გლობალურ ბაზარზე არსებული სირთულეების მიუხედავად, Intel-მა კომპანიის ისტორიაში საუკეთესო კვარტალური და წლიური საშემოსავლო შედეგი დააფიქსირა: 2021 წლის ბოლო სამ თვეში კომპანიამ $19.5 მილიარდი მიიღო, ხოლო მთელი წლის განმავლობაში – $74.7 მილიარდი. მიუხედავად შემოსავლის რეკორდული ზრდისა, კომპანიის მოგების მაჩვენებელი წლიდან წლამდე 5%-ით შემცირდა და $19.9 მილიარდი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი დარტყმა Intel-მა ლეპტოპების სექტორისგან მიიღო, რადგან ჩიპების არარსებობის გამო, კომპანია ვერ ყიდის იმდენ კომპიუტერს, რამდენიც სურს, რომ გაყიდოს – შემოსავლის კლება 16%-ს უტოლდება. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაიზარდა ამ პროდუქტების მოგების მარჟა, რადგან ლეპტოპების შემადგენელი კომპონენტების საშუალო გასაყიდმა ფასმა წლის განმავლობაში 14%-ით იმატა.
ლეპტოპების წარუმატებლობის პარალელურად, გასული კვარტალი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა Intel-ის დატა-ცენტრების ბიზნესისთვის, რომლის შემოსავალი 20%-ით გაიზარდა და $7.3 მილიარდი შეადგინა. ასევე იმატა Intel-ის შედარებით მცირე ზომის ბიზნესების შემოვალმა: Intel-ის ნივთების ინტერნეტის ბიზნესის გაყიდვებმა, წლიდან წლამდე, 36%-ით იმატა, ხოლო თვითმართვად საავტომობილო ტექნოლოგიაზე მომუშავე კომპანიის, Mobileye-ის შემოსავალი 7%-ით გაიზარდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ს სხვაგვარადაც საინტერესო წელი აქვს: კომპანია წარმოებას აფართოებს და ოჰაიოს შტატის ქალაქ ნიუ-ალბანიში, ოთხასზე მეტი ჰექტარის ფართობის მქონე ტერიტორიაზე, $20-მილიარდიანი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელშიც 3000 ადამიანი დასაქმდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქარხნის აშენება წელს დაიწყება, ხოლო პირველ მიკროჩიპებს ის 2025 წელს გამოუშვებს.
დატოვე კომენტარი