ჩიპების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Arm-მა აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება გააკეთა. IPO-ს ფარგლებში კომპანიის თითო აქციის ღირებულება $51-ს უტოლდება. ცნობისთვის, Arm-ი ჩიპების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, როგორიც Apple-ი და Nvidia არიან.
შედეგად, აქციების $51-იანი შეთავაზებით, Arm-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც ბრუნვაში გაშვებულ შეზღუდულ საფონდო ერთეულებსაც აერთიანებს, $54 მილიარდს აჭარბებს. ჩიპების მწარმოებლის მიერ გავრცელებული პრესრელიზით, კომპანია აქციებით ვაჭრობას დღეიდან, „ARM”-ის სიმბოლოს ქვეშ იწყებს.
ფირმა Nasdaq-ზე $95.5 მილიონის ამერიკულ სადეპოზიტო აქციებს დალისტავს. Arm-ის ამჟამინდელი მფლობელი, SoftBank-ი, ბრუნვაში გაშვებული აქციების დაახლოებით 90%-ს გააკონტროლებს. აქციების შეთავაზების ფასი ყველაზე მაღალია ნავარაუდები $47-$51-იანი დიაპაზონიდან, კომპანია კი, ტექნოლოგიური IPO-ბაზრის თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ ცდილობს, ტექნოლოგიურ სფეროში წლის ყველაზე დიდი შეთავაზება გააკეთოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩიპების ამერიკულ მწარმოებელში აქციების შეძენას ტექნოლოგიური სფეროს მრავალი გიგანტი გეგმავს. მათ შორის არიან Apple-ი, Google-ი, Nvidia, Samsung-ი, AMD-ი, Intel-ი და ტაივანური TSMC-ი. Arm-ის ტექნოლოგია გლობალურად მობილური პროცესორების 99%-ში გამოიყენება.
Arm-ის მარტში დასრულებული ფისკალური წლის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, შემოსავალი თითქმის 1%-ით, $2.68 მილიარდამდე შემცირდა. ფისკალურ 2023 წელს 22%-ით შემცირდა წმინდა მოგებაც, რამაც $524 მილიონი შეადგინა.