სამუშაო გარემოს ტრანსფორმაციისა და ოპტიმიზაციისათვის მსოფლიო მასშტაბით კვლავ გრძელდება კვლევები. ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლის შედეგებს იკვლევენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ისლანდია, ესპანეთი, ახალი ზელანდია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.
ისლანდიაში ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლის ტესტირება 2015 წლიდან 2019 წლამდე მიმდინარეობდა. კვლევაში მონაწილეობას 2,500-ზე მეტი ადამიანი იღებდა, რაც ისლანდიის სამუშაო ძალის 1%-ს შეადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლები შემცირებულ სამუშაო საათებში იმავე ანაზღაურებას იღებდნენ. დაკვირვება ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის სამსახურებზე, როგორიცაა ოფისები, საავადმყოფოები და სასწავლო დაწესებულებები.
კვლევის შედეგების მიხედვით, თანამშრომელთა პროდუქტიულობა არ შემცირებულა. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში შეინიშნებოდა პროდუქტიულობის ზრდაც. მომუშავეები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსი, შეუმცირდათ სტრესი და პროფესიული გადაწვის რისკები. აქედან გამომდინარე, ისლანდიის დამსაქმებელთა 86%-მა შეამცირა ან აპირებს, შეამციროს სამუშაო საათების რაოდენობა.
ესპანეთიც იმ პირველ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც სამუშაო გრაფიკი კვირაში 40 საათიდან 32 საათამდე შეამცირეს. ამას გარდა, სახელმწიფოს €50-მილიონიანი პროექტის დახმარებით კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ნაკლები რისკით გადავიდნენ შემცირებულ სამუშაო გრაფიკზე. სამწლიანი პროექტის დაწყება სექტემბერში იგეგმება და მასში 200-400-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას. პროექტის შედეგები ფართომასშტაბიან სექტორებზე დაკვირვების შესაძლებლობას შექმნის, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო გარემოს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ტრანსფორმაციას.
დატოვე კომენტარი