იტალიამ ბანკებისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთიდან მიღებულ მოგებაზე ერთჯერადი, 40%-იანი გადასახადი დააწესა. ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც „ბანკების უსამართლო ქცევის წინააღმდეგაა“ მიმართული, ცნობილი ორშაბათს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გახდა.
მკვეთრად გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა იტალიის ბანკებს რეკორდული მოგება მოუტანა. ეს განაპირობა კრედიტორების მხრიდან დეპოზიტებზე თანხის არ შეტანამ, რამაც სესხების ღირებულების მატება გამოიწვია. ცნობისთვის, სექტორზე გაუთვალისწინებელი მოგების გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ესპანეთსა და უნგრეთში.
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მთავრობამ, გადასახადების დაწესების იდეა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში წამოაყენა. გეგმა მაშინ განუხორციელებელი დარჩა, თუმცა ბანკების ქცევამ და წლის პირველ ნახევარში მიღებულმა რეკორდულმა მოგებამ, ხელისუფლებისთვის საკითხი კვლავ აქტუალური გახადა. ქვეყნის ვიცე-პრემიერ მატეო სალვინის განცხადებით, საუბარი არა მილიონებზე, არამედ მილიარდებზეა.
სამშაბათს, ახალი ამბების გავრცელების შემდეგ, ევროპული ბანკების აქციების ფასმა მარტში, Credit Suisse-ის კოლაფსის შემდეგ, საბანკო სექტორისთვის ყველაზე დიდი დღიური კლება განიცადა. იტალიის ორი უმსხვილესი კრედიტორის, Intesa Sanpaolo-სა და UniCredit-ის აქციების ღირებულება შესაბამისად, 8.2%-ითა და 7.2%-ით შემცირდა.
Citi-ის ანალიტიკოსების შეფასებით, გადასახადის დაწესებას იტალიის ბანკების 2023 წლის შემოსავლის 12%-ით შემცირება შეუძლია. Bank of America-ს ანგარიშით, ახალი წესებით, იტალიის მთავრობა 2-3 მილიარდ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მთავრობა გადასახადს მხოლოდ 2023 წლისთვის დააწესებს, რაც, შესაბამისად, ბანკებს მხოლოდ 2024 წლის 30 ივნისამდე ავალდებულებს.