ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა, ამერიკულმა Intuit-მა მარკეტინგული პლატფორმა Mailchip-ი $12 მილიარდად შეიძინა, რითაც მცირე ბიზნესებზე ორიენტირებული ორი პლატფორმა გაერთიანდა. ამ დრომდე, საკუთარ მომხმარებლებს Intuit-ი საბუღალტრო პროგრამებს, QuickBooks-სა და Credit Karma-ს სთავაზობდა.
აღსანიშნავია, რომ ამ გარიგების შედეგად ოფიციალური გახდა ინფორმაცია, რომელიც Forbes Georgia-მ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაავრცელა.
საკუთარ პორტფელში Mailchimp-ის დამატებით, Intuit-ი კრიზისიდან ამოსულ მცირე ბიზნესებს კიდევ უფრო დაეხმარება – ბოლო დროს ეს კომპანიის კაპიტალიზაციის მთავარ წყაროდ იქცა. აღსანიშნავია, რომ ეს გარიგება კომპანიის ისტორიაში ყველაზე მსხვილია – ამ დრომდე Intuit-ის ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია შარშან განხორციელდა, როცა კომპანიამ Credit Karma $7.1 მილიარდად შეიძინა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ გარიგებაში მნიშვნელოვანი წვლილი Mailchimp-ისა და Intuit-ის დამაარსებლების კეთილმეგობრულმა ურთიერთობამ შეიტანა. საინტერესოა ისიც, რომ Mailchimp-ის თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიის წილს არ ფლობდნენ, ანაზღაურებას სამომავლოდ Intuit-ის ერთობლივი კომპანიის აქციებითაც გადაუხდიან. „ჩვენი აზრით, ყველა თანამშრომელი მეწილე უნდა იყოს“, – აღნიშნა Intuit-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სასან გუდარზიმ.
Mailchimp-ი მცირე ბიზნესებზე ორიენტირებული ციფრული მარკეტინგის პლატფორმაა, რომელიც ელექტრონული ფოსტით მარკეტინგის გარდა, სოციალურ რეკლამებსა და ავტომატიზებულ პროდუქტებზე მუშაობს. ამას გარდა, Mailchimp-ის დახმარებით მომხმარებლების დინამიკის შესწავლა, დომენების ყიდვა, საიტების აწყობა და სოციალური მედიის მენეჯმენტი შეგიძლიათ. 2019 წელს კომპანიას 700 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი ჰქონდა, ხოლო 2020 წელს 300 მილიონი აშშ დოლარის მოგება. აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯერ კიდევ 2001 წელს დაარსდა.
Intuit-ი სკოტ კუკმა და ტომ პროულმა 1983 წელს დაარსეს, ხოლო ათი წლის შემდეგ NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე გაიყვანეს. კომპანია აწარმოებს ბუღალტრულ და საფინანსო პროგრამებს როგორც მცირე ბიზნესებისთვის, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის.
დატოვე კომენტარი