გერმანიის მთავრობასა და Intel-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, ამერიკული კომპანია ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ მაგდებურგში, ჩიპების საწარმოო ქარხანას ააშენებს. ინვესტიციის მოცულობა 30 მილიარდ ევროს ($32.8 მილიარდი) აღემატება. მხარეებს შორის შეთანხმება გერმანიის მხრიდან საჭირო ინვესტიციის მესამედის დაფარვის შემდეგ შედგა.
გარიგებამდე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი პატ გელსინგერი ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ. ამერიკულმა გიგანტმა მაგდებურგში ნახევარგამტარების ორი საწარმოო ობიექტისთვის მიწა ჯერ კიდევ ნოემბერში შეიძინა. პირველი ქარხანა წარმოებას სავარაუდოდ მომავალ ოთხ-ხუთ წელიწადში დაიწყებს.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრისა და ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის შეფასებით, Intel-თან შეთანხმება გერმანიისთვის ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რომელიც ქვეყანაში უცხოური კომპანიის მიერ განხორციელებულა და ევროპაში, ამერიკული გიგანტის წარმოების მნიშვნელოვან გაფართოებას უსვამს ხაზს.
ამჟამად, ჩიპების საწარმოო ქარხნის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ევროკომისიის თანხმობა სჭირდება. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ პროექტის ანტიმონოპოლიურ კანონთან თავსებადობა უნდა შეამოწმოს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Intel-მა ჩიპების საწარმოო ობიექტების მშენებლობა პოლონეთსა და ირლანდიაშიც დააანონსა. შოლცის შეფასებით, გერმანიაში ჩიპების წარმოების გაძლიერება იმპორტსა და მიწოდების გლობალურ ჯაჭვზე ქვეყნის დამოკიდებულებას შეამცირებს.