სამხრეთ აფრიკის ფართოდ გადაჭიმული და ცათამბჯენებით დამშვენებული ეს უმსხვილესი ქალაქი ელვისებური სისწრაფით იქცა მსოფლიოს დედაქალაქად, სადაც მალე უძრავი ქონების ფლობა ძალზე პრესტიჟული გახდება.
იოჰანესბურგი სწორედ ის არის, რის შესახებაც დედა ყოველთვის გაფრთხილებდათ: პირსინგი, ტატუირება, ხმამაღალი სიცილი, ბევრი სმა და მოწევა. თუკი სხვა ქალაქები თავიანთი დახვეწილი ხიბლით ცდილობენ თქვენს მიზიდვას, იოზი (ასე უწოდებენ იოჰანესბურგს შემოკლებით) პირდაპირ ნოკაუტში გაგდებთ. მას შემდეგ რაც ორი შვებულება გავატარე სამხრეთ აფრიკაში, მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ბარგი ჩამელაგებინა და ატლანტის გარეუბნიდან კეიპტაუნში გადავსულიყავი საცხოვრებლად. თავდაპირველად ვგეგმავდი, რომ სამხრეთისაკენ გზად იოჰანესბურგში შემევლო, მაგრამ აგერ 21 წელი გავიდა და მე ისევ აქ ვარ. ალბათ იოზიმ სასმელში რაღაც ჩამიყარა, როცა სხვაგან ვიყურებოდი. აბა, სხვა რა ახსნა აქვს იმას, რომ მე ასე შემიყვარდა ეს უზნეო, ველური ქალაქი, რომელსაც ასეთი ცუდი რეპუტაცია აქვს? მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც ეს დაემართა. 1886 წელს მისი დაარსებიდან მოყოლებული, ამ ქალაქმა მოაჯადოვა და მიიზიდა მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან.
იოჰანესბურგის დაარსება უკავშირდება მოულოდნელ და სრულიად დაუგეგმავ ოქროს ციებ-ცხელებას იქ, სადაც სასმელად ვარგისი წყალი ასობით მილის მოშორებით იყო. ამ ქალაქის ქვეშ მდებარეობს მსოფლიოს უმსხვილესი ოქროს საბადო, სადაც 300კმ-ის რადიუსში 40,000 ტონაზე მეტი ოქრო მოიპოვება, რაც დედამიწაზე მოპოვებული ოქროს ნახევარს უტოლდება.
ათასობით თავგადასავლებისა და ბედის მაძიებელი, თაღლითი, ვაჭარი, ბიუროკრატი, სასულიერო პირი და მეძავი ჩავიდა ამ ქალაქში ოქროს აკვნის დასარწევად. ახალი სამყაროს სხვა ქალაქებისაგან განსხვავებით, რომელთა უნიკალური თვისებები საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა, იოჰანესბურგის არაორდინარული ოჯახის ყველა წევრი – მაღალი და დაბალი ფენის წარმომადგენლები, კრიმინალები და პოლიციელები, ქრისტიანები, ებრაელები, მუსულმანები და აგნოსტიკოსები – ერთ დღეს ჩავიდა ამ ქალაქში.
დაარსებიდან მოყოლებული, იოჰანესბურგი ყოველთვის იყო ემიგრანტების ქალაქი. ჩემი ნახევრად იტალიური და ნახევრად ხორვატული წარმომავლობის წყალობით მშვენივრად მოვერგე აქაურობას. ქალაქის ჩრდილოეთ შემოგარენში ძირითადად პირველი თაობის თეთრკანიანი ემიგრანტები ცხოვრობენ, მათ შორის: ბერძნები, ებრაელები, პორტუგალიელები და ლიბანელები. მათი რიცხვი გაცილებით აღემატება ჰოლანდიური და გერმანული წარმოშობის აფროემიგრანტებს. 1994 წელს სამხრეთ აფრიკაში დემოკრატიის აღზევებას, იუგოსლავიის სამოქალაქო ომსა და ბერლინის კედლის ნგრევას მოჰყვა მეორე თაობის ემიგრანტთა ნაკადი, რომლებიც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან, ჩინეთიდან, ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან, ტაილანდიდან და აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ. ეს არის უნიკალური ნაზავი ემიგრანტებისა, რომლებმაც თავი მოიყარეს ამ კონტინენტზე. თითქმის ერთ ღამეში, ყოფილი ებრაული გარეუბნის სირილდენის ადგილას აღმოცენდა ახალი ე.წ. ჩაინიზ-ტაუნი, იოჰანესბურგის ტრადიციულად იტალიური ქუჩა სახელად “ორინჯ გროუვი” კი პატარა ნიგერიად იქცა.
თუ გსურთ, ქალაქის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების სრული სპექტრი იხილოთ, გირჩევთ ავტომობილით გაისეირნოთ ჩრდილოეთით M1-ის ავტოსტრადაზე. ქალაქის გასასვლელში ქედის მარჯვენა მხარეს მოჩანს იესო ქრისტეს სახელობის მორმონების ეკლესიის თაღი, რომელსაც მოჰყვება Houghton Masjid-ის მეჩეთი, წმინდა იერონიმეს სახელობის ხორვატული კათოლიკური ეკლესია, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია Pantanassa, სინაგოგა Great Park-ი, ლიბანის მარონიტების კათოლიკური ეკლესია და თურქული მეჩეთი – და ეს ყველაფერი ერთმანეთისგან 15 წუთის სავალზე მდებარეობს.
იოჰანესბურგის დაარსება ძალიან მოკლე დროში მოხდა და კიდევ უფრო ნაკლები დრო დასჭირდა მის განვითარებას. ქოხებს შორის საცალფეხო გზები ჯერ საცხენოსნო ბილიკებად, შემდეგ გზებად და ბოლოს მაგისტრალებად გადაიქცა. ქალაქის დაგეგმარება არსებობდა, მაგრამ პრაქტიკული მიკროლოგიკა ყოველთვის უფრო დომინირებდა, ვიდრე ძირითადი მაკროდაგეგმარება. “საუკუნეზე ნაკლებ დროში იოჰანესბურგის ცენტრს ოთხჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია”, – ამბობს იოჰანესბურგის 33 წლის მკვიდრი, მოდურად ჩაცმული და თავაზიანი არქიტექტორი ბრაიან მაკკენი. მართალია, ბრაიანი ქალაქის გარეუბანში ცხოვრობს, მაგრამ მას თვალი მომავალზე უჭირავს და ქალაქის ცენტრში ისტორიულ Ansteys-ის შენობაში ბინაც კი შეიძინა. “განვითარების პირველ ეტაპზე იყო თუნუქის ქოხები და კარვები, შემდეგ ტრანსვაალის რესპუბლიკის ტიპის დასახლებები, მოგვიანებით ბრიტანეთის იმპერიის სტილი და კიდევ უფრო მოგვიანებით – არტ-დეკო. ბოლო ეტაპი იყო ომის შემდგომი ცათამბჯენების ბუმი. ქალაქის ცენტრში დღესაც დგას კარგად შემონახული 1970-იანი წლების შენობები, რომლებიც მას უნიკალურ იერს მატებს”, – ამბობს ბრაიანი.
ქალაქი სწრაფად ფართოვდებოდა ყველა მიმართულებით, რგოლისებურად. ამბობენ, რომ განვითარების სისწრაფის თვალსაზრისით იოჰანესბურგისათვის 10 წელი იგივეა, რაც ნახევარი საუკუნე – სხვა ქალაქებისათვის. ოდესღაც მოდური გარეუბნები უბრალოდ ჩამოწერილ იქნა, როგორც მოზარდი გოგონას მობეზრებული ტანისამოსი. ყოველი ათწლეულის მიწურულს ქალაქი კიდევ უფრო ფართოვდება. ამჟამად ქალაქის ფარგლებში მოქცეული ფართობი აღემატება ლოს- ანჯელესის ფართობს. ამ ერთი შეხედვით გადაჭარბებულ ზრდას ანეიტრალებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე თავმოყრილი ათობით სოფლის ტიპის დასახლება.
ამ ადგილას აშკარად ამერიკული ატმოსფერო სუფევს. მაგრამ სცენარის ზედმიწევნით კოპირების ნაცვლად, იოჰანესბურგმა იმპროვიზება არჩია – მან ნიუ-იორკის ტვინი და ლოს-ანჯელესის სხეული მოირგო. კალიფორნიის მსგავსად იოჰანესბურგიც მუდმივად იზრდება. აქ უხვადაა სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კვარტალები, გარეუბნები, ბიზნესცენტრები, პალმის ხეები, შთამბეჭდავი მაგისტრალები და სწრაფი სარკინიგზო სისტემები. ამავდროულად ნიუ-იორკის მსგავსად აქ ჯერ კიდევ სუფევს ძველი ინდუსტრიის ატმოსფერო.
არცთუ დიდი ხნის წინ იდუსტრიული წარმოების მტვერი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო იოჰანესბურგის ცენტრში, სადაც უძრავ ქონებაზე ფასებმა ელვისებურად აიწია მას შემდეგ, რაც მსხვილმა ბიზნესწარმოებამ ქალაქის ჩრდილოეთ შემოგარენში გადაინაცვლა. “2000 წელს უძრავ ქონებაზე ფასმა მინიმალურ ზღვარს მიაღწია, – ამბობს იოჰანესბურგის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შერონ ლუისი. – ამის შემდეგ სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, აქტიურად ჩარეულიყო ინფრასტრუქტურის განახლებასა და განვითარებაში. ამავდროულად, ჩვენ შუამავლის როლს ვასრულებდით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში”. იოჰანესბურგის განვითარების სააგენტომ ასევე დაიწყო ქალაქის ახალი ღირსშესანიშნავი ნაგებობების დაპროექტება, მათ შორის არის: ნელსონ მანდელას ხიდი (მშენებლობა 2003 წელს დასრულდა), კონსტიტუციის გორა და ნიუტაუნი (მშენებლობა 2001 წლიდან მიმდინარეობს) და ამით რეინვესტირების შესაძლებლობა მისცა დეველოპერ ინვესტორებს.
დეველოპერებისათვის თანასწორი შესაძლებლობების მინიჭების პოლიტიკამ გაამართლა. შორსმჭვრეტელმა ახალგაზრდა დეველოპერებმა მალევე აღმოაჩინეს პერსპექტიული თავისუფალი მიტოვებული ადგილები ქალაქის ცენტრში. ჯონათან ლიბმანმა ქალაქის აღმოსავლეთით სამრეწველო დასახლების ადგილას ააშენა მოდური საცხოვრებელ-სამუშაო-გასართობი რაიონი Maboneng-ი. ადამ ლევი კი ბრაამფონტეინის რაიონის რეკონსტრუქციას შეუდგა. თვალის დახამხამებაში აქ გაჩნდა გალერეები, კაფეები, ცნობილი ბრენდების ბუტიკები, სტუდიები და რესტორნები. იოჰანესბურგის მკვიდრნი განთქმული არიან თავიანთი ცინიზმით, მაგრამ ამ სიახლეებით ყველაზე პრეტენზიულებიც კი მოიხიბლნენ.
2010 წელს დავიწყე მუშაობა სიუჟეტზე, რომელიც ეხებოდა ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქციას. მუშაობის პროცესში შევხვდი დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც South Point-ი ააშენეს. აღნიშნულმა კომპანიამ 1950 წელს აშენებული საოფისე ნაგებობების ადგილას წამოჭიმა საცხოვრებელი კომპლექსი 5,000 სტუდენტისათვის. უეცრად მეც შემეყარა ურბანული განვითარების სენი და რამდენიმე თვეში ამ კომპანიაში მუშაობა დავიწყე. მე ვაგრძელებ მუშაობას სიუჟეტზე, მაგრამ ამჯერად – აგურითა და კირხსნარით. ეს სიუჟეტი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. 2010 წელს ბრაამფონტეინის რაიონში მხოლოდ ორი კაფე იყო, სადაც კაპუჩინოს ყიდვა შეიძლებოდა; ახლა აქ შვიდი კაფე-ბარია, მათ შორის ორი ყავის სახლი და ეს ყველაფერი ერთ კვარტალშია თავმოყრილი. კაფე-ბარები მუდამ სავსეა ხალხით, რადგან ამ რაიონს სულ უფრო მეტი საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაცია, შემოქმედებითი ინდუსტრიები და მაღაზიები უბრუნდებიან.
“ქალაქის დაარსების შემდეგ პირველად იოჰანესბურგის მცხოვრებლები უბრუნდებიან ქალაქის იმ უბნებს, რომლებიც წინათ მიტოვებული იყო და ამით ცდილობენ თავი დააღწიონ ე.წ. სავაჭრო ცენტრებით გადაღლის სინდრომს, – ამბობს მაკ-კენი. – იოჰანესბურგის გარეუბნის ნებისმიერი 40 წლამდე ასაკის მკვიდრი, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრში გაიზარდა. იოჰანესბურგი ყოველთვის იყო სამანქანო ქალაქი. არსებობს მთელი თაობა, რომელსაც არასოდეს გადაუკვეთია ოთხზოლიანი ქუჩა ფეხით და არ იცის მანქანებს შორის პარკირება. 1970-იან წლებში გახსნილი პირველი სავაჭრო მეგაცენტრები ჩვენი მშობლებისათვის საინტერესო და ახალი ხილი იყო. ეს იყო სამხრეთ აფრიკის ისტორიაში დიდი არეულობისა და მღელვარების პერიოდი და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სავაჭრო ცენტრებში ჩვენი მშობლები შეგრძნებას. მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი განსხვავებულად არის. ჩვენთვის დიდი სავაჭრო ცენტრები უინტერესო და აბსოლუტურად იდენტური გახლავთ. ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში თქვენ იხილავთ უამრავ არქიტექტურულ ნაგებობას, რომელთა მიღმაც არის ყალბი ისტორია და რეალობის უარყოფა. აქ არის ადგილები, სადაც თავი უნდა იგრძნოთ როგორც ძველ ევროპაში, სინამდვილეში კი იქ მხოლოდ ექვსი თვე დაჰყავით. მომავალზე ორიენტირებული ახალგაზრდები უფრო და უფრო აფასებენ ქალაქის ცენტრს და ეძებენ ჭეშმარიტ, სიყალბისაგან თავისუფალ გამოცდილებას, არქიტექტურასა და უბნებს.
ახლა გარეუბნების მცხოვრებლები ყოველ უქმე დღეებში ქალაქის ცენტრში მდებარე სურსათის ბაზრობებზე ჩამოდიან პროდუქტის საყიდლად: შაბათობით ბრაამფონტეინის სასურსათო ბაზარში, Neighbourgoods Market-ში, სტუმრობენ, ხოლო კვირაობით მაბონენგის რაიონში მდებარე Market On Main- ში. იოჰანესბურგის მკვიდრმა ბევრმა ახალგაზრდამ სწორედ ამ ბაზრობებზე გასინჯა პირველად ქუჩის ცხოვრების გემო კლიმატ-კონტროლის გარეშე. ცვლილებათა ტემპი ამ ქალაქში წარმოუდგენლად სწრაფია. ცვლილებათა პირველი ტალღა იყო ახალგაზრდებში პირსინგისა და ტატუირების კულტურა, რასაც მალევე მოჰყვა იტალიური ეტლებით ბავშვების გამსეირნებელი, მოდის მიმდევარი მშობლების მეორე ტალღა და ასევე კამერაგადაკიდებული ვიზიტორები პროვინციებიდან და ქალაქის შემოგარენიდან. მოდის მიმდევრები და ბებოები ერთმანეთის გვერდით სხედან მაბონენგის უბანში მდებარე კაფე Eat Your Heart Out-ში და შეექცევიან ებრაულ წასახემსს. კედელზე იოჰანესბურგის დიდი ზომის რუკა არის გაკრული, სადაც ქუჩის სახელწოდებები ებრაულად არის მითითებული. ქალაქის მეორე მხარეს, კერძოდ ბრაამფონტეინში, ორი წლის წინ Puma-მ გახსნა თავისი პირველი ფლაგმანი მაღაზია სამხრეთ აფრიკაში. ეს იყო პირველი საერთაშორისო ბრენდი, რომელმაც იოჰანესბურგის ცენტრში გახსნა ექსკლუზიური მაღაზია. მალევე გაიხსნა Virgin Mobile-ის ოფისი და L’Oréal-ის სილამაზის ინსტიტუტი. ახლო მომავალში იოჰანესბურგში კიდევ რამდენიმე ცნობილი ბრენდი გახსნის თავის წარმომადგენლობას.
იოჰანესბურგის კულტურული ცხოვრებაც ძალიან დატვირთულია და მასში აქტიურად არიან ჩართული საზოგადოების ის ფენები, რომლებიც წარსულში იზოლირებული იყვნენ. აქ ყოველწლიურად აღნიშნავენ ისეთ დღესასწაულებს, როგორიც არის: ჩინური ახალი წელი და დივალი, პორტუგალიური მიწის ფესტივალი “ლუსიტო” და ა.შ. “ჩვენ შევდივართ კულტურული გამოღვიძების პერიოდში”, – ამბობს ინოვაციური სამხატვრო გალერეა “გუდმენის” (Goodman Gallery) ხელმძღვანელი ნეილ დუნდასი. მის გალერეაში წარმოდგენილი არიან საერთაშორისო დონის სამხრეთაფრიკელი მხატვრები: უილიამ კენტრიჯი, დევიდ გოლდბლატი, კენდელ გირსი, მაიკლ სუბოცკი, სემ ნლენგეტვა და დევიდ კალოანე.
“ქალაქის კულტურული კალენდარი სრულიად განახლდა. იოჰანესბურგი სულ უფრო ხშირად მასპინძლობს ახალ კულტურულ ღონისძიებებს, მაგალითად, იოჰანესბურგის ხელოვნების გამოფენას, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ მოვლენად იქცა. გასულ წელს იოჰანესბურგში მდებარე აფრიკულ მუზეუმში ოკვუი ენვეზორის თანაკურატორობით გაიხსნა ფოტოგამოფენა სახელწოდებით “აპარტეიდის აღზევება და დაცემა”. ოკვუი ენვეზორი აგრეთვე იყო წლევანდელი Venice Biennale-ს კურატორი და პირველი აფრიკული წარმოშობის ადამიანი, რომელმაც 100-წლიანი ისტორიის მანძილზე უხელმძღვანელა ხელოვნების ღონისძიებას. ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო გამოფენას, რომელიც ჯერ ღია ცის ქვეშ დაიწყო და მოგვიანებით მუზეუმში გადაინაცვლა – ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. იოჰანესბურგის ხელოვნების კიდევ ერთი ახალი კერა Wits Art Museum-ი (უიტსის ხელოვნების მუზეუმი) უკვე განთქმულია თანამედროვე სამხრეთაფრიკული ხელოვნების მდიდარი კოლექციით. ამ მუზეუმში წარმოდგენილია ტრადიციული სუბეკვატორული აფრიკული ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია მთელი კონტინენტის მასშტაბით.
გალერეის მფლობელი არის ჩილეში დაბადებული რიკარდო ფორნონი, რომელიც 2004 წელს ლონდონიდან საცხოვრებლად იოჰანესბურგში გადავიდა და სამ წელიწადში,პარკვუდის ჩრდილოეთ გარეუბანში Res Gallery გახსნა. “როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, ხელოვნების სფერო საკმაოდ კონტრასტული იყო, ხოლო გალერეები – თითზე ჩამოსათვლელი, – ამბობს რიკარდო. – მას შემდეგ იოჰანესბურგის ხელოვნება მნიშვნელოვნად აღორძინდა. ყველგან პატარ-პატარა გალერეები გაიხსნა. ახლა შედარებით პატარა არეალში, სულ ცოტა, 20 გალერეას შეხვდებით. თავად ხელოვნების ბაზარი ჯერ ისევ მცირეა, მაგრამ თანდათანობით იზრდება. პატარა გალერეები სულ უფრო მეტ სივრცეს უთმობენ ახალგაზრდა ხელოვანებს. მათ წრეში კი განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება”.
იოჰანესბურგი ყოველთვის განთქმული იყო თავისი მდიდარი თეატრალური ცხოვრებით, მას სათავე დაუდო დიდი ხნის წინ გაუქმებულმა სამეფო თეატრმა, რომელიც იოჰანესბურგის დაარსებიდან ძალიან მოკლე დროში გაიხსნა. გასულ ათწლეულს მრავალი ახალი თეატრი დაარსდა, მათ შორის: Teatro at Monte¬casino, The Lyric-ი და ხელახლა გაიხსნა Alexander Theatre. ორი წლის წინ ჯაბულანში გაიხსნა თანამედროვე თეატრი Soweto Theatre, რომელმაც კიდევ 420 ადგილი შემატა ქალაქის დაახლოებით 17,000-იან თეატრალურ აუდიტორიას. ნიუტაუნში მდებარე ისტორიულ Market Theatre-ს უტარდება რემონტი, რომელიც საერთო ჯამში £6 მილიონი ჯდება.
1992 წელს, როდესაც პირველად ჩავედი იოჰანესბურგში, დროის უმეტეს ნაწილს ვატარებდი კომპაქტურად დასახლებულ და უხვად გამწვანებულ როუზბენქის გარეუბანში, რომელიც ცნობილია თავისი გალერეებით, ინტერიერის მაღაზიებითა და რესტორნებით. აქ მდებარეობდა იოჰანესბურგში ერთადერთი ტაილანდური რესტორანი სახელწოდებით Cranks-ი, ასევე Cinema Nouveau, სადაც მხოლოდ კინოკლასიკის ხილვა შეიძლებოდა და ასევე ყავის ბარი Brazilian-ი, რომელიც კაპუჩინოს კონვეიერული წარმოებით იყო ცნობილი. ხუთშაბათობით ამ ყავის ბარში უამრავ ნაცნობს ვხვდებოდი, დღეს კი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ გადავეყრები ვინმე ნაცნობს. ამის მიზეზი ქალაქის შემოგარენში უამრავი ახალი რესტორანი და ბარია, რომლებიც 1990- იან წლებში არც კი არსებობდა. ქალაქის ცენტრის აღორძინებამ ეს ვითარება გაანეიტრალა, რადგან აქ უფრო ცენტრალიზებული და ადამიანურ ურთიერთობებზე აგებული ატმოსფერო შეიქმნა. ის იქცა ადგილად, სადაც მდიდრული სანდტონის რაიონის მცხოვრებლები, პირდაპირი მნიშვნელობით, პირველად ხვდებიან სოვეტოს კვარტალის ბინადრებს.
იოჰანესბურგში ასევე მრავალი საქველმოქმედო ფონდი ამოქმედდა, რამაც “მდიდარ ტეხასელ” ქალბატონებს თავიანთი ფულის დახარჯვის შანსი მისცა. აფრიკის კონტინენტზე იოჰანესბურგი არის უნიკალური ქალაქი, რომელიც თვითდაფინანსებით არსებობს. ფილანთროპია იოჰანესბურგის ძარღვებში ჩქეფს. გაცემა და დახმარება იოჰანესბურგელების ფსიქიკის განუყოფელი ნაწილია. თითქმის ყოვედღიურად იმართება საქველმოქმედო ღონისძიებები, საიდანაც შემოსული თანხები ირიცხება ისეთი სოციალური პრობლემების მოგვარებით დაკავებულ ორგანიზაციებში, როგორიცაა: ბავშვები და გენდერული საკითხები, გარემოსა და ცხოველთა დაცვა, ხელოვნება და კულტურა, განათლება და ჯანმრთელობა. ცოტა ხნის წინ ჰოლანდიის ინიციატივით გაიმართა შიდსით დაავადებულთა დასახმარებელი საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით Orange Babies South Africa. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 79 წლის ზიმბაბველი ჯაზის ლეგენდა დოროთი მასუკა და 36 წლის ბრიუსელში დაბადებული აფრიკული როკმუსიკის ვარსკვლავი კარენ ზოიდი. ღონისძიებას დაესწრო იოჰანესბურგის მოდის, დიდი ბიზნესის, სპორტისა და თეატრის მთელი ელიტა. წვეულებამ ღამის პირველ საათამდე გასტანა.
“სამუშაო დროს ვმუშაობთ, ხოლო გართობის დროს ვერთობით და თან გართობაც კარგი ვიცით, – ამბობს ანტიაპარტეიდული მოძრაობის ლიდერების ოლივერ და ადელაიდე ტამბოს ქალიშვილი – ცელანე ტამბო. იგი ლონდონიდან იოჰანესბურგში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობა დაიწყო საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელიც აგროვებს შემოწირულობებს ადელაიდე ტამბოს სახელობის ინვალიდ ბავშვთა სკოლისათვის. სკოლა მდებარეობს სოვეტოს რაიონში მდებარე White City-ში. “აქ პირველად რომ ჩამოვედი, იოჰანესბურგის ტემპი ბევრად უფრო ნელი მომეჩვენა, ვიდრე ლონდონის. აქ სიმშვიდე სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ისევ გარეუბნის ატმოსფეროა, მას თან ახლავს ადრენალინის მოზღვავება”.
ბულგარეთში დაბადებული 36 წლის კინორეჟისორი და მსახიობი სტანიმირ სტოიკოვი იოჰანესბურგში 20 წლის წინ ჩამოვიდა. მან უკვე რვა ფილმი გადაიღო და ამჟამად თავის მეცხრე ფილმზე მუშაობს. ბალტიმორის მკვიდრის, ჯონ უოტერსისა და მადრიდელი პედრო ალმოდოვარის მსგავსად, სტანიმირ სტოიკოვიც თავად იძიებს ფინანსებს საკუთარი ფილმების გადასაღებად. მის ფილმებში ხშირად ჰონორარის გარეშე მონაწილეობას იღებენ ცნობილი მსახიობები და ტრანსვესტიტები. იოჰანესბურგის “ცუდი ყოფაქცევის გოგონები” ხშირად ფონად სდევს მის ნაკლებად ცნობილ ისეთ ფილმებს, როგორიცაა: Lesbian Braai (ლესბოსელი ბრააი), Me Kutch Ne Karongi (წინააღმდეგი არ ვარ) და Fanny (ფენი). “იოჰანესბურგი ჩემი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. აქ აურაცხელი ტალანტია, – ამბობს სტოიკოვი. – ეს არის მეამბოხე ქალაქი. მე ყველგან შემიძლია გადაღება და ამისათვის არანაირი ნებართვის აღება არ მჭირდება. ერთხელ ჩვენ აეროპორტში გადავიღეთ სცენა, სადაც მსახიობი ასახიერებდა ბრიტნი სპირსის ჩამოსვლას სამხრეთ აფრიკაში. ჩვენ ეს უბრალოდ გადავიღეთ დიდი კამერით! წარმოგიდგენიათ ასეთი რამ? თან ამაზე არავის არანაირი რეაქცია არ ჰქონია”.
“იოჰანესბურგი სამხრეთ აფრიკის კულტურული ცენტრია, – ამბობს საცეკვაო ჯგუფ Flash Republic-ის სოლისტი თამარა დეი. მან მთავარი როლი შეასრულა სტოიკოვის ახალ ფილმში – Spotlight Terror-ში (სცენის შიში). ფილმი პოპვარსკვლავის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავის კონკურენტებს ამარცხებს. “ახალგაზრდები უშიშრად იწევენ ქალაქის ცენტრისაკენ. თუ თქვენ კრეატიული, თავისუფალი და თავგადასავლების მაძიებელი ხართ, აქ თქვენ წინაშე უამრავი შესაძლებლობა იშლება. იოჰანესბურგს დიდი გული აქვს. აქ არის მრავალფეროვანი კულტურა და უზარმაზარი ენერგია, რაც ძალიან იზიდავს ახალგაზრდებს. იოჰანესბურგი არის მომავალი”.
დატოვე კომენტარი