ISET-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. კვლევით ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მშპ 4.7%–ით გაიზრდება. მესამე კვარტალში კი ზრდა წინასწარი სცენარით 7.4% იქნება, თუმცა როგორც ISET-ში განმარტავენ, წინასწარი პროგნოზი სავარაუდოდ შემცირდება რამდენიმე პროცენტული პუნქტით.
რაც შეეხება წლიურ პროგნოზს, ISET-ის ინფორმაციით, ყველაზე “ცუდი სცენარის” შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 5.5%–ით გაიზრდება, “ყველაზე კარგი სცენარის” შემთხვევაში 5.9%–ით, ხოლო საშუალო მაჩვენებელი კი 5.6%–ია.
ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად სახელდება რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა. კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში წლის პირველ კვარტალში, 6.6%–იანი და 3%–იანი ზრდა დაფიქსირდა. რუსეთის ეკონომიკა წლის პირველ 4 თვეში 0.7%–ით გაიზარდა. თუმცა თურქეთში წლის დასაწყისიდან ეკონომიკა დაახლოებით 2.6%–ით შემცირდა. ქვეყანაში რეცესია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება.
დატოვე კომენტარი