საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. კერძოდ, საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა ირაკლი გილაურმა, თუმცა ის საბჭოში რჩება, როგორც არააღმასრულებელი დირექტორი. სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ბილ ჰუეეტია, რომელიც აქამდე დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
ამასთან, საბჭოს ახალი წევრიც შეემატა – ფაბიან ბლანკი კომპანიის დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორი გახდა.
“მსურს საბჭოს ყველა წევრს მადლობა გადავუხადო მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის კომპანიაში. მჯერა, რომ ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს საბჭოს დამოუკიდებლობას”, – განაცხადა ირაკლი გილაურმა.
GHG-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული და ის საქართველოში უმსხვილესი ჯგუფია, რომელიც სამედიცინო, სადაზღვევო და ფარმა ბიზნესს აერთიანებს.
ამჯერად, საქართველოს კაპიტალი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში 57%-ს ფლობს. BGEO ჯგუფის გაყოფის პერიოდში, დაგეგმილი იყო, რომ ჯგუფის საინვესტიციო ბიზნეს ჰოლდინგური კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ 2018 წლის ბოლომდე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში წილს 50%-მდე შეამცირებდა, თუმცა ამ ეტაზე ეს გეგმა გადავადდა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა წლის პირველ ნახევარში 419.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 13.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლების 60% ჯგუფმა ფარმა ბიზნესიდან მიიღო, ხოლო 34% ჯანდაცვის სერვისებისგან, დარჩენილი 6% კი სადაზღვევო ბიზნესზე მოდის. გაიზარდა ჯგუფის მოგებაც და მან წლის პირველ ნახევარში 28.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
დატოვე კომენტარი