ინტელექტი ტექნოლოგიებში და ბიზნესსერვისების უწყვეტობა

ინტელექტი ტექნოლოგიებში და ბიზნესსერვისების უწყვეტობა

ჯაბა შელიას და გიორგი ალთუნაშვილის მიერ 2015 წელს დაფუძნებული კომპანია „ჯი-თი ჯგუფი“ დღეს IT ინდუსტრიის ძლიერი მოთამაშეა. ახლა ის მსოფლიოს 50-მდე მაღალტექნოლოგიური მწარმებლის პარტნიორია, მისი კლიენტთა სია კი სხვადასხვა სფეროს 200-ზე მეტ წარმატებულ ორგანიზაციას მოიცავს.

„ჯი-თი ჯგუფი“ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრატორია. დამფუძნებლების თქმით, კომპანია სისტემებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ციფრული და ადამიანური ინტელექტის ერთობლიობაა, რომელიც ნებისმიერ ინდუსტრიულ საჭიროებებზე მორგებული ინფორმაციული ტექნოლოგიების დასანერგად და სამართავად არის მიმართული.

ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯაბა შელია 18 წელია, IT-სფეროში საქმიანობს. იურიდიული და ეკონომიკური განათლება აქვს, თუმცა ინფორმაციული ტექნოლოგიები მისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა. მუშაობა სფეროს ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო. როგორც ჰყვება, სწორედ ეს დაეხმარა, სტრუქტურულად დაენახა ყველა რგოლის მნიშვნელობა, წარმატებით გასძღოლოდა სხვადასხვა IT-კომპანიის კომერციული დეპარტამენტის საქმიანობას, შემდეგ კი თავადაც შეექმნა ბიზნესი.

„ინფორმაციული ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად მზარდი და პროგრესირებადი სფეროა და თუ წარმატება გსურს, შენც მუდმივად უნდა განვითარდე, – ამბობს ჯაბა შელია. – ცხადია, კონკურენტულ ბაზარზე გვიწევდა შესვლა, ჩვენი პირველი ნაბიჯები ამბიციურიც იყო, თუმცა ნაფიქრი და გააზრებული. მე და გიორგი ალთუნაშვილს ერთი მიზანი გვქონდა: გვყოლოდა ძლიერი, პროფესიონალი, სანდრო გუნდი და ასე მოგვეპოვებინა უპირატესობა”.

ჯაბას ბიზნესპარტიორი, გიორგი ალთუნაშვილი კი IT-სფერომდე საფეხბურთო კარიერით იყო დაკავებული. უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში მოღვაწეობის შემდეგ 2010 წელს გიორგი საქართველოში დაბრუნდა და მალევე ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესდა.

„იმ დროისთვის ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მზარდმა მოთხოვნამ მიბიძგა, ყურადღება ამ მიმართულებისთვის დამეთმო. დავაფუძნე ტექნოლოგიური სტარტაპი New Age Technology, რომელმაც რამდენიმე წელი წარმატებით იმუშავა”, – გვიყვება გიორგი. 2015 წელს კი მან და ჯაბამ ცოდნა, გამოცდილება და ინტერესები ერთ კომპანიაში – „ჯი-თი ჯგუფში“ – გააერთიანეს.

კომპანია თავდაპირველად პერიფერიულ ინფრასტრუქტურაზე იყო ორიენტირებული. ამას ეტაპობრივად დაემატა Data Storage-ი და სასერვერო ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია, ქსელი, ღრუბლოვანი სისტემები და ჰოსპიტალიტის გადაწყვეტილებები.

ჯაბა შელია | ფოტო: ნიკა ფანიაშვილი / Forbes Georgia

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან „ჯი-თი ჯგუფის“ ძირითად ფოკუსში კიბერუსაფრთხოება მოექცა. ამ პერიოდში ლოკდაუნის გამო ადამიანების დიდი ნაწილის ცხოვრების სტილი მეტად გახდა ინტერნეტზე დამოკიდებული. გაიზარდა უსაფრთხო დისტანციური კავშირების აუცილებლობა.

„კვლევაც კი არ დაგვჭირდა, ისე გვითხრა ბაზარმა, რა მიმართულებისკენ უნდა მიგვემართა რესურსები. კლიენტი ორგანიზაციებისთვის კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების უმაღლესი სტანდარტებით დანერგვა გახდა ჩვენი მთავარი ამოცანა, – ამბობს გიორგი ალთუნაშვილი. – დავიწყეთ კადრების გადამზადება, რაშიც ჩვენი პარტნიორი ვენდორების ტექნოლოგიური ექსპერტები აქტიურად ამოგვიდგნენ მხარში. ახლა უკვე კომპანიის შიგნით გვყავს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები“.

მისივე თქმით, „ჯი-თი ჯგუფს“ თავად აქვს ინტეგრირებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 27001 და ჰყავს შიდა აუდიტორები კლიენტებისთვის IT-ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციის მართვის მექანიზმების შესაფასებლად. „დღეს კომპანიებს ათობით ტექნოლოგიურ სერვისს ვთავაზობთ, მათ შორის არის კიბერუსაფრთხოების მართვის ცენტრი, როგორც სერვისი (SOC as a service), Building Management Systems-ისა და CCTV-is ინტეგრაცია”, – ამბობს გიორგი.

„ჯი-თი ჯგუფის“ კლიენტების სია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა ინდუსტრიის კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო სექტორში ფუნქციონირებად ორგანიზაციებს მოიცავს. კომპანია მათ ბიზნესსერვისებზე მორგებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს აწვდის და უზრუნველყოფს სერვისს არა მხოლოდ პროექტის ფარგლებში, არამედ პროექტის დასრულების შემდეგაც, რაც ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.

ერთ-ერთი კლიენტი ნავთობის მსხვილი იმპორტიორი კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიაა“.

2021 წელს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ კიბერსაფრთხეების აღმოჩენისა და პრევენციის მიზნით ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერება დასჭირდა. საჭიროება უმეტესწილად ახალმა სამთავრობო რეგულაციებმა განაპირობა – სხვადასხვა კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისთვის დადგინდა ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები, „სოკარ ჯორჯია გაზს“, რომელიც „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიაა, მესამე კატეგორიის სუბიექტის სტატუსი მიენიჭა, შესაბამისად, კომპანიისთვის ზოგად ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან ერთად საჭირო გახდა ქსელის სიღრმისეული ხილვადობის მიღება.

გიორგი ალთუნაშვილი | ფოტო: ნიკა ფანიაშვილი / Forbes Georgia

ტექნოლოგიური გადაწყვეტისთვის კომპანიამ „ჯი-თი ჯგუფს“ მიმართა. მომხმარებლებისა და მოწყობილობების მონიტორინგისთვის „ჯი-თიმ“ „სოკარში“ ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მწარმოებლის, Fortinet-ის Secure SD-Branch-ი დანერგა. ეს უსაფრთხოების სერვისების ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომპლექტია, რომელიც კიბერსაფრთხეს რეალურ დროში აიდენტიფიცირებს და აღმოფხვრის.

„შედეგად, დღეს კომპანიას აქვს ფართო მასშტაბის, ინტეგრირებული და ავტომატიზებული ინსტრუმენტები ქსელის უსაფრთხოებისთვის, – გვიყვება ლევან იაშვილი, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ ინფორმაციული სისტემების განვითარებისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი. – Fortinet-ის Secure SD-Branch-ი უზრუნველყოფს საიმედოობას კიბერშეტევის ცენტრალიზებული კონტროლისა და ფილიალის მთელი არეალის ხილვადობის მეშვეობით. ჩვენი კომპანიისა და ჩვენთან დაკავშირებული ყველა სტეიკჰოლდერის ციფრული ინფორმაცია არის დაცული, ხოლო კომპანიის ბიზნესსერვისები შეუფერხებლად მუშაობს”.

ლევანის თქმით, „სოკარმა“ „ჯი-თი ჯგუფს“ კომპანიის წარმომადგენლებს მათი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გამო მიმართა. Fortinet Secure SD-Branch-ის ინტეგრაციასთან ერთად კომპანიამ „ჯი-თი ჯგუფს“ ქსელის სრულად განახლების სამუშაოებიც მიანდო. ’ჯი-თი ჯგუფმა’ პროექტი განსაზღვრულ ვადებში დაასრულა. მივიღეთ უსაფრთხო და დაცული ქსელი და, რაც მთავარია, ის ახალ პლატფორმაზე ბიზნესპროცესების მუშაობის შეფერხების გარეშე გადავრთეთ”, – ამბობს ლევან იაშვილი.

ლევან იაშვილი | ფოტო: ნიკა ფანიაშვილი / Forbes Georgia

„ჯი-თი ჯგუფმა“ „სოკარის“ საჭიროებები სწრაფად და ეფექტიანად პროფესიონალების გუნდის მეშვეობით უზრუნველყო. კომპანია სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე დასაწყისიდანვე ზრუნავს. ამიტომ, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, თანამშრომლების გადამზადება და სერტიფიცირება უწყვეტი პროცესია. „ეს მათთვის მოტივაციაცაა. ჩვენ ვამაყობთ მათი მიღწევებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ, თავად როგორ არ იშურებენ ენერგიას სხვადასხვა ვენდორის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად”, – ამბობს ჯაბა შელია.

მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად „ჯი-თი ჯგუფს“ კონკურენტებისგან მოთხოვნის მიმართ მოქნილობა და სანდოობა გამოარჩევს. „დღეს მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლისთვის ‘ჯი-თი ჯგუფი’ სანდო პარტნიორია”, – დასძენს ჯაბა.

გიორგი ალთუნაშვილი კი ხაზს მაღალ ინტელექტუალურ რესურსს უსვამს. „პროფესიონალი გუნდი გვყავს. მუდმივად ვითარდებიან, ინოვაციებს ისრუტავენ… იცნობენ მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს და ფეხდაფეხ მისდევენ მათ. ამიტომაც ჯერ არ დამდგარა მათ წინაშე ამოუხსნელი ამოცანა და პარტნიორ ორგანიზაციებს მათი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის აქვთ”, – ამბობს გიორგი.

„ჯი-თი ჯგუფს“, საკუთარი თანაშრომლების გარდა, მათი კლიენტი კომპანიების თანამშრომლებისთვისაც უწევს სწავლება. ეს საქართველოს, როგორც პატარა ბაზრის, სირთულეც არის და უპირატესობაც. ჯაბა შელია ამბობს, რომ სწავლება კომპანიებში ტექნიკური გადაწყვეტების დანერგვის პარალელურად ხდება. პარტნიორობის განმავლობაში „ჯი-თი ჯგუფის“ ექსპერტები კლიენტ ორგანიზაციებს უზიარებენ გამოცდილებას, ცოდნას და აცნობენ მსოფლიო ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობებს.

ჯაბა შელიას შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ტექნოლოგიური განვითარება მეტწილად IT-ინტეგრატორზეა დამოკიდებული. „მწარმოებლები ქმნიან გადაწყვეტებს მსოფლიო გამოწვევების საპასუხოდ, ჩვენ მოგვაქვს ეს გადაწყვეტები ქართულ ბაზარზე და ვნერგავთ მათ. შედეგად კი ვავითარებთ არაერთი ორგანიზაციის ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. ეს საამაყო და სასიამოვნოა. ჩვენი გუნდი უზარმაზარ პასუხისმგებლობას გრძნობს კლიენტი ორგანიზაციების ITდეპარტამენტების წინაშე და მაქსიმალურად ორიენტიერებულია მათ მოთხოვნებზე“, – ამბობს ჯაბა.

„ჯი-თი ჯგუფის“ მიზნები ნებისმიერი ინდუსტრიის ბიზნესის სერვისების ტექნოლოგიურად უზრუნველყოფასა და მათზე ზუსტად მორგებული მექანიზმების შექმნას უკავშირდება.

ამასთან ერთად, კომპანია ქვეყნის გარეთ გასვლასაც გეგმავს. დამფუძნებლები გუნდთან ერთად შვილობილი კომპანიის ახალ სერვისზე მუშაობენ, რომელიც მალე GT Cloud-ის სახელით ესტონეთის ტექნოლოგიურ ბაზარზე გავა. „GT Cloud-ი მხარდაჭერას გაუწევს ისეთ კომპანიებს, რომელთა IT-ინფრასტრუქტურა ღრუბლოვან სერვისებს ეფუძნება. გაშვების შემდეგ აღნიშნული სერვისი საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი და დაინტერესებული მომხმარებლები მის გამოწერას ჩვენი პლატფორმიდან შეძლებენ”, – ამბობენ გიორგი ალთუნაშვილი და ჯაბა შელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *