ოდესმე გიოცნებიათ, რომ გაგეხსნათ მცირე სახელოსნო და დასახლებულიყავით მყუდრო სოფელში იტალიის უკიდურეს სამხრეთში, სადაც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ცხელა და თანაც ამაში ანაზღაურებაც მიგეღოთ?
ეს ოცნება შესაძლოა მალე რეალობად იქცეს.
იტალიის სამხრეთ ნაწილში მდებარე კალაბრიის რეგიონი პატარა, მყუდრო სოფლების გამოცოცხლების მიზნითა და ამ სოფლებში დეპოპულაციის ტენდენციის ცვლილებისათვის გეგმავს, მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში, ადამიანებს, რომლებიც ამ სოფლებში გადასახლდებიან, დაიწყებენ მცირე ბიზნესსა და გამოაცოცხლებენ მიძინებულ სოფლებს, 28 000 ევრომდე დაფინანსება შესთავაზოს.
საცხოვრებლად შეთავაზებული ადგილებია როგორც მთაში, ისე ზღვის სიახლოვეს განლაგებული სოფლები ან ორივე ერთად.
თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ თანხას უპირობოდ გადაიხდიან. დაფინანსების მისაღებად ახალი მცხოვრებნი ვალდებული იქნებიან, განავითარონ მცირე ბიზნესი. მათ შესაძლებლობა ექნებათ ან ნულიდან დაიწყონ ბიზნესი, ან გააგრძელონ უკვე არსებული, რომელსაც მათ შესთავაზებენ.
იმისათვის, რომ ამ მყუდრო სოფლებში დასახლდეთ, კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოთ: აპლიკანტი აუცილებლად უნდა დაფუძნდეს ამ სოფლებში და ამასთან არ უნდა იყოს 40 წელზე უფროსი ასაკის. გასათვალისწინებელია, რომ სააპლიკაციო პროცედურების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კალაბრიის რეგიონში გადასახლებისთვის მათ 90-დღიანი ვადა ეძლევათ. პროგრამის ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს შეთავაზება აქტიურ ახალგაზრდებსა და მილენიალებს მიიზიდავს, რომლებსაც მუშაობის დიდი სურვილი აქვთ.
ჯანლუკა გალო, რეგიონალური მრჩეველი, CNN-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ თვიური შემოსავლის ოდენობა ორი–სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 800–1000 ევროს ფარგლებში იქნება. თუმცა აპლიკანტებს ალტერნატივასაც სთავაზობენ. ამ შეთავაზების წყალობით ისინი მიიღებენ ერთჯერად დაფინანსებას ახალი კომერციული საქმიანობის დასაწყებად. მათ მიერ დაწყებული მცირე ბიზნესი შეიძლება იყოს კაფე, ბარი, მაღაზია, რესტორანი; სოფლის მეურნეობის რომელიმე მიმართულება; B&B (მოსასვენებელი და საუზმე) ან სხვა.
ამასთან, ჯანლუკა გალოს განცხადებით, ისინი ტექნიკურ დეტალებზე მუშაობას ასრულებენ, რის შემდეგაც განისაზღვრება დაფინანსების ხანგრძლივობა და ყოველთვიურად მისაღები თანხის ოდენობა. საგულისხმოა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, უნდა მოიცავდეს თუ არა ეს პროგრამა ოდნავ უფრო დიდ სოფლებს, ისეთებს, სადაც მცხოვრებელთა რაოდენობა 3000 ადამიანამდეა. ,,ჩვენ აქამდე დიდი ინტერესი გვქონდა სოფლების მხრიდან და ვიმედოვნებთ, რომ თუ ეს პროგრამა წარმატებით იმუშავებს, ის მომავალ წელსაც გაგრძელდება“.
დატოვე კომენტარი