საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) უკრაინაში მიმდინარე ომის ერთი წლის თავთან დაკავშირებით ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
„2023 წლის 24 თებერვალს ერთი წელი სრულდება, რაც რუსეთი ბელარუსის მხარდაჭერით უკრაინაში შეიჭრა: სასტიკი ომის, ადამიანთა ტანჯვის, მკვლელობებისა და განადგურების ერთი წელი. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს ამ სასტიკ ომში, რომელთა ტკივილი და ტანჯვა წარმოუდგენელია. ამ მძიმე ერთი წლის თავზე, ოლიმპიური მოძრაობა უერთდება მშვიდობისაკენ მოწოდებებს და მზადაა, თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარების ნებისმიერ მცდელობაში“, – ვკითხულობთ IOC-ის მიერ გავრცელებული განცხადების საწყის მონაკვეთში.
განცხადების საშუალებით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საზოგადოებას ოკუპანტი ქვეყნისა და მისი მხარდამჭერი სახელმწიფოს მიმართ დაწესებული სანქციები შეახსენა, რაც რუსეთსა და ბელარუსში სპორტული ღონისძიებების გაუქმებაში, ამ ქვეყნების წარმომადგენელი სპორტსმენებისთვის ეროვნული სიმბოლოებით ასპარეზობის აკრძალვასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე მთავრობის ან სახელმწიფო მოხელეების არდაშვებაში გამოიხატა. ეს სანქციები 2022 წლის თებერვალშივე ამოქმედდა და ხელახლა დამტკიცდა ბოლო ოლიმპიურ სამიტზე გასული წლის 9 დეკემბერს. კომიტეტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობა მთავრობის პირებსა და სახელმწიფო მოხელეებს ეკისრებათ.
ამის პარალელურად, IOC-მა განცხადებაში ყურადღება გაამახვილა უკრაინელი სპორტსმენების მიმართ გაწეულ დახმარებასა და მათ ხელშეწყობაზე. მათ შორის, უკრაინის სოლიდარობის ფონდის გასამმაგებაზე. კომიტეტის ინფორმაციით, IOC-ის სოლიდარობის ფონდის დახმარებით უკვე დაახლოებით 3000-მა სპორტსმენმა ისარგებლა.
ამის შემდეგ კი IOC-ი სპორტის სფეროში დღეისათვის ყველაზე აქტუალურ საკითხს, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებას, ირიბად შეეხო: „ოლიმპიურ თამაშებს არ შეუძლია თავიდან აიცილოს ომები და კონფლიქტები. მას არ შეუძლია გაუმკლავდეს ჩვენს სამყაროში არსებულ ყველა პოლიტიკურ და სოციალურ გამოწვევას. ეს არის პოლიტიკის სფერო. მაგრამ ოლიმპიურ თამაშებს შეუძლია მაგალითი მისცეს სამყაროს, სადაც ყველა პატივს სცემს ერთსა და იმავე წესებს და ერთმანეთს. მას შეუძლია, შთააგონოს პრობლემების გადაჭრა ხიდების აგებით, რაც გამოიწვევს ადამიანთა შორის უკეთეს ურთიერთგაგებას. მას შეუძლია გაუღოს კარი დიალოგსა და მშვიდობის დამყარებას, გარიყვისა და განხეთქილების გარეშე“.
IOC-ის თქმით, ის რჩება ოლიმპიური თამაშების მისიის ერთგული, რაც მთელი მსოფლიოს მშვიდობიან კონკურენციაში გაერთიანებას გულისხმობს. კომიტეტს მაგალითად ღონისძიებაში ერთმანეთთან დაძაბულობის მქონე ქვეყნებიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეიდან, ისრაელიდან და პალესტინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სპორტსმენების თანამონაწილეობა მოჰყავს.
აღნიშნული განცხადებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მთელ პასუხისმგებლობას კვლავ რუსეთისა და ბელარუსის მთავრობას აკისრებს და ამ ქვეყნების სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებში დამოუკიდებელი ოლიმპიელების სტატუსით მონაწილეობას უჭერს მხარს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს 35-მა ქვეყანამ IOC-ს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს სახელმწიფოები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას არ ეთანხმებიან და კომიტეტისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგიერთი ქვეყანა ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებასაც გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ IOC-ისთვის წარდგენილი წერილის ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის ვერ ვხედავთ საქართველოს. ქვეყნის წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებიათ.
დატოვე კომენტარი