იტალიელმა მეცნიერებმა ჯეტპეკით აღჭურვილი ჰუმანოიდი რობოტი შექმნეს

იტალიელმა მეცნიერებმა ჯეტპეკით აღჭურვილი ჰუმანოიდი რობოტი შექმნეს

რობოტების გადაადგილების პრობლემის გადასაჭრელად, იტალიელმა მეცნიერებმა ერთობ საინტერესო ხერხს მიმართეს – იმ იმედით, რომ გადაადგილების პრობლემის გადაჭრა ფრენით შეიძლება, იტალიელებმა iRonCub-ის სინთეტიკურ ჰუმანოიდ რობოტზე ჯეტპეკი მოათავსეს. პროექტზე იტალიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელოვნური და მექანიკური ინტელექტის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, იტალიელმა დანიელე პუკიმ იმუშავა.

ცნობისთვის, დაახლოებით 300 ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად, ყოველწლიურად, 90 ათასამდე ადამიანი იღუპება – ჯეტპეკიანი რობოტიც სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა. დანიელე პუკის ღრმად სწამს, რომ ერთ დღეს ამგვარი რობოტები საკუთარ დანიშნულებას გადაუდებელი სიტუაციებისას იპოვიან.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად, კატაკლიზმების მართვისას, ჰუმანოიდ რობოტებს ერთგვარი უპირატესობა აქვთ, რადგან ისინი საკუთარ თავს ადამიანებისთვის შექმნილ სამყაროში უკეთესად აღიქვამენ, ვიდრე სხვა ტიპის რობოტები. თუმცაკი, თუკი ჰუმანოიდი რობოტი ბუნებრივი კატაკლიზმის დროს დაზიანდა, მისი უპირატესობა მარტივად გაქრება. ჯეტპეკი, რომელსაც დანიელე პუკის მიერ შექმნილი რობოტი ატარებს, სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიქმნა, რადგან ფრენა – რობოტს დამატებით უპირატესობას შესძენს.

„ღრმად მწამს, რომ მფრინავი ჰუმანოიდური რობოტები კარგი საწყისი წერტილია ადამიანებისთვის ეგზოჩონჩხის შექმნის გზაზე, – აღნიშნავს პუკი. – რიჩარდ ბრაუნინგის ბოლოდროინდელმა წარმატებამ ცხადყო, რომ ამ ფუტურისტული ეგზოჩონჩხების შექმნა, ინჟინრული კუთხით – სავსებით რეალურია. თუმცაკი, ჩვენ მიერ გასავლელი გზა საკმაოდ გრძელია და ამ გზაზე, ექსპერიმენტების ადამიანებზე ჩატარების ნაცვლად, შეგვიძლია ჰუმანოიდი რობოტები გამოვიყენოთ“.

ცნობისთვის, ბრიტანელი რიჩარდ ბრაუნინგი Gravity Industries-ის დამფუძნებელია – სწორედ მისი გამოგონებაა ჯეტპეკის მსგავსი, სრულად ფუნქციონირებადი ჯეტ-კოსტიუმი.

 

ფოტო: Instituto Italiano di Technologia

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *