iPhone-ის გაყიდვებმა 2020 წლის ბოლო სამ თვეში Apple-ი მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილეს მწარმოებლად აქცია. ამის შესახებ CNN წერს.
5G მხარდაჭერის მქონე iPhone 12-ის გამოშვებამ კომპანიას მეოთხე კვარტალში პირველი პოზიცია დაუბრუნა. ბოლოს, Apple-ი უმსხვილესი მწარმოებელი 2016 წლის მეოთხე კვარტალში იყო.
Apple-მა გასული წლის ბოლო სამ თვეში დაახლოებით 80 მლნ სმარტფონი გაყიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია.
ცნობისთვის, Apple-ისთვის წლის ბოლო კვარტალი, როგორც წესი, ყველაზე წარმატებულია ხოლმე, ვინაიდან ის ახალ iPhone-ს ტრადიციულად სექტემბერში უშვებს. წელს კი ახალი სმარტფონის წარდგენა ოქტომბერში შედგა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო მიწოდების კუთხით შექმნილმა პრობლემებმა განაპირობა. Samsung-ი კი ახალ სმარტფონებს თებერვალში უშვებს ხოლმე.
სამხრეთკორეულმა კომპანიამ გასული წლის მეოთხე კვარტალში 63 მლნ სმარტფონი გაყიდა. მიუხედავად ამისა, Samsung-ი მაინც დარჩა წლიურ ჭრილში სმარტფონების უმსხვილეს მწარმოებლად. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წელს ამ კომპანიას 15%-იანი კლება ჰქონდა, ვინაიდან ჩინური კონკურენტი Xiaomi-ის გაყიდვები გაიზარდა.
დატოვე კომენტარი