სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსის ცვლილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან (ივნისი) შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 1.6%-ით გაიზარდა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური წერს, ეს ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.3%-ით ზრდამ განაპირობა. ამან კი ინდექსის ცვლილებაში 1.28%-იანი წვლილი შეიტანა.
მიმდინარე წლის ივლისში დაფიქსირებული მაჩვენებელი 9.7%-ით აჭარბებს 2022 წლის თებერვლის მონაცემს. ამ პერიოდის განმავლობაში ინდექსის ზრდა, საქსტატის ცნობით, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.1%-ით ზრდამ, ასევე სამშენებლო მასალების 5.7%-ით გაძვირებამ განაპირობა. ამან კი, შესაბამისად, ინდექსის ცვლილებაში 5.79 და 3.17%-იანი წვლილი შეიტანა.