დაახლოებით 20-წლიანი კვლევისა და ექსპერიმენტების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ უკვე აქვთ მძლავრი ლაზერული იარაღის სამუშაო პროტოტიპი, რომელსაც ჰაერიდან მომავალი რაკეტების, ჭურვების, დრონებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების განადგურება შეეძლება.
ოფიციალური პირების განცხადებით, სისტემამ ისრაელის სამხრეთ უდაბნოში საცეცხლე გამოცდა წარმატებით გაიარა. ტესტირების შედეგად ლაზერული იარაღის სამუშაო პროტოტიპმა რაკეტა, ჭურვი და დრონი წარმატებით გაანადგურა.
ისრაელის პრემიერმინისტრ ნაფტალი ბენეტის განცხადებით, აღნიშნული იარაღი სტრატეგიული ცვლილების მომხდენი ხელსაწყო იქნება. ბენეტი ისრაელის ლაზერული კედლით დაცვის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს. ისრაელის მთავრობამ აღნიშნული იარაღის შესაქმნელად ასეულობით მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.
სისტემის განვითარებაში მონაწილე პროფესიონალების განმარტებით, ლაზერულ იარაღს ფრონტზე სრულად საოპერაციო სახის მისაღებად ჯერ წლები აშორებს. გარდა ამისა, სამხედრო ექსპერტებს უჭირთ იმის თქმაც, თუ რამდენად შეძლებს აღნიშნული იარაღი მძიმე სარაკეტო თავდასხმის წარმატებით მოგერიებას.
მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ლაზერულმა იარაღმა სამეცნიერო ფილმებიდან რეალობაში გადმოინაცვლა. ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვხვდებით ინფორმაციას ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის მიერ ლაზერული იარაღის შეიარაღებაში მიღების შესახებ. ბოლო ცნობებით, აშშ-მ უკვე დაიწყო Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული Helios-ის სამხედრო ხომალდებზე განთავსება.
ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენი განცის განცხადებით, ისრაელი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იქნება, რომელიც ლაზერულ იარაღს შეიარაღებაში წარმატებით მიიღებს. სამინისტრომ ლაზერული სისტემის წარმოებაზე ლიცენზია და $100-მილიონიანი კონტრაქტი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ Rafael Advanced Defense System-ს მისცა.
დატოვე კომენტარი