ისრაელი აცხადებს, რომ იმ 600 000 ადამიანში, რომლებმაც Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, სიმპტომატური კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები 94%-ით შემცირდა. ამასთან, ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის ორგანიზაცია Clalit-ის ცნობით, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 92%-ით ნაკლები ალბათობაა, რომ აცრილ ადამიანებს ვირუსის შედეგად მწვავე დაავადებები დაემართოთ.
შედარებისთვის მათ იმავე რაოდენობის ადამიანთა ჯგუფზე ჩაატარეს კვლევა, რომელთაც ვაქცინა არ ჰქონდათ მიღებული.
„ცხადად გამოჩნდა, რომ Pfizer-ის კოვიდ-ვაქცინა ძალიან ეფექტიანია მეორე დოზის მიღების შემდეგ“, – განაცხადა Clalit-ის ინოვაციების მთავარმა ოფიცერმა რან ბალისერმა.
პარალელურად, „ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის“ მკვლევრების თქმით, რომლებიც ისრაელში კოვიდ-მონაცემთა ბაზას უზრუნველყოფენ, ვაქცინაციის შემდეგ შეინიშნება ჰოსპიტალიზაციის და მწვავე ინფექციის მკვეთრი კლება 60-ზე მეტი ასაკის ადამიანებში, რომლებიც პირველ ეტაპზე აიცრნენ ქვეყანაში. ხოლო ახალგაზრდებში ჯერჯერობით შედარებით მაღალი იყო ეს მაჩვენებელი, თუმცა მოგვიანებით ამ ჯგუფის ვაქცინაციაც დაიწყო.
ცნობისთვის, ისრაელი ას მოსახლეზე აცრილი მოქალაქეების რაოდენობით მსოფლიოში მოწინავეა. ქვეყანაში, სადაც დაახლოებით ცხრა მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 3.8 მილიონმა მოქალაქემ კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო, ხოლო 2.5 მილიონი უკვე ორივე დოზით აიცრა.
დატოვე კომენტარი