი ძაბვის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის კუთხით. როგორც წესი, ამ ტიპის ინვესტიციებს კერძო ინვესტორები ძალიან იშვიათად აკეთებენ, რადგან ასეთი ინვესტიციები სწორედ რომ სახელმწიფოს მიერ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, რათა მიმზიდველი გახადოს კერძო ინვესტიციის დაბანდება კონკრეტულ რეგიონში.

ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება ერთი შეხედვით შეიძლება ძალიან კომპლექსურად მოგვეჩვენოს. სინამდვილეში, საქართველოს მოსახლეობის, გეოგრაფიისა და ეკონომიკის მასშტაბების, ასევე უმეტეს რეგიონებში საბაზისო ინფრასტრუქტურის არარსებობის გათვალისწინებით, ასეთი გეგმის შემუშავება და შეთანხმება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს ბევრი ქვეყნის წარმატებული გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ყოვლისმომცველი ინფრასტრუქტურის თანამიმდევრული, ხარისხიანი და ეფექტიანი განხორციელება.

მეორე პრობლემა მდგომარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის ძალიან არაეფექტიან სახელმწიფო ბიუროკრატიაში. ფაქტები და ციფრები ცხადად გვიჩვენებენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ბიუროკრატიის რგოლებში უმძიმესი პრობლემებია, კონკრეტული პროექტების ტექნიკური და ფინანსური დამუშავებითა და დაგეგმარებით დაწყებული, შესყიდვების ორგანიზებითა და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგით დამთავრებული. აქ, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან: პროექტებისათვის ფინანსური რესურსი ბიუჯეტიდან გამოყოფილია, პროექტები არის, მაგრამ საქმე მაინც ვერ კეთდება. ამას მოხერხება უნდა.

ინფრასტრუქტურის განვითარებას აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე ტერიტორიული და სოციალური ინტეგრირების, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი დატვირთვა. ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმა და ინდივიდუალური ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურება ამ მიზანთაგან ერთ-ერთს ან რამდენიმეს ერთდროულად. თუმცა აქ ვაწყდებით იმ რთულ საკითხს, რომელსაც პრიორიტეტი ჰქვია. პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული მიმართულებებისა და პროექტების განსაზღვრა თავის თავში გულისხმობს გარკვეულ მიმართულებებსა და პროექტებზე უარის თქმას. თუ ყველაფერი პრიორიტეტია და მეტ-ნაკლებად ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ პარალელურ რეჟიმში, ეს ნიშნავს, რომ პრიორიტეტები არ არსებობს.

ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებისა და განხორციელებისას პრიორიტეტული უნდა იყოს ეკონომიკურად მიზანშეწონილი პროექტების განხორციელება. უპირველეს ყოვლისა, უნდა განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომელთა ეკონომიკური მიზანშეწონილობა მკაფიოდ არის დასაბუთებული. სოფლებისა და დაბების დამაკავშირებელ გზებზე ძვირად ღირებული ბეტონის საფარის დაგება, ცხადია, ეკონომიკურად მიზანშეწონილად ვერ ჩაითვლება. მაღალმთიან სოფლებში ბუნებრივი აირის მიწოდების ისეთი ინფრასტრუქტურის განხორციელება, რომლის მხოლოდ მეათედი შეიძლება იყოს დატვირთული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ვერ იქნება. გზის ინფრასტრუქტურა არ ნიშნავს იმას, რომ ყველგან ძვირად ღირებული ბეტონის გზა დაიგოს; ინფრასტრუქტურის სოციალური მიზნების მისაღწევად აბსოლუტურად საკმარისია ისეთი გზის დაგება, რომელიც უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

სწრაფი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა, რომლის უზრუნველყოფა წარმოუდგენელია განვითარებული ინფრასტრუქტურის გარეშე. აუცილებელია გვესმოდეს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება არ გულისხმობს მხოლოდ საგზაო პროექტების ან სხვა ცალკეული კომპონენტის განხორციელებას. ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტის – გზა, წყალი, გაზი, ელექტროენერგია, ირიგაცია, კანალიზაცია და ნარჩენების მართვა – გააზრება და მათი ერთდროული განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონკრეტულ რეგიონში მიმზიდველი, სრულფასოვანი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.

———————–

“Forbes საქართველო” განაგრძობს რევაზ ვაშაკიძისა და ავთანდილ გოგოლის სტატიების საავტორო სვეტს.

რევაზ ვაშაკიძის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად საქართველოში შეიქმნა უნიკალური, ვერტიკალურად ინტეგრირებული, კავკასიაში ყველაზე მსხვილი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქათმის ხორცპროდუქტების ინდუსტრიული წარმოება. “ჩირინას” პროდუქტები იყიდება “ბიუ-ბიუს“ ბრენდით როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, მესამე კვარტალიდან ექსპორტი დაიწყება სომხეთში. “ჩირინას” კაპიტალში განხორციელებული ინვესტიცია აღემატება 100 მილიონ აშშ დოლარს. გარდა ამისა, რევაზ ვაშაკიძეს აქვს ინვესტირებისა და კომპანიების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ავთანდილ გოგოლი არის კომპანია Capital Locusის დამფუძნებელი, რომელიც მსხვილ კერძო კომპანიებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებასა და ინსტიტუციონალური ინვესტორებისაგან კაპიტალისა და სესხის მოზიდვის სერვისს. დაფუძნებიდან ორი წლის განმავლობაში კომპანიამ მსხვილი კერძო ბიზნესებისათვის საქართველოსა და სომხეთში მოიზიდა 30 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი უცხოური ინსტიტუციონალური ფინანსური ორგანიზაციებიდან. სტატიების სერიაში ავტორები წარმოგვიდგენენ სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორების კრიტიკულ შეფასებას. ეს შეფასებები, ერთი მხრივ, ეყრდნობა ინვესტორის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების, მოზიდვისა და მართვის პრაქტიკულ, რეალურ გამოცდილებას, მეორე მხრივ კი შემოთავაზებულია ის კონკრეტული რეფორმები და ცვლილებები, რომელთა განხორციელება პირდაპირ და, რაც მთავარია, მოკლე დროში პოვებს ასახვას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, მოახდენს გარღვევას ეკონომიკური ზრდის ტემპებში და უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპების შენარჩუნებას ხანგრძლივ პერიოდში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *