იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას 42 ახალი ძეგლი შეემატა

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას 42 ახალი ძეგლი შეემატა

კოხ-კერი, კამბოჯა

 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას 42 ახალი ძეგლი შეემატა. 2022-2023 წლებში წარდგენილი ნომინანტებიდან განახლებული სია გაეროს განათლების, კულტურისა და მეცნიერების ორგანომ საუდის არაბეთის ქალაქ რიადში გამართული შეხვედრებისას შეადგინა. გაეროს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რიგით 45-ე სესია 10-დან 25 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

მიმდინარე წლის სიის მნიშვნელოვან შენამატებს შორისაა ისრაელის მიერ ოკუპირებული ქალაქი თელ ეს-სულთანი – ებრაულად იერიქონი. იერიქონი ამ ტერიტორიაზე UNESCO-ს სიაში შეყვანილი რიგით მეოთხე ადგილი გახდა მაცხოვრის შობის ტაძრის, ბატირის ზეთისხილისა და ვაზის კულტურული ლანდშაფტისა და ჰებრონის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ იუნესკოს მიერ, 1981 წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილ იქნა ძველი ქალაქი იერუსალიმიც, თუმცა ორგანიზაცია მას იორდანიის მიერ შეთავაზებულ ადგილად ასახელებს და არა კონკრეტულად ისრაელის ან პალესტინის ტერიტორიად.

ძველი იერიქონი / თელ ეს-სულთანი, მდინარე იორდანის დასავლეთი სანაპირო

მიმდინარე სესიაზე შერჩეულ კულტურულად აღსანიშნავ ადგილებს შორისაა ევროპის მრავალი ისტორიული ქალაქი, მათ შორის კულდიგა ლატვიაში, ერფურტი გერმანიაში, ზატეკი ჩეხეთის რესპუბლიკაში და სხვ. სიაში ასევე მოხვდა გვატემალის ეროვნული არქეოლოგიური პარკი „ტაკ-ალიკ აბ-აჯი“, ბალეს მთების ეროვნული პარკი ეთიოპიაში, ოძალა-კოკოუას ტყის მასივი კონგოში, თურქეთის გორდიონი.

ზატეკი, ჩეხეთის რესპუბლიკა

გარდა ამისა, პარასკევს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა საფრთხის ქვეშ მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაც გააფართოვა, სადაც უკრაინიდან ორი ძეგლი შეიყვანა. ესენია, კიევ-პეჩერის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი და ლავრა (კიევის გამოქვაბულების მონასტერი) და ქალაქ ლვივის ისტორიული ცენტრი. კომიტეტის შეფასებით, ორივე მათგანი, უკრაინის ხელისუფლების მიერ მათი კულტურული საკუთრების დაცვის მცდელობების მიუხედავად, ქვეყანაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.

ერფურტი, გერმანია

„მათი საფრთხის ქვეშ მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა კონვენციის 195 წევრ სახელმწიფოს შეახსენებს, რომ ამ ადგილების დაცვასა და მონიტორინგში წვლილის შეტანა მათივე პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა იუნესკომ. ცნობისთვის, საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში უკრაინის ქალაქი ოდესა იუნესკომ იანვარში შეიყვანა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესაყვანად, ადგილები „გამორჩეულად უნივერსალური ღირებულების მქონე“ უნდა იყოს და ორგანიზაციის მიერ დასახელებული ათი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდნენ. აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით, დასახელებული ადგილი „უზენაესი ბუნებრივი ფენომენი ან განსაკუთრებული ბუნებრივი სილამაზის ტერიტორია“ უნდა იყოს ან წარმოადგენდეს „გარკვეული დროის განმავლობაში ან მსოფლიოს კულტურულ არეალში ადამიანური ღირებულებების მნიშვნელოვანი ურთიერთგაცვლის არეალს“.

იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილი ახალი ძეგლები:

  1. ძინმაის მთების ძველი ჩაის ტყის კულტურული ლანდშაფტი, ჩინეთი
  2. ირმის ქვის მონუმენტები და ბრინჯაოს ხანის ადგილები, მონღოლეთი
  3. გაია-ტუმული, სამხრეთი კორეა
  4. გორდიონი, თურქეთი,
  5. ერფურტის ებრაულ-შუა საუკუნეების მემკვიდრეობა, გერმანია
  6. კოხ-კერი, კამბოჯა
  7. კაუნასის მოდერნისტული არქიტექტურა, ლიეტუვა
  8. ეროვნული არქეოლოგიური პარკი „ტაკ-ალიკ აბ-აჯი“, გვატემალა
  9. ძველი ქალაქი კულდიგა, ლატვია
  10. მენორკის პრეისტორიული ადგილები, ესპანეთი
  11. სანტინიკეტანი, ინდოეთი
  12. აბრეშუმის გზები: ზარაფშან-ყარაყუმის დერეფანი ტაჯიკეტში, თურქმენეთში, უზბეკეთში
  13. გედეოს კულტურული ლანდშაფტი – ეთიოპია
  14. სპარსული ქარვასლა, ირანი
  15. ტრონდეკ-კლონდაიკი, კანადა
  16. ვიკინგების პერიოდის წრიული ციხესიმაგრეები, დანია
  17. ზატეკი და სააზ-ჰოფსის ლანდშაფრი, ჩეხეთი
  18. ოძალა-კოკოუას ტყის მასივი, კონგო
  19. პელის მთის და ჩრდილოეთ მარტინიკის ვულკანები და ტყეები, საფრანგეთი
  20. ძველი იერიქონი / თელ ეს-სულთანი, მდინარე იორდანის დასავლეთი სანაპირო
  21. ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტის ასტრონომიული ობსერვატორიები, რუსეთი
  22. ხინალიგის ხალხი და „კოჩ იოლუს“ ტრანსჰუმანსის მარშრუტი, აზერბაიჯანი
  23. ჯერბა, ტუნისი
  24. ჰოისალის რელიგიური ანსამბლები, ინდოეთი
  25. იოგიაკარტა და მისი ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ინდონეზია
  26. ნიმის  მეზონ კარეს რეზიდენცია, საფრანგეთი
  27. ბალეს მთების ეროვნული პარკი, ეთიოპია
  28. ESMA-ს მუზეუმი და ხსოვნის ადგილი (დაკავების, წამებისა და განადგურების ყოფილი საიდუმლო ცენტრი), არგენტინა
  29. „ეისინგას“ პლანეტარიუმი ფრანეკერში, ნიდერლანდები
  30. ჰოუფველის ცერემონიული მიწის სამუშაოები, აშშ
  31. იოდენსავანის დასახლება და კასიპორა-კრიკის სასაფლაო, სურინამი
  32. სი-ტეპის უძველესი ქალაქი, ტაილანდი
  33. ანატოლიის შუა საუკუნეების ხის ჰიპოსტილური მეჩეთები, თურქეთი
  34. ზაგორის კულტურული ლანდშაფტი, საბერძნეთი
  35. ანტიკოსტი, კანადა
  36. ჩრდილოეთ აპენინის „აორთქლებადი კარსტი“ და გამოქვაბულები, იტალია
  37. ნიუნგვეს ეროვნული პარკი, რუანდა
  38. თურანის ცივი ზამთრის უდაბნოები, უზბეკეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი
  39. ურუკ-ბანის მაარიდი, საუდის არაბეთი
  40. ტიგროვაია ბალკას ნაკრძალის ტუგაის ტყეები, ტაჯიკეთი
  41. რუანდის მემორიალური ადგილები, რუანდა
  42. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი დაკრძალვის ადგილები, ბელგია და საფრანგეთი