„იორკ თაუერსი“ ტაბახმელაში $100-მილიონიანი ინვესტიციით მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. როგორც კომპანიაში Forbes Georgia-ს განუცხადეს, „იორკ თაუერსმა“ დეველოპმენტის ახალი მიმართულება აირჩია, რაც მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას და განვითარებას გულისხმობს.
„ჩვენს პროექტში შედის სამსართულიანი კერძო სახლები – ვილები, ასევე ვაშენებთ აპარტოტელს, სპაცენტრს, სავაჭრო ზონას, ამ ყველაფერს ემატება სარეკრეაციო ზონები, საპიკნიკე, საბავშვო გასართობი, სავარჯიშო და მოსასვენებელი სივრცეები. პროექტი არაჩვეულებრივად ერწყმის ბუნებრივ ლანდშაფტს“, – აღნიშნა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში „იორკ თაუერსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ამრ ელაბვაზმა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, კომპლექსის მშენებელობის პირველი ფაზა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება, ხოლო ინფრასტრუქტურული ნაწილის სრულად ჩაბარება საცხოვრებელ ფართებთან ერთად 2023 წელსაა მოსალოდნელი.
2021 წლის გეგმებში კი ტაბახმელის „იორკ თაუნის“ გარდა, დეველოპერული კომპანიის გეგმებში სხვა პროექტებიც შედის.
„ვმუშაობთ პროექტზე, ამჯერად თბილისიდან უფრო მოშორებით. ჯერ დაგეგმარების პროცესში ვართ, ამიტომ დეტალებს არ გავაჟღერებთ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, საუკეთესო ადგილმდებარეობას ვარჩევთ“, – აღნიშნა ამრ ელაბვაზმა და დასძინა, რომ ეს პროექტი იქნება სამჯერ უფრო დიდი ტაბახმელის კომპლექსთან შედარებით და აქაც მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნა მოიაზრება ვილების ახალი კონცეფციით.
დატოვე კომენტარი