16.5 მილიონი ლარი – მოზიდული ინვესტიცია; 627 ათასზე მეტი – რეგისტრირებული მომხმარებელი; 89 – საერთაშორისო პარტნიორი; 354 – შექმნილი სამუშაო ადგილი; 4400 – B2B მომხმარებელი – 500 Georgia-ს სულ რაღაც ორი ნაკადის მონაგარია. ნამდვილად შთამბეჭდავი სტატისტიკის მიღმა კი “საქართველოს ბანკის” უდიდესი ძალისხმევა და სრულიად კონკრეტული სახელებია; მათ შორის ყველაზე გამორჩეული ოთხი გამარჯვებული, რომელიც სილიკონველიზე მიემგზავრება.
სანამ უფრო დეტალურად გაგაცნობთ გამარჯვებულ კომპანიებს – მოდი, ჯერ ფართო სურათს შევხედოთ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში გლობალურმა სტარტაპ-ეკონომიკამ 3 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების გენერირება მოახერხა. ეს წინა ორ წელთან შედარებით თითქმის 20%-იანი ზრდაა – ამას აჩვენებს Global Startup Ecosystem Report (GSER)- ის უახლესი ანგარიში. ახალი და განვითარებადი ბაზრების ნაწილში ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა ლიდერობს, თუმცა ისიც ნათელია, რომ სტარტაპების ბუმი ეკონომიკის მომავალი კი არ არის, აწმყოა.
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოც ცდილობს, ამ თანამედროვე ტრენდს ფეხი აუწყოს და საქართველოში სტარტაპებსაც მისცეს შესაძლებლობა, ბედი გამოსცადონ. დიახ, უმეტესად ეს მართლაც ბედის გამოცდაა, რადგან თავად სტარტაპის ბუნებაა ასეთი – ბევრი მათგანი კარგად იწყებს, მაგრამ ცუდად ამთავრებს.
გლობალური სტატისტიკა აქ ასეთია: საშუალოდ, სტარტაპების 90%-ს ძალიან მოკლე სიცოცხლე აქვთ. მათგან 10% ბიზნესის დაწყებიდან ერთ წელიწადში უკვე გადაულახავ პრობლემებს აწყდება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თუ საშუალოდ, 2-დან 5 წლამდე პერიოდი გადაილახა, სტარტაპმა შეიძლება უდიდეს წარმატებას მიაღწიოს.
ერთი მხრივ, სწორედ ამ მაღალი რისკის და მეორე მხრივ მოკლე დროში დიდი მოგების მიღების შესაძლებლობის გამოც, სტარტაპებს სრულიად სპეციფიკურად უწევთ კაპიტალის მოზიდვა. ბოლო პერიოდში საქართველოშიც ხშირად გაიგებთ სიტყვას – ეკოსისტემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ყველაზე მთავარს – პერსპექტიული სტარტაპების სიცოცხლისუნარიანობას.
დეტალურად არის შესწავლილი ისიც, თუ როგორ გარემოში უფრო უადვილდებათ სტარტაპებს გადარჩენა და განვითარება. იმავე Global Startup Ecosystem Report (GSER)-ის მიხედვით, შეგვიძლია გამოვყოთ ეკოსისტემის 5 არქეტიპი:
- ტექნოლოგიური ჰაბები – მთავარი მახასიათებელია პირველობა – ნოვატორული მიგნებები, გლობალურად ან რეგიონალური მასშტაბით. კარგი მაგალითებია: სილიკონის ველი, ბოსტონი, სიეტლი.
- გლობალური ბიზნესჰაბები – მთავარი მახასიათებელია გლობალური ბიზნესის წარმოება და ფინანსური ცენტრის სტატუსი. კარგი მაგალითებია: ლონდონი, ნიუ-იორკი, სინგაპური.
- კვლევისა და განვითარების მამოძრავებელი ცენტრები – მთავარი მახასიათებელია ტექნოლოგიის წარმოება და მონაცემთა ანალიზი. კარგი მაგალითებია: იერუსალიმი, სტოკჰოლმი
- დიდი ბაზრები – მთავარი მახასიათებელია წვდომა დიდ ბაზრებზე. კარგი მაგალითებია: პეკინი, შანხაი, ჯაკარტა
- კოსმოპოლიტიზმი და კრეატიულობა – მთავარი მახასიათებელია გახსნილობა და ცხოვრების მაღალი ხარისხი. კარგი მაგალითებია: ბერლინი, მელბურნი
როგორც ამ ძალიან საინტერესო და, ჩემი აზრით, საკმაოდ ზუსტი არქეტიპებიდანაც ჩანს, თბილისს ან საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქს გამოწვევები არ მოაკლდება, რომ კარგ მაგალითად დასახელდეს. ამას დრო ნამდვილად დასჭირდება და ეკონომიკისა და ინსტიტუციური განვითარების ის ხარისხიც, რაც ამ მაგალითებიდანაც ნათლად ჩანს, რომ იზიდავს ვენჩურულ კაპიტალს თუ ე.წ. ანგელოზ ინვესტორებს, რომლებიც საკუთარ ფულს რისკიანად სიამოვნებით აბანდებენ.
ერთი გზაა, ვაშენოთ ასეთი ეკონომიკა. მეორე გზაა, ამ შენებასთან ერთად, ფრთხილად, მაგრამ მაინც წავახალისოთ წარმატებული მაგალითები. სწორედ მეორე გზა არჩია “საქართველოს ბანკმა”, როცა ქვეყანაში 500 Startups-ი შემოიყვანა.
500 Startups-ი ვენჩურული კაპიტალის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან არსებობს. დღემდე კომპანიას 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში აქვს დაბანდებული ინვესტიცია. მის პორტფოლიოში შედის ისეთი სტარტაპები, როგორიცაა: Intercom-ი, Credit Karma, Grab-ი, Talkdesk-ი, Canva, GitLab-ი. გარდა სტარტაპ-დამფუძნებლებისა, 500 Startups-ი ქვეყნებსა და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაშიც უწევს მხარდაჭერას, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. დღეს 500 Startups-ის ფართო ჩამონათვალში საქართველოც შედის.
“საქართველოს ბანკს”, “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” (GITA) და 500 Startups-ს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა პირველ პრეცედენტს, როდესაც მსოფლიოში ტოპ-3 აქსელერატორიდან ერთ-ერთი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ამით ფაქტობრივად ნდობა გამოუცხადა საქართველოში სტარტაპების იდეებს, ტალანტსა და პერსპექტივას.
ამ ნაბიჯით პრაქტიკულად ითქვა, რომ საქართველოს გეოგრაფია საინტერესოა როგორც ცალკეული ინვესტორებისთვის, ასევე გლობალური კომპანიებისთვისაც, რომელთა საქმიანობაც სწორედ უნიკალური იდეების და კონცეპტების აღმოჩენაა – ამ აღმოჩენებს კი, თავის მხრივ, მასშტაბების უკიდეგანოდ გაფართოების პოტენციალი აქვს.
და რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ითქვა ის, რომ, 500 Startups-ის აზრით, საქართველოში შესაძლებელია ე.წ. უნიქორნების აღმოჩენა – ისეთი სტარტაპების, რომელთა ღირებულება მილიარდ დოლარს მიაღწევს და გადააჭარბებს.
დღეს, როგორც უკვე გითხარით, 500 Georgia-ს ოთხი პოტენციურად სწორედ ასეთი სტარტაპი ჰყავს იდენტიფიცირებული. გამარჯვებულები გამოვლენილია, თუმცა მათი თავგადასავალი ამით არათუ სრულდება, მე ვიტყოდი, ახლა იწყება – ოთხივე მათგანი – Cardeal-ი, Cargon-ი, Agrolabs-ი და Payze სილიკონ-ველიზე მიემგზავრება.
ახლა დავუბრუნდეთ ჩემს დაპირებას და დეტალურად მოგიყვებით თითოეულ მათგანზე.
CARDEAL
„500 Startups-ის სტატუსით ჩვენ გავიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი ვალიდაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებთან და პარტნიორებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გამოვჩნდით დასავლელი ინვესტორების რადარებზე“ – ზურაბ ბაკურიძე, Cardeal.
Cardeal-ი საერთაშორისო ელექტრონული ავტოაუქციონია. ყველა სტატისტიკა იმას აჩვენებს, რომ ავტომობილებით ვაჭრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიაა, რომელმაც ზრდა პანდემიის პირობებშიც შეინარჩუნა. თუმცა საქართველოში ეს ბაზარი საკმაოდ დანაწევრებულია წვრილი დილერებისა და სხვადასხვა მომწოდებლის გამო, რაც მომხმარებლებისთვის ზედმეტ შუამავალ რგოლებს ქმნის და ავტომობილის ჩამოყვანის ღირებულებას აძვირებს. სწორედ ამ გამოწვევას უპასუხა Cardeal-მა იმით, რომ შექმნა საერთაშორისო ელექტრონული ავტოაუქციონი, სადაც სანდო საერთაშორისო მომწოდებელი კომპანიების საშუალებით, დაახლოებით 500 ათასი ავტომობილის აგრეგაციას ახდენს. გარდა ამისა, მომხმარებლებისთვის ქმნის ერთიან ეკოსისტემას ანუ მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული ყველა საჭირო სერვისი – იქნება ეს ადგილზე ინსპექტირება, დაფინანსება/ლიზინგი თუ საქართველომდე ტრანსპორტირება. ვებგვერდზე ინტეგრირებულია პარალელური ბიდინგის ფუნქციონალიც, რომელიც მომხმარებელს Cardeal-ის პლატფორმის გავლით პირდაპირ საერთაშორისო აუქციონებში მონაწილეობის შესაძლებლობას უქმნის. ეს ფუნქციონალი უნიკალურია და სტარტაპს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას სძენს. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ზურაბ ბაკურიძე გვიხსნის, კომპანიამ თავისი არსებობის ორი წლის მანძილზე მნიშვნელოვან წარმატებებს უკვე მიაღწია – მაგალითად, სულ ახლახან გაეშვა აზერბაიჯანის ბაზარზე; ყოველთვიურად Cardeal-ის პლატფორმაზე 200 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს და ავტომობილის შეძენის პროცესს გეგმავს. წარმატებებს შორის ზურაბ ბაკურიძე 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში გამარჯვებასაც ასახელებს. ამბობს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მისმა კომპანიამ 1.3 მილიონი ლარის მოზიდვა მოახერხა, რაც სწრაფი მასშტაბირების გეგმას მოხმარდება, რომელიც, სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ სწორედ პროგრამის მენტორებთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიმუშავა. პროგრამაში მონაწილეობის მთავარი ღირებულება ზურაბ ბაკურიძისთვის ის იყო, რომ პლატფორმა სრულად განახლდა როგორც დიზაინის, ისე ფუნქციონალის თვალსაზრისით. “მალევე, დაახლოებით ერთ კვირაში, მივიღეთ ე.წ. bounce rate-ის 40%-იანი, ხოლო კონვერსიის 30%-იანი გაუმჯობესება, რაც ცალსახად იმის ნიშანია, რომ განახლებული Cardealის პლატფორმა ნამდვილად ბაზარს მორგებული პროდუქტია”, – ასეთია ზურაბ ბაკურიძის შეფასება.
CARGON
„ჩვენთვის ინვესტორებთან მოლაპარაკებები ახლა ბევრად უფრო გამარტივებულია, რადგან ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპმა ერთ-ერთი წამყვანი აქსელერაციის პროგრამა გაიარა და იმის დადასტურებაც მიიღო, რომ სტარტაპს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. პროგრამაში გამარჯვებამ იმის შესაძლებლობაც მოგვცა, რომ სილიკონ-ველიზე კიდევ უფრო განვვითარდეთ და დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ“ – ვანო ჩალაძე, Cargon.
Cargon-ი ციფრული ლოგისტიკური პლატფორმაა, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით ტვირთის მფლობელსა და გადამზიდს ერთმანეთთან აკავშირებს. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც Cargon-ის გუნდმა გააანალიზა, რომ ერთი წერტილიდან მეორეში პროდუქტის გადაზიდვა კომპლექსური პროცესი იყო და დიდ დროს მოითხოვდა. იფიქრეს, რომ არსებული ტექნოლოგიებით ამ პროცესის მართვა ბევრად სწრაფად და მარტივად იყო შესაძლებელი და შექმნეს ციფრული პლატფორმა, რომელმაც ერთ ვირტუალურ სივრცეში გადამზიდავები და ტვირთის მფლობელები ერთმანეთს დააკავშირა. საწყის ეტაპზე Cargon-ის ძირითადი სამიზნე აუდიტორია საშუალო ზომის ბიზნესები იყო, რომლებიც საკუთარ პროდუქტს აწარმოებდნენ, დღეს კი უკვე დაიწყეს ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებიც საექსპორტო და საიმპორტო საქმიანობით არიან დაკავებულნი. Cargon-ი საქართველოსა და რუსეთის ბაზრებზე უკვე ერთ წელზე მეტია, რაც აქტიურად ოპერირებს და უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელიც ჰყავს: დარეგისტრირებულია 280 ტვირთმფლობელი კომპანია და 1500-მდე გადამზიდი მძღოლი და კომპანია. “რამდენიმე კვირაში Cargon-ი ჩაეშვება კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაში – სომხეთში და ასევე, ახლო მომავალში ყაზახეთის ბაზარზე. ჩვენი მიზანია, პლატფორმა პირველ რიგში განვითარდეს დსთ-ის რეგიონში და ლოგისტიკური ინდუსტრიის გარდაქმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცეს”, – ამბობს ვანო ჩალაძე, Cargon-ის დამფუძნებელი. მისივე თქმით, 500 startups-აქსელერაციის გამოცდილებამ Cargon-ის განვითარებაში დიდი ცვლილებები შემოიტანა. “პირველ რიგში შეგვძინა უფრო მეტი თავდაჯერებულება, რომ ჩვენ ვქმნით სერვისს, რომელმაც შეიძლება გლობალურ მასშტაბს მიაღწიოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარდეს. შეიცვალა ზოგადად ჩვენი განვითარების პროცესიც, რომელიც უფრო სწრაფი და ზრდაზე ორიენტირებული გახდა”, – ასეთია ვანო ჩალაძის შეფასება.
AGROLABS
„500 Georgia-ს გამარჯვებულის სტატუსი ნამდვილად კონკურენტული უპირატესობაა, განსაკუთრებით – დაფინანსების მოძიების ნაწილში. პოტენციურ ინვესტორებს ჩვენი დღევანდელი სტატუსი დამატებით სიგნალს უგზავნის, რომ ჩვენი კომპანია და მისი ბიზნესმოდელი ვალიდურია და მასშტაბირებადი იმისთვის, რომ მეტი დაფინანსება მოიზიდოს“ – მაქსიმ ჰორინოვი, Agrolabs.
Agrolabs-ი სათბურში მომუშავე ფერმერებს უახლეს ტექნოლოგიას სთავაზობს. დიდი ზომის სათბურებში ფერმერებს ყოველდღიური შრომა უწევთ, რომ მოსავალი ვარგისი იყოს და საბოლოო ჯამში ხარისხიანი პროდუქტი მიიღონ. ამის მისაღწევად მონიტორინგის გამართული სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა შეუიარაღებელი თვალით პრობლემის შემჩნევა ხშირად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ სტარტაპი Agrolabs-ი სათბურში მომუშავე ფერმერებს უახლეს ტექნოლოგიას სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც ყოველდღიური რუტინული სამუშაოს ავტომატიზაცია და გაციფრულებაა შესაძლებელი. მათი IoT-სენსორები სპეციალურად სათბურისთვისაა შექმნილი, რომელთაც ალგორითმი მართავს და მცენარეებისგან მიღებულ ინფორმაციას ლაივ-რეჟიმში აანალიზებს. შედეგად, ფერმერს შესაძლებლობა აქვს, მცენარის განვითარების პროცესს ყოველდღე დააკვირდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზრდის პროცესში რაიმე დაბრკოლება ჩნდება, პროგრამა მას მაშინვე სპეციალურ შეტყობინებას უგზავნის. სტარტაპი ბაზარზე უკვე სამი წელია, გამოჩნდა. დღეს გაყიდვებიდან მისი შემოსავალი 120 ათას დოლარზე მეტია. 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების წინასწარი შეკვეთები უკვე გაფორმებულია. 210 ათასი დოლარი Agrolabs-მა Artesian Venture Capital-ისგან და “საქართველოს ბანკისგან” მოიზიდა. “მომავალში დამატებით 750 ათასი დოლარის მოზიდვას ვგეგმავთ. ევროპის რეგიონში გაყიდვების ზრდა გვინდა. გვინდა ჩამოვყალიბდეთ დატა-კომპანიად, რომელიც თავის კლიენტებს მონაცემთა ანალიზს და მოსავლიანობის ზრდის ეფექტიანობის შესახებ რეკომენდაციებს მიაწვდის”, – ამბობს მაქსიმ ჰორინოვი, Agrolabs-ის დამფუძნებელი. მისივე თქმით, 500 Georgia-მ კომპანიის ხედვა მნიშვნელოვნად შეცვალა. “ამ პროგრამამდე ჩვენი მთავარი აქცენტი პროდუქტი იყო – გვეგონა, რომ ჯერ პროდუქტი უნდა დაგვეხვეწა სათანადოდ და მხოლოდ ამის შემდეგ გვეფიქრა გაყიდვებსა და მარკეტინგზე. მენტორშიფის შემდეგ ნათლად დავინახეთ, რომ გაყიდვები და მომხმარებელთა ბაზის ზრდა ყველა კომპანიის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამდენად, ბაზრის გაფართოებაზე დავიწყეთ ზრუნვა და მივწვდით კლიენტებს ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და აფრიკაში” – ასეთია მაქსიმ ჰორინოვის შეფასება.
PAYZE
„იქიდან გამომდინარე თუ როგორი ძლიერი გუნდები მონაწილეობდნენ ამ პროგრამაში, პირველ რიგში, ჩვენთვის ეს გამარჯვება არის აღიარება, ხოლო შემდეგ – ბევრი გაღებული კარი და შესაძლებლობა, რომელიც ამ გამარჯვებამ მოგვიტანა“ – გეგა წურწუმია, Payze.
Payze-ი ე.წ Bill-Splitting-მოდელზე მუშაობს, რომლითაც ელექტრონული კომერციის პლატფორმა პროდუქტის გაყიდვის შემდეგ საკუთარ საკომისიოს ავტომატურად იღებს და ხელით თითოეულ ტრანზაქციაზე მუშაობა საჭირო აღარაა. “ჩვენთვის მთავარი რიცხვი არის ჩვენი კლიენტების რაოდენობა, რომლებიც PAYZE-ის გადახდის პლატფორმით სარგებლობენ და თავიანთ შემოსავალს ამ გზით იღებენ. ხუთ თვეში ეს რიცხვი 300-ს გასცდა და ყოველთვიურად 35%-ით ვიზრდებით”, – ამბობს გეგა წურწუმია, Payze-ის დამფუძნებელი. სტარტაპის მიზანია, 2022 წლის ბოლოს იყოს ლიცენზირებული და სერვისებს სთავაზობდეს ნებისმიერ ტექნოლოგიურ კომპანიას, ინდივიდუალურ მეწარმეს თუ ფიზიკურ პირს, რომელიც ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და ფულის მიღების მიზნით, ყველაზე ეფექტიან ონლაინსაშუალებას – Payze-ის მიმართავს. როგორც გეგა წურწუმია ყვება, 500 Georgia-ს პროგრამის გავლის შემდეგ გუნდი დარწმუნდა, რომ ის გეგმები, რაც მთელ წელზე ჰქონდათ გაწერილი, რეალურად, რამდენიმე კვირაში იყო მიღწევადი. “ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, აქსელერაცია ანუ აჩქარება ხდება ყველა პროცესის. თან ეს პროცესები მართულია ძალიან გამოცდილი ადამიანების მიერ, ვისაც თავიანთ კომპანიებში ეს ყველაფერი უკვე გავლილი აქვთ და მათი მხრიდან კონკრეტული რჩევები ერთგვარ კალაპოტში სვამს შენს იდეებს, სტრატეგიას და პროცესებსაც”, – ასეთია გეგა წურწუმიას შეფასება.
შედეგები და სასარგებლო ცვლილებები, რომლებიც გამარჯვებული სტარტაპების შეფასებებშიც ჩანს, არც ერთი სტარტაპისთვის და არც მათი მენტორებისთვის ადვილად არ დამდგარა. როგორც გამარჯვებულები მიყვებიან, იმ ოთხი თვის განმავლობაში, რაც აქსელერაციის პროგრამა სრული დატვირთვით მუშაობდა, მენტორები პრაქტიკულად მათი გუნდის წევრები გახდნენ. გეგა წურწუმია, მაგალითად, იხსენებს, რომ ყველაზე მეტად პირადი მენტორის – ბრიანა სალინას რჩევები გამოადგა. “რადგან ჩვენ ახალი გაშვებული გვქონდა პროდუქტი, რჩევა იყო, რომ კომპანიაში კონკრეტული გაყიდვების სტრუქტურა აგვეწყო, რითაც ჯერ ჩვენ – დამფუძნებლები ვიხელმძღვანელებდით, ხოლო შემდეგ ჩვენი გუნდის წევრები”, – მიხსნის Payze-ის დაფუძნებელი და იქვე დასძენს: “როგორც დამფუძნებლებს, პროდუქტის განვითარების გამოცდილებაც გვქონდა და ძალიან ძლიერი ტექნიკური (პროგრამული უზრუნველყოფის) რესურსიც, მაგრამ ზუსტად ეს არის აქსელერაციის პროგრამის უპირატესობა – სადაც ყველაზე მეტად გიჭირს, იქ გეხმარებიან. ჩვენს შემთხვევაში ეს იყო გაყიდვები და კლიენტებთან ურთიერთობა”. ან კიდევ, მაგალითად, ვანო ჩალაძე განსაკუთრებით აფასებს იმას, რომ 4-თვიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის დროს, მათთან მომუშავე ექვსივე მენტორის ყველა რჩევა იყო მაქსიმალურად მის სტარტაპზე მორგებული და თეორიულ ცოდნასა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, კონკრეტული ანალიტიკური ინსტრუმენტებიც მიიღეს, რაც Cargon-ის ზრდას მომავალშიც ხელს შეუწყობს. “ამ პროექტამდე, სტარტაპის შექმნისთვის და ფინანსების მოზიდვისთვის ამ ქვეყანაში ხელმისაწვდომი მხოლოდ სახელმწიფო პროგრამები იყო, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ეკოსისტემის განვითარება რთული იქნება. შესაბამისად, ის რისკი, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში “საქართველოს ბანკმა” გასწია, უაღრესად დასაფასებელი და სამაგალითოა იმისთვის, რომ კერძო სექტორი უფრო ფართოდ ჩაერთოს ქართული სტარტაპების მხარდასაჭერად” – მიაჩნია Cargon-ის დამფუძნებელს, რომელიც აცნობიერებს, რომ სტარტაპთან ბევრი რისკია ასოცირებული, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ “ალბათ ვერც ერთი სხვა ტრადიციული ინვესტიცია ვერ მოიტანს ინვესტიციის იმ ზომის უკუგებას, რამდენსაც წარმატებული სტარტაპი შეძლებს ინვესტორისთვის. ამის მრავალი მაგალითი არსებობს”.
სხვათა შორის, ყველა შეფასებას, რაც გამარჯვებული სტარტაპებისგან მივიღე Forbes Georgia-ს საყდე სტატიაზე მუშაობის პერიოდში, აქვს ერთი საერთო ლაიტმოტივი – ყველა მადლობას უხდის “საქართველოს ბანკს” აქსელერაციის პროგრამის რეალობად ქცევისთვის, ეს ერთი და მეორე – ყველა მათგანი მოითხოვს, პროგრამა მომავალშიც გაგრძელდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა სტარტაპმა შეძლოს ზრდისა და განვითარების გზის უფრო მკაფიოდ დანახვა. ზურაბ ბაკურიძეს, მაგალითად, მიაჩნია, რომ 500 Startups-ის საქართველოში შემოყვანით, “საქართველოს ბანკმა” საუკეთესო პრეცედენტი შექმნა. “ფაქტია, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა, – მეუბნება Cardeal-ის დამფუძნებელი. – ეს კონკრეტული პროგრამა ძალიან კარგი მაგალითია, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობა სტარტაპსა და ინვესტორს შორის”. Agrolabs-ი კი, მაგალითად, რომელიც ამბობს, რომ მენტორების დახმარებით აქსელერაციის პროგრამაში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და მოქმედება ისწავლა – ხაზს უსვამს “საქართველოს ბანკთან”, როგორც დიდ კორპორაციასთან თანამშრომლობის სარგებელს. “საქართველოს ბანკს ჩვენთვის განსხვავებული პერსპექტივა მოაქვს, – მეუბნება მაქსიმ ჰორინოვი – ის ჩვენ დიდი კორპორაციის ხედვას და გამოცდილებას გვიზიარებს. ჩვენთვის, როგორც B2B-ბიზნესისთვის, ეს უკიდურესად ღირებულია”.
კიდევ ერთი მკვეთრი მახასიათებელი ჩემთვის, როგორც ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემის აღმასრულებელი რედაქტორისთვის, რომელსაც არაერთ ნაკლებად თუ მეტად გამოცდილ ბიზნესთან სიღრმისეულად უსაუბრია – ისიც იყო, რომ არც ერთ ამ სტარტაპს სილიკონ-ველისთან მიმართებით ოცნებები და მოლოდინები არა აქვს – პირიქით, მათთვის სრულიად მკაფიოა ის მიზნები და შედეგებიც, რაც აქსელერაციის პროცესის გაგრძელებას მოჰყვება უკვე მსოფლიო რუკაზე ყველაზე გამორჩეულ ადგილას სტარტაპებისთვის – სილიკონ-ველიზე. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ყველას ორი მთავარი მიზანი აქვს: გამოცდილების დაგროვება და ინვესტორებთან ნეთტვორკინგი მეტი ინვესტიციის მოსაზიდად და საკუთარი სტარტაპის მასშტაბის გასაზრდელად.
იმედი დავიტოვოთ, რომ 500 Georgia-ს პრეცედენტი საქართველოში ვენჩურულ კაპიტალისტებს და ანგელოზ ინვესტორებსაც მოიზიდავს – მათ, ვისაც სახელმწიფოსგან ან იმავე კომერციული ბანკისგან განსხვავებით, საკუთარი თანხები და, შესაბამისად, ნაკლები მორალური დილემა და მეტი სითამამე აქვთ რისკიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას.
მანამდე – 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის ოთხი გამარჯვებულისთვის წინ სილიკონ-ველის გამოცდილებაა. სულ ბოლოს ვიკითხე – რას ურჩევთ მათ, ვისაც ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შეიძლება ასევე მოუნდეთ 500 Georgia-ს ქსელის ნაწილი გახდნენ?
ვიკითხე და თავადაც დავფიქრდი – თავად როგორ შევაჯამებდი გამარჯვებულების ისტორიას: რა დარჩა 500 Georgia-ს პრეცედენტიდან Forbes Georgia-ს მთავარ გზავნილად?
აი, ასეთი პასუხებია:
გეგა წურწუმია, Payze: “500 Georgia საქართველოს სტარტაპ და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია. პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა სტარტაპმა მიიღოს მონაწილეობა და რეალურად მსოფლიო დონის პროდუქტები შექმნან საქართველოში. გამოიყენეთ ეს შანსი”.
ვანო ჩალაძე, Cargon: “მჯერა, რომ ჩვენი წარმატების გზა ტექნოლოგიურ განვითარებაზე გადის. შესაბამისად, ქართული სტარტაპებისთვის 500 Georgia არის შესაძლებლობა, რომელიც გარანტირებულად დაეხმარება ბიზნესს განვითარებაში და იმ მიზნების მიღწევაში, რაც მას აქვს დასახული. იაქტიურეთ”.
მაქსიმ ჰორინოვი, Agrolabs: “საუკეთესო მომენტია, როცა ადგილობრივ ანტრეპრენიორებს ეძლევათ შესაძლებლობა, მსოფლიო დონის მენტორებისგან ისწავლონ, როგორ აწარმოონ ბიზნესი და მოიზიდონ დამატებითი დაფინანსება, რითაც საკუთარ მასშტაბს გაზრდიან როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში. დაიჭირეთ ეს მომენტი”.
ზურაბ ბაკურიძე, Cardeal: “მოკლედ. არ გაჩერდეთ!”
ელენე კვანჭილაშვილი, Forbes Georgia: “იფიქრეთ, როგორც სტარტაპმა”.
ჩანს, 500 Georgia ამ ფიქრშიც და ნაბიჯების გადადგმაშიც სტარტაპების მხარდაჭერას აგრძელებს. პირველ წიწილებს უკვე სილიკონ-ველიზე დავითვლით.
დატოვე კომენტარი