ISET-მა მიმდინარე წლის მესამე და მეოთხე კვარტლებისთვის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) ISET საქართველოს ეკონომიკის 7.2%-იან ზრდას ელოდება. მეოთხე კვარტლის პროგნოზი კი 6.5%-ია. ამასთან, მიმდინარე წელს კვლევითი ინსტიტუტი ეკონომიკის 6.3%-ით ზრდას ელოდება. პოზიტიურ მოლოდინს ISET რამდენიმე მიზეზით ხსნის – მათ შორის სახელდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მშპ-ს ზრდის პროგნოზის ზრდაზე 5.5%-მდე. სებ-ის განმარტებით, ეკონომიკის ზრდას ხელს უწობს როგორც საგარეო, ასევე ქვეყნის შიდა მოთხოვნის ზრდა და დადებითი ტენდენციები ტურიზმში, ფულად გზავნილებსა და ექსპორტში.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. წელს IMF საქართველოს მშპ-ს 5.5%-იან ზრდას ელის.
ISET აღნიშნავს, რომ დადებითი ტენდენციები შეინიშნება რეგიონის ქვეყნებშიც. მაგალითად, ივნისი-ივლისის პერიოდში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეკონომიკური ზრდა კვლავ შენელებული იყო აზერბაიჯანია.
ივლისში რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა შემდეგი იყო:
სომხეთი – 11%
ყაზახეთი – 3,8%
ბელარუსი – 4.4%
რუსეთი – 2.8%
აზერბაიჯანი – 0.2%.
ISET პროგნოზში არ არის გათვალისწინებული თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურების ეფექტი.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა, აგვისტოში კი ზრდის ტემპი 2%-მდე შენელდა. 8 თვის მშპ-ს საშუალო ზრდა კი 4.8%-ია.
დატოვე კომენტარი