ინვესტორთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინაიდან ჩინეთი მსოფლიო ბაზრის ანგარიშგასაწევ ნაწილს იკავებს. 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიო მშპ-ის 18.34 პროცენტს სწორედ ჩინეთის მშპ შეადგენდა. მიუხედავად ამისა, დასავლელ ინვესტორებს შორის ჯერ კიდევ არსებობს არასწორი მოსაზრებები ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ასპექტებზე.
გავლენა გლობალური ეკონომიკის ზრდაზე
მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკის ზრდის დაახლოებით ⅓-ს განაპირობებდა, რაც აშშ-ის, ევროპისა და იაპონიის საერთო ეკონომიკურ ზრდასაც კი აღემატება. პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისის გამო, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდაზე თითქმის მთლიანად ჩინეთი იყო პასუხისმგებელი. მიუხედავად ამისა, ჩინეთი ამერიკელი ინვესტორების პორტფელის მხოლოდ 3%-ს შეადგენს.
მდგრადი განვითარება
მრეწველობაზე დამოკიდებული ეკონომიკიდან ჩინეთი, განვითარებული ქვეყნების მსგავსად, სერვისებზე დაფუძნებულ ეკონომიკას ქმნის. ბოლო 9 წლის განმავლობაში სერვისები და მოხმარება ჩინეთის მშპ-ის იმაზე მეტ ნაწილს შეადგენდა, ვიდრე მრეწველობა და მშენებლობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის სერვისების სექტორი ინვესტორებს აშშ-ის ბაზრის მსგავს შესაძლებლობებს სთავაზობს.
ანტრეპრენიორული გარემო
ინვესტორთათვის მოულოდნელია ის ფაქტიც, რომ ჩინეთში კერძო კომპანიების რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი. ჩინეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ბოლო მონაცემებით, ქალაქებში მომუშავეთა თითქმის 90% მცირე კერძო ბიზნესებსა და ანტრეპრენიორულ ფირმებშია დასაქმებული. 2019 წლის მონაცემების მიხედვით კი, რეგისტრირებული კაპიტალის კერძო მფლობელთა წილი 69%-ს შეადგენდა, როდესაც 2000 წელს იგივე მაჩვენებელი 52% იყო.
მოხმარების ზრდა
ამავდროულად, ჩინეთის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ანტრეპრენიორული კერძო კომპანიების ზრდამ დადებითად იმოქმედა მოხმარებაზე. 2009-2019 წლებში მოხმარების წლიური მაჩვენებლის ზრდამ 8.5% შეადგინა, როდესაც აშშ-ში იგივე მაჩვენებელი 1.9%-ს უტოლდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში მოხმარების აღმავალი ტრენდი გაამწვავა ბოლო ათი წლის განმავლობაში შემოსავლის ზრდამაც.
ჩინეთის გავლენა ამერიკის შეერთებულ შტატებზე
ბოლოდროინდელი კვლევით მტკიცდება, რომ მოკლევადიანი წნეხის მიუხედავად, ჩინეთთან თანამშრომლობა გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად იმოქმედებს სამრეწველო ინდუსტრიაზე და შესაბამისად აშშ-ის ეკონომიკაზეც, ვინაიდან ჩინეთთან ვაჭრობა წარმოების ხარჯების შემცირების შესაძლებლობას ქმნის.
საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკებისა, ჩინეთის ეკონომიკის განვითარების სწრაფი ტემპები და შესაძლებლობების ფართო სპექტრი ინვესტორთათვის მიმზიდველ გარემოს ნამდვილად ქმნის.
დატოვე კომენტარი