მსოფლიო მოდისა და საცალო ინდუსტრია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც სპეციალიზებული და მექანიზებულია. სხვადასხვა კომპანიის ამგვარი საწარმოო პოლიტიკა პროდუქციის დაბალი დანახარჯით შექმნის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. თუმცა ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგებიც აქვს, რაც გლობალური მიწოდების ჯაჭვის მიერ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევაში გამოიხატება.
World Bank Group-ის მონაცემების თანახმად, ტანისამოსის სექტორში მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 60 მილიონი ადამიანია დასაქმებული. თავის მხრივ, მსოფლიოში არსებული მოდის კომპანიებისა თუ საცალო ინდუსტრიის ბრენდების 97%-ს ქცევის კოდექსი და საკორპორაციო სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტები აქვთ. თუმცა საადვოკატო კომპანია KnowTheChain-ის, განცხადებით, ამგვარი შრომითი პოლიტიკა საკმარისი არ არის იძულებითი შრომის შემთხვევების აღსაკვეთად ან დასაქმებულთათვის რემედიული სერვისების მისაწოდებლად.
საადვოკატო ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იძულებითი შრომის ელემენტები გამოვლინდა მათ მიერ შესწავლილი კომპანიების 54%-ის მომარაგების ჯაჭვში. გარდა ამისა, მოხსენებაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მოდის ბრენდებს მიწოდების ჯაჭვში ყველაზე ცუდი შედეგები აქვთ ექსპლუატაციის ფორმებთან დაკავშირებით.
ზემოთ აღნიშნული კომპანიის მიერ შესწავლილ მოდის ბრენდებს განეკუთვნებიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა ფრანგული Kering-ი (Alexander McQueen და GUCCI-ს მფლობელი კომპანია), LVMH (Christian Dior და Louis Vuitton-ის მფლობელი კომპანია), იტალიური Prada და სხვა ცნობილი ბრენდები.
სფეროს ექსპერტები აღნიშნულ მძიმე ვითარებას ტანისამოსის სექტორში დასაქმებული მუშახელის მოქალაქეობრივ სტატუსს მიაწერენ. ინდუსტრიაში დასაქმებულთა უმეტესობას მიგრანტები ან ლტოლვილები წარმოადგენენ, შესაბამისად, დამსაქმებლებს მათთვის დაბალი ხელფასების შეთავაზებაც შეუძლიათ.
დატოვე კომენტარი