იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროპარლამენტის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. არჩევნებში მონაწილეობის მიზანი თავისივე პარტია „იტალიის ძმებისთვის“ მხარდაჭერის გაძლიერებაა, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში ის პოსტის დაკავებას არ აპირებს.
„ჩვენ გვსურს, ევროპაშიც გავაკეთოთ ის, რაც იტალიაში გავაკეთეთ. შევქმნათ უმრავლესობა, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტულ ძალებს გააერთიანებს, ხოლო მემარცხენეებს ოპოზიციაში გაგზავნის“, – განაცხადა მელონიმ პარტიის კონფერენციაზე. მიუხედავად მონაწილეობისა, მელონიმ პირობა დადო, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის პრემიერმინისტრობის არცერთი წუთის გამოყენებას არ აპირებს.
მელონიმ, რომლის პარტია სათავეს მუსოლინის ფაშისტური ჯგუფიდან იღებს, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში იტალიას ევროზონის დატოვებისკენაც მოუწოდა, რამაც 2022 წლის არჩევნებში მისი კანდიდატურისადმი ეჭვიც გააჩინა. თუმცა იგი პროევროპულ გზას მიჰყვება, განსაკუთრებით – ისეთ საგარეო პოლიტიკის საკითხებში, როგორიცაა უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი.
ბოლო გამოკითხვებით, იტალიაში ყველაზე პოპულარული სწორედ მელონის პარტიაა. პარტია „იტალიის ძმებს“ მხარს მოსახლეობის 27% უჭერს, ოპოზიციურ „დემოკრატიულ პარტიას“ (PD) – დაახლოებით 20%, ხოლო მემარცხენე „5-ვარსკვლავიან მოძრაობას“ – 16%.
ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის 6-9 ივნისსაა დანიშნული. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს PD-ის ლიდერი ელი შლეინიც, მასთან ერთად კი ცენტრისტული პარტია Forza Italia-ს ხელმძღვანელი ანტონიო ტაიანი. სამივე კანდიდატი იმედოვნებს, რომ კენჭისყრით თავიანთი პარტიებისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას შეძლებენ.