„ჰამასთან“ მიმდინარე ომის ფონზე, ისრაელის ფინანსთა სამინისტრო მომავალი წლისთვის ქვეყნის თავდაცვის ხარჯების $8.3 მილიარდით გაზრდის საჭიროებას ხედავს. სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 2024 წლის მთლიანი ბიუჯეტი, სავარაუდოდ, გასული წლის მაისში დამტკიცებული $142 მილიარდის ნაცვლად, $155 მილიარდით განისაზღვრება.
სამხედრო ხარჯებთან ერთად, სამინისტროს განცხადებით, დამატებით $2.7 მილიარდი ისრაელის ჩრდილოეთ და სამხრეთ სასაზღვრო რაიონებიდან დაახლოებით 120,000 ადამიანის ევაკუაციისთვის იქნება საჭირო – ასევე 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰამასის“ შეტაკებებით დანგრეული დასახლებების რეკონსტრუქციისთვის, პოლიციისა და უსაფრთხოების სხვა სამსახურების ბიუჯეტის გასაზრდელად.
პროგნოზები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ომის მაღალ ფინანსურ ხარჯს ისრაელისთვის, რომელსაც სახმელეთო ოპერაციისთვის „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზის სექტორში ასიათასობით რეზერვისტის მობილიზება მოუწია, „ჰეზბოლას“ საფრთხისგან თავის დასაცავად კი ჩრდილოეთში ჯარი გააძლიერა.
ფინანსთა სამინისტროს პროგნოზითვე, ღაზაში მაღალი ინტენსივობის ბრძოლები, სავარაუდოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში დასრულდება, რაც ისრაელს რეზერვისტების გარკვეული ნაწილის დემობილიზების საშუალებას მისცემს. ისრაელის პრემიერ ბენჟამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება.
დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ სამთავრობო შემოსავლები $9.7 მილიარდით შემცირება – კორპორაციულ და უძრავ ქონებაზე დაბალი გადასახადების გავლენით. ამასთან ერთად, თუ გეგმურ გადასახადებში ცვლილებები არ შევა, ფისკალური დეფიციტი მშპ-ის 6%-მდე გაიზრდება, რაც კანონით დადგენილ 2.25%-იან ზღვარს ბევრად სცდება. მთავრობა დეფიციტის ლიმიტის ზრდასაც განიხილავს, რომელიც, ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით, 2024 წელს მშპ-ის 4.5%-5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.