iPad-ის ტაბლეტი

iPad-ის  ტაბლეტი

ახლახან, ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ Research in Motion-მა, რომელიც ბრენდ BlackBerry-ის სახელითაა ცნობილი, სან-ფრანცისკოში თავისი ახალი პლანშეტური კომპიუტერი – PlayBook წარმოადგინა. სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელი გამოდის “ტაბლეტების” ბაზარზე, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მოთამაშე არსებობს – Apple თავისი iPad-ით. PlayBook ბაზარზე 2011 წლის ბოლოს გამოჩნდება. მოწყობილობის ფასი ჯერ უცნობია.

RIM- ის 7-დუიმიანი პლანშეტური კომპიუტერი აღჭურვილია 1024×600-პიქსელიანი ეკრანით, 1გჰც პროცესორით, ორი ვიდეოკამერით – ფრონტალურით სამ მეგაპიქსელზე და ჩვეულებრივით – ხუთზე, ასევე USB და HDMI სტანდარტების პორტებით. მოწყობილობა გარესამყაროს დაუკავშირდება Wi-Fi-ისა და Bluetooth-ის დახმარებით. PlayBook-ის პირველ მოდელს საკუთარი 3G მოდული არ ექნება, მაგრამ BlackBerry-ის მფლობელები ამ მიზნისათვის საკუთარი სმარტფონების გამოყენებას შეძლებენ. PlayBook-ისათვის ოპერაციული სისტემა დაამუშავა კომპანია QNX Software Systems-მა (რომელიც გასულ წელს RIM-მა იყიდა). მწარმოებლისათვის ახალი ОС-ის მიუხედავად, PlayBook-ს ექნება ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემის ისეთივე სისტემები, რომლებმაც სმარტფონი BlackBerry პოპულარული გახადა. 

ტექნიკური მახასიათებლებით ახალი პლანშეტი არათუ ჩამოუვარდება, აღემატება კიდეც ერთადერთ სერიოზულ კონკურენტს: iPad-ს, რომელსაც არ გააჩნია USB და HDMI პორტები, ჯერ არა აქვს ვიდეოკამერები და მეტს იწონის (600 გრამს – 400 გრამზე მსუბუქი PlayBook-ისგან განსხვავებით). მეორე მხრივ, Applе-ის მოწყობილობას აქვს დიდი ეკრანი (9,7 დუიმი ), მოსახერხებელი ოპერაციული სისტემა და მან უკვე დაამტკიცა თავისი პოპულარობა – რისი მიღწევაც ახლა PlayBook-ს მოუწევს. მით უფრო, რომ პლანშეტში გამოყენებულ ოპერაციულ სისტემას ჯერ არ გაუვლია სამომხმარებლო ბაზრისა და მონათესავე BlackBerry-ის OS-სთან თავსებადობის გამოცდა.

მოწყობილობის პრეზენტაციისას, Research in Motion-ის გენერალურმა დირექტორმა, მაიკ ლაზარიდისმა, გამოთქვა იმედი, რომ PlayBook გახდება “სტანდარტი ბიზნესისათვის”. კორპორაციულ შემკვეთებზე გათვლა გამართლებულია ამ ბაზარზე მწარმოებლის ტრადიციული პოპულარობითა (BlackBerry-ის სმარტფონების უმეტესობას კომპანიები ყიდულობენ) და iPad-თან კონკურენციის ბუნდოვანი პერსპექტივებითაც. ბაზარზე გამოსვლიდან მხოლოდ პირველი კვარტალის განმავლობაში 3 მლნ პლანშეტური Apple გაიყიდა, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე (არასრული 10 თვის გაყიდვების მიხედვით), ანალიტიკოსთა პროგნოზებით, გაყიდვებმა შესაძლოა 20 მლნ-იან ნიშნულს გადააჭარბოს.

iPad-ის გარდა, რომელსაც ბაზრის თითქმის 100% უჭირავს, PlayBook-ს – 2011 წელს ბაზარზე გამოსვლის მომენტისათვის-კიდევ რამდენიმე კონკურენტი ეყოლება: საკუთარი პლანშეტური მოწყობილობები წარმოებაში უკვე ჩაუშვეს Dell-მა (Streak, 5 დუიმი) და Samsung-მა (Galaxy, 7 დუიმი), ხოლო უახლოეს პერიოდში იმავეს გაკეთებას Acer, Asus და Lenovo აპირებენ. 2011 წელს ასევე გამოვა პლანშეტური მოწყობილობა, რომელიც ორიენტირებული იქნება კორპორაციულ კლიენტებზე – Cisco-ს წარმოების Cius (7 დუიმი).

მოწყობილობის პრეზენტაციის შემდეგ Research in Motion-ის აქციები 2% -ით გაიზარდა და $48,36-ს მიაღწია.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *