წყლის კრიზისის დროს ე.წ. „საგნების ინტერნეტი“ თეორიიდან დასავლეთის პოტენციურ მხსნელად იქცევა.
რიჩარდ მარტინესი ნიადაგს გულისყურით აკვირდება. იგი კალიფორნიის ქალაქ ოქსნარდში დაარსებული ორგანულ-სამეურნეო კომპანიის Deardorff Family Farms-ის მენეჯერია. ადრე მარტინესი ნიახურის ნათესებს შორის დადიოდა, პეშვს მიწით ივსებდა და ხელებს შორის ხახუნით გამოსცრიდა ხოლმე, რათა გაეგო, მიწა სათანადოდ ტენიანი თუ იყო. დღეს ის უბრალოდ iPhone-ს იყენებს. ტექნოლოგიების დახმარებით მარტინესს საკუთარი წვლილი შეაქვს წყლის მოხმარების შემცირებაში. ეს საქმე, რომელშიც იგი მარტო არ არის, ემსახურება გარემოს განადგურებასთან ბრძოლას ამერიკის უდიდესი ეკონომიკის შტატში.
კალიფორნია შტატის ისტორიაში ყველაზე უარეს გვალვას განიცდის – მთელი ტბები, მდინარეები და წყალსაცავები ამოშრობის პირასაა. კალიფორნიის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა, შტატში წყლის მოხმარების 25%-ით შემცირება მოითხოვა. ინსპექტორები ველად გაიჭრნენ. ისინი ამ ლიმიტის გადამეტებისთვის დღეში $1000-იან, ხოლო რვა ლიტრით ზედმეტის მოხმარებისთვის $2500-იან ჯარიმებს წერენ.
მართალია, კალიფორნიელებს ეს მდგომარეობა არ ახარებთ, მაგრამ გვალვა ოქროს საბადოა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც „საგნების ინტერნეტის“ მიმართულებით იწყებენ მუშაობას. „საგნების ინტერნეტი“ – ამ მოდური ტერმინით აღნიშნავენ მექანიზმებს, რომლებიც ფიზიკური სამყაროს მონაცემებს ინტერნეტში განათავსებს მომდევნო ანალიზისა თუ ოპერაციისთვის. მეტი სენსორის „დათესვა“ ათასობით ფერმას, ბიზნესსა და ქალაქს დაეხმარება იმის დადგენაში, თუ სად იხარჯება წყალი და როგორ არის შესაძლებელი მისი უფრო ეფექტიანად გამოყენება. სოფლის მეურნეობა ყველაზე მომწიფებული სფეროა მეტი, უფრო მაღალი ხარისხის მონაცემის შესაგროვებლად. Public Policy Institute of California-ს კვლევით, შტატში გამოყენებული წყლის 80% ფერმერებზე მოდის.
„ამჟამად წყალთან მხოლოდ საკმაოდ პრიმიტიული ტექნოლოგიებია დაკავშირებული“, – ამბობს დევიდ სედლაკი, კალიფორნიის უნივერსიტეტთან არსებული Berkley Water Center-ის დირექტორი და ავტორი წიგნისა „წყალი 4.0: მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რესურსის წარსული, აწმყო და მომავალი“. შესაძლოა, ტექნოლოგია არ წარმოადგენს დასავლეთში გავრცელებული წყლის კრიზისის წამალს, თუმცა იგი ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია გვალვის შედეგებთან საბრძოლველად.
Hortau
1937 წლის შემდეგ Deardorff Family Farms-ი რიჩარდ მარტინესის ოჯახის საკუთრებაა. იგი ეწევა ორგანული სალათის ფოთლების, ხუჭუჭა კომბოსტოსა და ისეთი წყლის მოყვარული ნარგავების კულტივაციას, როგორიცაა თითქმის 142 ჰექტარზე გაშენებული ნიახური. ორმა გასულმა გვალვამ მოსავალს ზიანი მიაყენა. წელს უარესია. მარტინესს ასეთი რთული მდგომარეობა არც ახსოვს. მან წყლის მოხმარება მკაცრ ჩარჩოში უნდა მოაქციოს და, შესაბამისად, გამოთვალოს, როგორ შეამციროს მორწყვა ისე, რომ ნარგავები არ გახმეს.
2013 წელს მარტინესმა თავისი პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ნიადაგის სენსორები შეიძინა, თუმცა გვალვის მოლოდინში, შარშან, მან კიდევ შვიდი ასეთი მექანიზმი დაამონტაჟა თავის მიწაზე. აგრეთვე კალიფორნიული კომპანიის, Hortau-ს წარმოების მილები ერთმანეთში მონაცემთა მიმომცვლელი სენსორებითაა აღჭურვილი. ისინი ზომავენ ისეთ ცვლადებს, როგორიცაა ტემპერატურა, ტენიანობა, ჟანგბადი, წვიმის ინტენსივობა და მზის რადიაცია. Hortau-ს მოწყობილობა ზომავს ნიადაგის უნარს, შეინარჩუნოს სისველე. ეს უმნიშვნელოვანესია იმის დასადგენად, თუ რამდენი წყალია საჭირო ნარგავის სასიცოცხლოდ. „შეგიძლია შეამცირო წყლის მოხმარება, მაგრამ თუ მეტისმეტი მოგივა, ორი დღის შემდეგ მოსავალი აღარ დაგხვდება“, – ამბობს მარტინესი. Hortau-ს განცხადებით, ფერმერები, რომლებიც ამ სისტემას იყენებენ, წყალს 20-30%-ით ზოგავენ. სენსორის ხარჯები წელიწადში ნახევარ აკრზე $10-დან $50-მდე მერყეობს. ფასს ნარგავის ნაირსახეობა განაპირობებს. კომპანიის ზრდა დაფუძნებიდან პირველი რამდენიმე წელი ნელი იყო, მაგრამ 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქსელის მოდემები ისე გაიაფდა, რომ თითოეული სენსორის აღჭურვის შესაძლებლობას იძლეოდა, Hortau-ს ზრდამ წელიწადში საშუალოდ 50%-ს გადააჭარბა. კომპანიის გაყიდვების 80% კალიფორნიაზე მოდის.
WATERSMART
სახლებისა და წვრილი ბიზნესის მესაკუთრეებისთვის, წყლის ყოველკვარტალური გადასახადი საიდუმლოების ბურუსში გახვეული ამოცანაა. ხან ზევით მიდის, ხან ქვევით და ამას ვერაფერს მოუხერხებთ. WaterSmart-ი ცდილობს წყლის მოხმარების დემისტიფიკაციას, რათა ხალხმა დაზოგვა შეძლოს. სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპი აგროვებს ინფორმაციას კლიენტის ქცევაზე და შეათავსებს მას უამრავ სხვა ისეთ მონაცემთან, როგორიცაა სახლის ასაკი, კლიმატი, სულადობა. სტარტაპი საათში 700-ზე მეტ მონაცემს გადაამუშავებს, რათა მომხმარებელს კომუნალური საქმეების გაძღოლაში დაეხმაროს, აჩვენოს გაჟონვა და დაადგინოს, რომელი სახლი თუ სამეზობლო მოიხმარს ყველაზე მეტ წყალს. WaterSmart-ი მოქმედებს როგორც Opower-ი, რომელიც „ელექტროენერგიის გადასახადით შერცხვენის“ ოსტატია. იგი სახლისა და ბიზნესის მფლობელებს პერსონალიზებულ ანგარიშს უგზავნის, რომელიც აჩვენებს, რამდენ წყალს იყენებენ ისინი სხვებთან შედარებით. WaterSmart-ი კლიენტების სმარტფონებთანაც სინქრონიზებულია – გაჟონვის ან ამა თუ იმ დღეს ბაღის მორწყვის ნებართვის შემთხვევაში, მათ მესიჯი ეგზავნებათ. WaterSmart-ი წელიწადში საშუალოდ 5%-იან ეკონომიას აკეთებს.
WaterSmart-ი ბევრ მონაცემს ძველი გამზომების საშუალებით მოიპოვებს, მაგრამ „ჭკვიანი გამზომები“ (უსადენო მოდემებით) უკვე ფართო მოხმარებაში შემოდის. ჭკვიანი გამზომები 2013 წელს 18%-ს შეადგენდა აშშ-ში და, კვლევითი კომპანია HIS-ის პროგნოზით, 2020 წლამდე ამ მაჩვენებლის 29%-მდე გაზრდა იგეგმება. „რაც მეტი, კარგად დამარცვლული მონაცემია, მით უკეთესი“, – ამბობს WaterSmart-ის აღმასრულებელი დირექტორი რობინ გილტროპი.
WELLNTEL
როდესაც ადამიანებს გამოელევათ წყალი მიწის ზედაპირზე, ისინი იწყებენ მის ძებნას სიღრმეში. კალიფორნიის საერთო მოხმარებიდან 30-35% გრუნტის წყალზე მოდის. გვალვების დროს ეს მაჩვენებელი შეიძლება 60%-მდეც გაიზარდოს. პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რამდენი წყალია ქვევით.
ტრადიციულად, ჭაბურღილში წყლის დონე სპეციალური ზონდის ჩაშვებით იზომებოდა, რომელიც სისველის სინჯს იღებდა. მონაცემების აღება მხოლოდ 6 თვეში ერთხელ შეიძლება. მილუოკიში დაფუძნებულმა Wellntel-მა შექმნა წყალქვეშა ნავების სონარის მსგავსი აპარატურა, რომელიც ჭის ზედაპირიდან სიღრმეში ხმოვან სიგნალს გზავნის. თითოეულ ბგერას უნიკალური მახასიათებლები აქვს, რითაც ეს აპარატურა სხვებისგან გამოირჩევა. შედეგად, მონაცემები სასურველი სიხშირით შეიძლება შეგროვდეს. მთელი ეს მონაცემები ქლაუდ-სერვერში იყრის თავს, რათა ჭის ინტერიერის დეტალური, ცოცხალი რუკა შეიქმნას. ადამიანებს, რომლებიც მართავენ ჭებს, ეს მონაცემები წყლის დონის გასაკონტროლებლად სჭირდებათ. ჭის ზედმეტად გადავსება პრობლემებს ქმნის.
„გრუნტის წყლებზე ისევე უნდა ვიფიქროთ, როგორც ბანკის ანგარიშებზე, – ამბობს Wellntel-ის თანადამფუძნებელი ნიკოლა ჰაიესი, – ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ხალხს, რომელიც დამოკიდებულია ბალანსზე“. Wellntel-ი კალიფორნიის ქალაქ ტემპლტონში, გასული წლინახევრის განმავლობაში, საპილოტე ვერსიებით ოპერირებდა. ახლა იგი საბოლოო ვერსიებს უგზავნის კალიფორნიის ჭების ასობით ოპერატორს.
HYDROPOINT DATA SYSTEM
კალიფორნიის ქალაქებში არსებული მთელი ამ დიდი მინდვრების, გოლფის მოედნებისა და სასტუმროს ეზოების მწვანედ შენახვა წყლის დიდ მარაგს მოითხოვს. ურბანული წყლის 60% გარე ირიგაციაზე იხარჯება. მაგრამ მორწყვის სისტემები, როგორც წესი, პრიმიტიული მოწყობილობებია, რომლებიც ტაიმერებით მუშაობენ. HydroPoint Data System-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კრის სპეინი მათ შესახებ ამბობს: „ეს ანალოგური მოწყობილობების სისულელის მშვენიერ მაგალითად გამოდგება. ისინი რესურსების მიმართ ბრმები არიან. მათ არ აინტერესებთ რესურსის ჭკვიანურად დახარჯვა“.
კალიფორნიის ქალაქ პელუმაში დაფუძნებული HydroPoint-ი სარწყავებს ინტერნეტთან მიაერთებს, რათა დარწმუნდეს, რომ გაზონებისთვის ტონობით წყალი ტყუილად არ იხარჯება. მისი სისტემა გადაამუშავებს მონაცემებს მზის გამოსხივების, ტემპერატურის, ქარისა და ტენიანობის შესახებ. ამ მონაცემებს იგი ქვეყნის ყველა მეტეოროლოგიური სადგურიდან იღებს (8 მილიონი მონაცემი დღეში), რათა თვალყური მიადევნოს ატმოსფეროში წყლის აორთქლების პროცესს. თუ აორთქლება ნელია, სარწყავების დიდი სიხშირითა და ხანგრძლივი დროით ჩართვას ერიდებიან. HydroPoint-ი სარწყავი მოწყობილობებისთვის მიზნობრივ ციკლს შეიმუშავებს და ამისთვის იგი აორთქლების მაჩვენებელს ისეთ 13 სხვა პარამეტრს შეუფარდებს, როგორიცაა სარწყავის ტიპი, ჩრდილი, ფერდობის დაქანება, ნიადაგის ნაირსახეობა, ფესვის სიღრმე… HydroPoint-ის სარწყავები აგრეთვე შეიცავენ ნაკადის სენსორებს, რათა უფრო ზუსტად აღირიცხოს მოქმედება. HydroPoint-ის სისტემა წყლის გადასახადის საშუალოდ 30%-ს ზოგავს. HydroPoint-ის სამიზნე აუდიტორია მასშტაბური სარწყავი ფართობების მფლობელი მსხვილი კლიენტურაა. მისი ბიზნესის ნახევარი კალიფორნიაშია განთავსებული. „როდესაც წყალი იაფი და ბევრი იყო, ადამიანებს დიდად არ ადარდებდათ ეკონომია, – ამბობს სპეინი. – წყლის სიიაფე ჩვენთვის დიდი დაბრკოლება იყო, თუმცა უკვე აღარ არის“.
დატოვე კომენტარი