ირანი ირწმუნება, რომ ახალი თაობის ჰიპერბგერითი, საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტა შექმნა, რომელსაც ბგერის სიჩქარეზე 15-ჯერ მაღალი სიჩქარის განვითარება შეეძლება.
ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის მიერ გავრცელებული სატელევიზიო მიმართვის თანახმად, ქვეყნის მიერ წარმოებული ახალი რაკეტა ირანის შეკავების პოლიტიკის შესაძლებლობებს გაზრდის და რეგიონის ქვეყნებს მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს.
მედიაში გავრცელებული ფოტომასალით ირკვევა, რომ რაკეტის შეიარაღებაში მიღების ოფიციალურ ცერემონიალს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცრები, მათ შორის გუშაგთა კორპუსის გენერალი, ჰოსეინ სალამიც ესწრებოდა.
ირანის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი თაობის ჰიპერბგერითი რაკეტის, Fattah-ის საოპერაციო-საცეცხლე მანძილი 1,400 კილომეტრი იქნება.
დაბალი სიჩქარით მოძრავი ბალისტიკური რაკეტების მსგავსად, ჰიპერბგერით რაკეტებს ბირთვული ქობინების ტარების შესაძლებლობაც აქვთ. თუმცა ბალისტიკური რაკეტებისაგან განსხვავებით, ჰიპერბგერითი რაკეტები ატმოსფეროში დაბალ ტრაექტორიაზე დაფრინავენ, რაც სამიზნესთან მისვლის დროსა და მისი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიერ გადაჭერის შესაძლებლობას ამცირებს. ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შემთხვევაში კი რაკეტის ამ დანიშნულებით გამოყენებაც შესაძლებელი იქნება.