ისრაელში მეხუთე დღეა, „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან „ჰამასის“ მიერ ისრაელის პოზიციებზე, მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ინფორმაციით, 1,200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2,700 კი დაიჭრა. ისრაელის მიერ კონტრშეტევის შედეგად კი, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზის სექტორში 1,055 ადამიანი დაიღუპა, 5,184 კი დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური პირების განცხადებებით, ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტების განეიტრალების შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებისათვის ემზადება. ამ მიზეზით, თავდაცვის ძალებში 300,000 რეზერვისტის მობილიზება მიმდინარეობს. პარალელურად კი ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები და საარტილერიო სისტემები ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამეთაურო შტაბებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გუშინ ღამის განმავლობაში ღაზაში 200-მდე სამხედრო სამიზნე განადგურდა.
კონფლიქტში გარკვეული პერიოდულობით ჩართვას ცდილობს კიდევ ერთი ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლაც“. დღეს ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის პოზიციების მიმართულებით „ჰეზბოლამ“ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები გაისროლა, რასაც საპასუხო იერიში მოჰყვა. „ჰეზბოლას“ განცხადებით, აღნიშნული შეტევა გუშინ ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული სამი მებრძოლისთვის შურისძიება გახლდათ. ისრაელის მიმართულებით ჭურვები გაისროლეს სირიის ტერიტორიიდანაც, რასაც ასევე კონტრზომებით უპასუხა ისრაელმა. „ჰამასს“ მხარდაჭერა ამ პერიოდის განმავლობაში ერაყში პროირანულმა ძალებმა და იემენში „ჰუსიტებმა“ გამოუცხადეს.
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ღაზის სექტორს ამ დრომდე შეწყვეტილი აქვს ისრაელიდან ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებაც. „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლების ინფორმაციით, ღაზაში მდებარე საავადმყოფოებს ელექტროენერგიის გენერატორებისათვის არსებული საწვავი უთავდებათ. „ჰამასის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მეზობლებს ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩართვასა და პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებს.
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ისრაელსა და ეგვიპტესთან ღაზის სამოქალაქო პირებისათვის უსაფრთხო კორიდორის მოწყობის შესაძლებლობებს განიხილავს. ცნობისათვის, ისრაელის მოთხოვნის შემდეგ, ეგვიპტემ ღაზასთან საზღვარი ჩაკეტა და ყველა სახის მიმოსვლა აკრძალა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ჰამასის“ შეტევას ბოროტება უწოდა და განაცხადა, რომ შეტევას ამერიკის 14 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელში სოლიდარობის გამოსაცხადებლად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავა.
საინტერესო განცხადება გაავრცელა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა. მისი განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორზე სრული ბლოკადის დაწესებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.
ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანს „ჰამასის“ შეტევასთან არავითარი კავშირი არა აქვს. კონფლიქტის გამწვავებაში აშშ-ის პოლიტიკა დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
ისრაელის ხელისუფლება ღაზის სექტორში მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას აანონსებს. სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, ოპერაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც რეზერვისტების მობილიზაცია დასრულდება და ისრაელის საჰაერო-სამხედრო ძალები და არტილერია “ჰამასის” კრიტიკულ ინფრასტრუქტურას გაანადგურებს. სახმელეთო ოპერაციის მიზანი, “ჰამასის” სრულად განეიტრალება იქნება.