ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ ჩვენი მნათობის შესასწავლად გაშვებულმა Parker Solar Probe-ის სახელწოდებით ცნობილმა ხომალდმა მზის ატმოსფეროში, იმავე გვირგვინში გაიარა და შედეგად, კაცობრიობის ისტორიაში პირველი აპარატი გახდა, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო. როგორც ირკვევა, ამ დროს კოსმოსური ზონდი ვარსკვლავის მაგნიტურ ველებსა და ნაწილაკებს იკვლევდა.
NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, Parker Solar Probe-ი მზის ზედა ატმოსფეროში პირველად მიმდინარე წლის 28 აპრილს შევიდა, თუმცა ამ ინფორმაციის დედამიწამდე მოღწევას რამდენიმე თვე დასჭირდა. აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში იმედოვნებენ, რომ იმ ნაწილაკებთან „შეხება“, საიდანაც მნათობი წარმოიქმნა, მეცნიერებს ჩვენს ვარსკვლავზე და მზის სისტემაზე მისი გავლენის შესახებ უფრო კონკრეტულ წარმოდგენას შეუქმნის.
Parker Solar Probe-ის სახელს არაერთი აღმოჩენა უკავშირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ კოსმოსურ ზონდს მზესთან სხვა აპარატებზე ახლოს მისვლა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს Parker Solar Probe-მა მნათობთან ერთ-ერთი მიახლოებისას მზის ქარში ზიგზაგის ფორმის მაგნიტური სტრუქტურები აღმოაჩინა, თუმცა სპეციალისტებისთვის მისი წარმოშობის საიდუმლო ამ დრომდე უცნობი რჩება. რაც უფრო ამცირებს NASA-ს ხომალდი ვარსკვლავის არამყარ ზედაპირამდე მანძილს, მით უფრო უახლოვდებიან მეცნიერები ამ საიდუმლოს ამოხსნას. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Parker Solar Probe-ი მზისკენ 2018 წლის 12 აგვისტოს, ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული ბაზიდან რაკეტა Delta IV Heavy-ის დახმარებით გაუშვა. გეგმის მიხედვით, მისიის ხანგრძლივობა, რომლის ღირებულებაც 1.5 მილიარდი აშშ დოლარია, შვიდ წელიწადს შეადგენს.
დატოვე კომენტარი