ღრუბლოვანი უსაფრთხოების გამორჩეული Wiz-ი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპია, $200 მილიონის გაყიდვებითა და სულ რაღაც სამ წელიწადში $10 მილიარდის შეფასებით. მაგრამ აღმასრულებელი დირექტორი, ახალი მილიარდერი, ასაფ რაპაპორტი, ულტრააგრესიული მიდგომით ცეცხლოვან კვალს ტოვებს.
Wiz-ის აღმასრულებელი დირექტორი ასაფ რაპაპორტი, ივნისში თელ-ავივის პრაიდის აღლუმზე გავლისას უხერხულად გამოიყურება. გამხდარი და უპრეტენზიოდ ჩაცმული ნაცრისფერ მაისურსა და შარვალში, ის ახლო მეგობრებთან – თანადამფუძნებელ იინონ კოსტიკასა და მარკეტინგის მთავარ ოფიცერ რააზ ჰერცბერგთან ერთადაა, მაგრამ აღსანიშნავია უსაფრთხოების ერთი დეტალიც. ერთი საათით ადრე, თავდამსხმელმა, უცნობი მოტივით, სცადა რაპაპორტთან მისსავე კაბინეტში დაპირისპირება, შემდეგ კი ქვემოთ, ეზოში ჩასაფრებული დაელოდა. დღეს, როდესაც რაპაპორტს ხალხში გასვლა უწევს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი შეიარაღებული მცველი უკან დაჰყვება.
საიდანღაც, უცნობი მის სახელს იძახის. რაპაპორტი იძაბება, მაგრამ ამ ადამიანს მხოლოდ სელფი უნდა; ებრაულად ეუბნება, რომ დედამისი მისი დიდი გულშემატკივარია. დამშვიდებული აღმასრულებელი დირექტორი სელფის იღებს და გზას განაგრძობს. ის არ ჩერდება მანამ, სანამ ის და Wiz-ის პროდუქტის ხელმძღვანელი კოსტიკა არ მიაღწევენ მახლობლად მდებარე წყნარ ხეივანს და გაჩერდებიან იემენურ-ებრაული ნამცხვრის, იაჰნუნის საყიდლად „მირჩევნია, რომ მხოლოდ დედები არ იყვნენ თაყვანისმცემლები“, – ხუმრობს 39 წლის რაპაპორტი.
ისრაელში, სადაც Wiz-ი დაარსდა, ასეთი კვაზისელებრითები იშვიათობა არაა. თითქმის ათი წლის წინ რაპაპორტმა, კოსტიკამ და ორმა მეგობარმა უსაფრთხოების სტარტაპი, Adallom-ი, $320 მილიონად Microsoft-ს მიჰყიდეს, სადაც რაპაპორტი კომპანიას დაეხმარა ისრაელში „საუკეთესო სამუშაო ადგილის“ წოდების მიღებაში და Dun & Bradstreet-ის რეიტინგში Google-ი ჩაანაცვალა. მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი სამი წლის წინ იმავე ჯგუფთან ერთად სხვა სტარტაპში გადავიდა, პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი უნიკორნის აღმასრულებელი დირექტორის როლში ის გლობალურად მნიშვნელოვან ტექნიკურ მოთამაშედ გადაიქცა. სან-ველის მაგნატების ექსკლუზიური შეხვედრისას ის მხარდამხარ დგას OpenAIის სემ ალტმანთან, ესწრება ფორმულა 1-ის რბოლებს, როგორც Amazon-ის VIP-სტუმარი, და აცდენს ცნობილი ვენჩურული კაპიტალის ფირმა Sequoia-ს აღმასრულებელი დირექტორის სამიტს, იმისთვის რომ ლას-ვეგასში, Chainsmokers-თან ერთად კულისებში დრო ატაროს.
ეს მხარე სრულიად ახალია ინტროვერტი რაპაპორტისთვის, რომელსაც, წითელ ბორდერ-კოლისთან სეირნობის გარდა, 5 წლის ბავშვის კვებითი ჩვევები (არა ყავა, არა ბოსტნეული, არა სანელებლები) და რამდენიმე ჰობი აქვს. მიკა, Wiz-ის „მთავარი აღმასრულებელი ძაღლი“ (რომელსაც LinkedIn-ის 2000 მიმდევარი ჰყავს) მას თელ-ავივის ოფისში გვიან ღამით კომპანიონობას უწევს. მაგრამ რაპაპორტი განრიგის ადამიანია, რადგან ის, თავისი უსაფრთხოების ხელსაწყოებით, ერთდროულად იჭერს ორ ტალღას – ღრუბელსა და ხელოვნურ ინტელექტს – და ამას აკეთებს უფრო სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი სხვა.
როცა კორპორაციებს თავიანთი აპლიკაციებისა და მონაცემების უმეტესი ნაწილი ღრუბელში გადააქვთ – $500 მილიარდის ბაზარი სერვისებისა და ხელსაწყოებისთვის, რომელიც, Gartner-ის მიხედვით, იზრდება ჯანსაღ 20%-ზე მეტით – მათი სათანადოდ დაცვის აუცილებლობა ყოველთვის პრიორიტეტული გამოწვევაა. ხელოვნური ინტელექტის მეინსტრიმინგმა ეს ტენდენცია მხოლოდ გაზარდა. როდესაც კომპანიები ისეთი AI-ინსტრუმენტების გამოყენებას ცდილობენ, როგორიცაა OpenAI-ის ChatGPT, ისინი ღრუბელში ტვირთავენ მონაცემთა უზარმაზარ კომპლექტს, რომელიც მათი ვარჯიშისთვისაა საჭირო. მაგრამ ამ ახალ სამყაროში მავნე ჰაკერებს საკუთარი AI-ინსტრუმენტები აქვთ.
აქ შემოდის Wiz-ი, რომელიც აკავშირებს საცავის პროვაიდერებს, როგორიცაა Amazon Web Services ან Microsoft Azure-ი, და ასკანირებს ყველაფერს, რაც ღრუბელში ინახება, აფიქსირებს და პრიორიტეტს ანიჭებს უსაფრთხოების რისკებს. Wiz-ი არ არის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ღრუბლოვანი უსაფრთხოების ბუმით სარგებლობს – ის აწყდება გამოცოცხლებულ საჯაროდ მოვაჭრე გიგანტ Palo Alto Networks-ს ($75 მილიარდის საბაზრო კაპიტალი) და კარგად დაფინანსებულ სტარტაპ-კონკურენტებს. ის ლიდერებს შორისაც კი არაა, მაგრამ უდავოდ მოცემული მომენტის მოთამაშეა.
Microsoft-ის CEO სატია ნადელა შეხვდა რაპაპორტს, რათა მისთვის მოულოდნელი ბრძანება მიეცა: „მე აქ ვარ წესების დასადგენად, თქვენ კი აქ იმისთვის ხართ, რომ წესები დაარღვიოთ”.
რაპაპორტისა და მისი თანადამფუძნებლების „თვითმკვლელობის გეგმამ“, როგორც ისინი ამას უწოდებენ – სწრაფად შეძლონ კომპანიის განვითარება სწრაფი დაქირავებით, დიდი თანხების მოზიდვითა და პირველ რიგში ბაზრის ტოპ-კორპორაციებზე დამიზნებით – ინდუსტრიაში სეისმური ბიძგები გამოიწვია. Wizის მომხმარებლების რიცხვში უკვე არიან Fox-ი, Morgan Stanley და LVMH, რომელთა აღმასრულებელი დირექტორი, პერიოდულად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო, რაპაპორტის ამბიციებით იმდენად აღფრთოვანებული იყო, რომ მან Wiz-ს პირადი ჩეკი გამოუწერა. წლიურმა პერიოდულმა შემოსავალმა 18 თვეში $100 მილიონს გადააჭარბა, რაც ნებისმიერი პროგრამული კომპანიისთვის ამ ეტაპამდე მისვლის რეკორდული მაჩვენებელია. ცხრა თვის შემდეგ კომპანიამ $200 მილიონ დოლარს მიუკაკუნა, რამაც ის Forbes-ის ყოველწლიურ Cloud 100 სიაში მე-15 ადგილზე გაიყვანა.
როდესაც Wiz-მა თებერვალში $10-მილიარდიან შეფასებას მიაღწია $300-მილიონიან D-სერიის დაფინანსების რაუნდში, რომელსაც Lightspeed Venture Partners-ი და Greenoaks Capital Partners-ი ხელმძღვანელობდნენ, ის ფაქტი, რომ მან Wiz-ის ძირითადი ოთხეული ახალ მილიარდერებად აქცია – რაპაპორტი, კოსტიკა, ამი ლუტვაკი და როი რეზნიკი, ყოველი მათგანი 10%-იან კაპიტალს ფლობს – დღის ყველაზე დიდი სიახლეც კი არ ყოფილა. რაპაპორტმა გამოიყენა მომენტი პოლიტიკური პოზიციის დასაფიქსირებლად: მან გამოაცხადა, რომ Wiz-ი მთელ ამ ფულს შეინახავს არა ისრაელში, არამედ აშშ-ში, როგორც პროტესტი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახლახან მიღებული სასამართლო ცვლილებების პასუხად. ის იყო ყველაზე მაღალი დონის ადგილობრივი ტექნიკური ლიდერი, რომელიც საჯაროდ უერთდებოდა დემონსტრანტებს და ქვეყნის ზოგიერთ პროფკავშირს, და მისმა პოზიციამ უზრუნველყო, რომ მისი სახე ამ გაზაფხულზე ისრაელის ყველა ახალ ამბებში გამოჩენილიყო – ეს იყო პოპულარობა, რომელსაც ის ჯერ კიდევ ეჩვევა, იქნება ეს სელფის მაძიებლების გაოცება თუ ოფისის სტალკერები.
„ის ძალიან გულგახსნილია და უყვარს თავისი ქვეყანა, – ამბობს Starbucks-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და მილიარდერი, Wiz-ის ინვესტორი ჰოვარდ შულცი. – მისი სუპერძალა ისაა, რომ ახალგაზრდა ასაკიდან მოყოლებული, თავდაჯერებულობისა და წარმატების მიუხედავად, თავმდაბალ ადამიანად რჩება“.
ყველას არ მოსწონს რაპაპორტის სწრაფი აღმასვლა. Wiz-ის მძვინვარე დაქირავება (750 თანამშრომელი, რომელთაც კიდევ ბევრი დაემატება) და სახსრების მოზიდვა (ჯერჯერობით $900 მილიონზე მეტი) ტექნოლოგიების სფეროში წინა ათწლეულის აღვირახსნილი ხარჯვის გამოძახილია. Wiz-ის კონკურენტებს სიამოვნებთ ნებისმიერი პარალელი იმ ეპოქის უდიდეს კრახთან, რომელსაც მისი საკუთარი ვიზიონერი ისრაელელი თანადამფუძნებელი ხელმძღვანელობდა. მაგრამ ეს ზედაპირული შედარებაა: რაპაპორტისგან განსხვავებით, ადამ ნოიმანი არ ყოფილა ინჟინერი, რომელსაც სახელი WeWork-ის დაწყებამდე ჰქონდა მოპოვებული.
მიუხედავად ამისა, Wiz-ის მსგავს დიდ ფსონს ზეწოლაც ახლავს. ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი თვლის, რომ კომპანიას ზედმეტად აგრესიული ზრდის ტაქტიკა აქვს. ერთ- -ერთმა კონკურენტმა, Orca Security-მ, ივლისში მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და სხვადასხვა ბრალდებას შორის ის პატენტების დარღვევასა და მარკეტინგული მეტაფორების კოპირებაში დაადანაშაულა. Wiz-ის სპიკერმა თამარ ჰარელმა სარჩელის ბრალდებებს „უსაფუძვლო“ უწოდა.
რაპაპორტმა იცის, რომ ის ამჟამინდელ კორპორაციულ სიბრძნეს ეწინააღმდეგება. მაგრამ სტარტაპების სასაფლაო სავსეა პერსპექტიული ტექნოლოგიით, რომელიც არასოდეს გამოვიდა ბაზარზე საკმარისად სწრაფად, ამბობს ის და დასძენს, რომ ღრუბლოვანი უსაფრთხოების რბოლაში გამარჯვებული $100-მილიარდიანი კომპანია იქნება. ასე რომ, სანამ სხვები კონსერვაციისა და უკან დახევის სტრატეგიას ირჩევენ, Wiz-ი ორმაგდება. „ამ პოზიციაში ჩვენი შესაძლებლობები უფრო დიდია, – ამბობს რაპაპორტი. – ეს უსაფრთხოა? ნამდვილად არა“.
რაპაპორტი და მისი სამი თანადამფუძნებელი ერთმანეთს ისრაელის სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროს შეხვდნენ, სადაც მოზარდობისას მათმა ტექნიკურმა შესაძლებლობებმა ისინი ელიტარული დაზვერვის სამმართველოში – Unit 8200-ში მიიყვანა. მათემატიკასა და ფიზიკაში გამორჩეული რაპაპორტი პირველად მსახურობდა Talpiot-ში, ლიდერობის ექსკლუზიურ პროგრამაში, რომელშიც კადეტების მცირე რაოდენობა ვარჯიშობს ისრაელის ყველა სამხედრო სფეროში, და კამპუსის ყაზარმებში ცხოვრების პარალელურად უნივერსიტეტში სწავლობს. იქ ის შეხვდა კოსტიკას, როდესაც მან ის საერთო საცხოვრებლის შემოწმებისას, ჩაფლავებისგან იხსნა.
8200-ში ისინი მსახურობდნენ ლუტვაკთან და რეზნიკთან ერთად, სანამ რაპაპორტი გადავიდოდა პატარა, კიდევ უფრო საიდუმლო ელიტარულ კიბერჯგუფში, Unit 81-ში, შემდეგ კი ორ წელს გაატარებდა კონსულტანტად McKinsey-ში. იცავდნენ რა იმას, რაც მათ ყველაზე კარგად იცოდნენ – უსაფრთხოება – რაპაპორტმა, ლუტვაკმა და რეზნიკმა 2012 წელს ძალები გააერთიანეს, რათა გაეშვათ Adallom-ი, რომელიც თავდაპირველად Microsoft SharePointის ფაილების დაცვაზე იყო ორიენტირებული. Sequoia-დან რამდენიმე მილიონის შეგროვების შემდეგ – მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყოფილი პარტნიორი ჯილი რაანანი, დღეს უკვე ადრეული ფირმის, Cyberstarts-ის დამფუძნებელი იხსენებს, ეს იყო „უღიმღამო იდეა, რომელსაც პრეზენტაციაც არ უვარგოდა“ – რაპაპორტი 2013 წელს გადავიდა სან-ფრანცისკოში, როგორც სტარტაპი, და გააფართოვა თავისი მისია Box-ის, Dropbox-ის, Salesforceისა და ფაილების გაზიარების სხვა საიტების ჩათვლით. (2014 წლის დასაწყისში კოსტიკა შეუერთდა პროდუქტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.) შემდეგ, 2015 წელს, Microsoft-მა გააოცა რაპაპორტი უზარმაზარი ფულადი შეთავაზებით – და შანსით, დაბრუნებულიყო სახლში თავის მეგობრებთან. ინვესტორების უხალისო კურთხევით, Adallom-ი გაიყიდა, და თითოეულმა თანადამფუძნებელმა $320 მილიონიდან საკუთარ ჯიბეში $25 მილიონი ჩაიდო.
როდესაც გარიგება დაიხურა, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა რაპაპორტს პირისპირ შეხვდა და მას მოულოდნელი ბრძანება მისცა: „მე აქ ვარ წესების დასადგენად, თქვენ კი აქ იმისთვის ხართ, რომ წესები დაარღვიოთ“. რაპაპორტმა, რომელიც ისრაელის ქალაქ ჰერცლიაში Microsoft-ის ღრუბლოვანი უსაფრთხოების ახალ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ნადელას სიტყვები გულთან ახლოს მიიტანა. მან დააწესა სამგზავრო ტრანსპორტის პროგრამა ახლომდებარე თელ-ავივის ცენტრიდან, სადაც ის და სხვა ახალგაზრდა თანამშრომლები ცხოვრებას ამჯობინებდნენ, და ოფისის კორპორაციულ მფლობელობაში არსებული ხელოვნების ნიმუშები ბომბსაცავის კარადაში დამალა. როდესაც ნეთანიაჰუს მთავრობამ უარი თქვა გეიადამიანებისთვის სუროგაციის მხარდაჭერაზე, რაპაპორტმა ფეისბუკის პოსტის საშუალებით გამოაცხადა, რომ Microsoft-ი დააფინანსებს ადგილობრივ თანამშრომლებს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის ამ პროცედურების ჩასატარებლად – თვითნებური ნაბიჯი, რომელიც მის უფროსებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
მხოლოდ 2020 წლის თებერვალში, როდესაც კოვიდ-19-ის გავრცელებამ გლობალური გათიშვა გამოიწვია, რაპაპორტმა, Microsoft-ის ისრაელის R&D-ის ცენტრის გენერალურ მენეჯერად დაწინაურების შემდეგ, თავისი ხუთწლიანი ტური დაასრულა. „რედმონდიდან [ვაშინგტონიდან] დაბრუნებისას, თვითმფრინავში ხელსახოცზე დავწერე სია, თუ რისი გაკეთება მინდოდა Microsoft-ში, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, – განმარტავს ის. – როდესაც დავამთავრე ხელსახოცზე წერა, სამსახური დავტოვე“.
რაპაპორტმა და მისმა ძველმა Adallom-მა გადაწყვიტეს, აეშენებინათ რაღაც უფრო დიდი; მათ უბრალოდ არ იცოდნენ, რა. Sequoia-სა და Cyberstarts-ის ძირითადი დაფინანსებით შეიარაღებულებმა, მათ განიხილეს რამდენიმე იდეა, ონლაინ გადახდებით (ცოტა ხნით) დაწყებული, ქსელის უსაფრთხოებამდე. ათობით პოტენციურ მყიდველთან, ძირითადად ინფორმაციული უსაფრთხოების აღმასრულებელ დირექტორებთან საუბრისას, ცდილობდნენ, გაერკვიათ მათი საჭიროებები, და საბოლოოდ ისევ ღრუბლოვან უსაფრთხოებას დაუბრუნდნენ.
დამფუძნებლებმა გაიგეს, რომ კომპანიები, რომლებსაც თავიანთი ოპერაციები ღრუბელში გადაჰქონდათ, მუდმივად გაღიზიანებული იყვნენ იმის გამო, თუ რამდენი დრო სჭირდებოდა არსებული ინსტრუმენტების განლაგებას და რამდენად რთული იყო მათი მუშაობა. დაუცველობა მხოლოდ ერთ ღია კოდის ფრაგმენტში, ხელახლა გამოყენებული ათობით ადგილას, შეიძლება დაჰაკვის აღმოფხვრის უსასრულო თამაშად იქცეს. ღრუბელში, ნებისმიერმა კავშირმა, თუნდაც ერთი შეხედვით არათანამიმდევრულმა, შეიძლება შექმნას ხვრელი დამანგრეველი შეტევისთვის. „უსაფრთხოების გუნდებს დღეს ნამდვილად რთული სამუშაო აქვთ, რადგან მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც რეალურად ვერ აკონტროლებენ“, – ამბობს ლუტვაკი.
Wiz-ის გამოსავალი: ინსტრუმენტი, რომელმაც შეიძლება იმუშაოს ხანგრძლივი ჩამოტვირთვის პროცესის გარეშე (რაც ცნობილია როგორც „აგენტის გარეშე“ პროგრამული უზრუნველყოფა), მოსახერხებელი ინტერფეისით, რომელიც ნებისმიერ დეველოპერს ესმის. მომხმარებლის მიერ AWS-ის ან Azure-ის სერტიფიკატების გადაცემიდან რამდენიმე წუთში, Wiz-ს შეეძლო, შეემოწმებინა გარე სამყაროსთან მათი დამაკავშირებელი ყველა კონტაქტი და გზა. საინფორმაციო დაფა სახელწოდებით „რისკის გრაფიკი“ მიუთითებს პრიორიტეტებს ყველაზე კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით და ეხმარება დეველოპერებს იმის დანახვაში, თუ სად დახარჯონ დრო. წარმოიდგინეთ საოფისე შენობა ათასობით ფანჯრითა და ასობით კარით, ამბობს ლუტვაკი. Wiz-ი ასკანირებდა ყველა მათგანს და პრიორიტეტს ანიჭებდა განბლოკილებს, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ მიწასთან ან სახანძრო გასასვლელებთან.
„ისინი ულტრააგრესიულები არიან და ეს ყველას არ მოსწონს. უნდა იყვნენ თუ არა ისინი ასეთები? დიახ, ეს თამაშის ნაწილია“.
ხალხმრავალ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, მათ შორის Palo Alto Networksის Prisma Cloud-სა და სტარტაპ-უნიკორნებთან მიმართებით, როგორიცაა Orca and Lacework-ი, რაპაპორტი და კომპანია, უპირველეს ყოვლისა, ბაზრის ყველაზე მაღალი ღირებულების კლიენტებს ეძებდა. „ეს მაშინვე ნამდვილად საინტერესო იყო“, – ამბობს Costco-ს ინფორმაციული უსაფრთხოების დირექტორი ჯონ რაპერი, რომელმაც Wiz-ი გამოსცადა 2020 წლის ზაფხულში და ის Costco-ს ყველა შიდა აპლიკაციასა და მონაცემთა ბაზაში ერთი დღის განმავლობაში აამოქმედა. Bridgewater-ის ტექნოლოგიების დირექტორი იგორ ციგანსკი, რომელმაც ხელი მოაწერა Wiz-ის იმდროინდელ უდიდეს მრავალწლიან კონტრაქტს 2021 წლის შემოდგომაზე, დასძენს: „ადამიანთა ჯგუფებს ჰქონდათ ინსტრუმენტები, მაგრამ ROI-ის თითქმის მყისიერად უზრუნველყოფა სხვას არავის შეეძლო“. ის ამბობს, რომ ინვესტიციამ თავის თავი ამოიღო სულ რაღაც ერთ კვირაში, როდესაც ის დაეხმარა Bridgewater-ს, აღმოეჩინა მრავალჯერადი გარღვევა ნულოვანი დღის დაუცველობაზე, სახელწოდებით Log4j, „პოტენციური ციფრული კოვიდი“, რომელიც მის $100 მილიარდზე მეტს კიბერკრიმინალების ხელში ჩაგდებით ემუქრებოდა“.
რაპაპორტისა და მისი ინვესტორებისთვის ასეთი აღფრთოვანებული პასუხები ბოთლში გაჩენილ ელვას ჰგავდა, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა გამოეყენებიათ. მას შემდეგ, რაც რაანანი და მისი ყოფილი კოლეგები Sequoia-ში ხელმძღვანელობდნენ Wizის $20 მილიონის სათესლე რაუნდს, სანამ მას კლიენტები ეყოლებოდა, Index Ventures-მა და Insight-მა, Adallom-ის ყოფილმა მხარდამჭერებმა, უხელმძღვანელეს თითქმის $80-მილიონიან სერია A-ს, რომელიც იმ შემოდგომაზე Wiz-ს $400 მილიონად აფასებდა. 2021 წლის მარტში Wiz-მა შეაგროვა კიდევ $130 მილიონი Advent International-ისა და Greenoaks-ის ხელმძღვანელობით; სულ რაღაც ორი თვის შემდეგ Salesforce-მა, Blackstone-მა და სხვებმა, მათ შორის არნომ და შულცმა, კიდევ $120 მილიონი მოიზიდეს, რითაც ერთი წლის Wiz-ი დაახლოებით $2 მილიარდად შეფასდა. ექვს თვეში ეს რიცხვი $6 მილიარდამდე გაიზარდა, რადგან Insight-მა, Greenoaks-მა და სხვა ინსაიდერებმა 2021 წლის ოქტომბერში კიდევ $250 მილიონის ინვესტიცია განახორციელეს.
„ჩვენ ვებრძვით გიგანტებს, – ამბობს რაპაპორტი მხრების აჩეჩით და აღნიშნავს, რომ Palo Alto Networks-ს მსგავსი რესურსები აქვს. – მე უნდა მქონდეს ინვესტიციის შესაძლებლობა კონკურენციის მისაღებად, რადგან შესაძლებლობა დიდია“.
პანდემიის დაწყების შემდეგ, როდესაც ტექნიკური IPO-ები შეჩერდა და ახალ სახსრებზე სტარტაპების ხელმისაწვდომობა დაეცა, დუგლას ლეონემ, Sequoia-ის ყოფილმა გლობალურმა ლიდერმა, მისწერა მემორანდუმი ფირმის პორტფელის აღმასრულებელ დირექტორებს და მოუწოდა მათ, რომ ფოკუსირება, გადაუმოწმებელი ზრდის ნაცვლად, მოგებაზე მოეხდინათ. ამის შემდეგ მან დაურეკა რაპაპორტს მოკლე შენიშვნით: „რაც ვთქვი, შენ არ გეხებოდა“.
Wiz-ის მზარდ აშშ-ის სათავო ოფისში, მანჰეტენის ჰადსონ-იარდის დეველოპმენტში, გეგონებოდათ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელია, ყოველ შემთხვევაში, თანამშრომლების შემოსვლის დღეებში. ჯადოქრების უმეტესობა, როგორც კომპანია მათ უწოდებს, Wiz-ს გასულ წელს შეუერთდა. თელ-ავივის ოფისთან შედარებით, სადაც 200-კაციანი ძირითადი ჯგუფი (როგორც წესი, ინჟინრები, რომლებიც ერთმანეთს წლების განმავლობაში იცნობდნენ) ყოველდღიურად დადის. აქ კულტურული შოკი აშკარაა. Insight-ის ინვესტორი ტედი ვარდი ამას „კონტროლირებად ქაოსს“ უწოდებს.
Wiz-ის დამფუძნებლებისა და შინაგანი წრის მიღმა, აღმასრულებლები ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდებიან. სექტემბერში რაპაპორტმა ჰერცბერგს, მარკეტინგული გამოცდილების არქონის მიუხედავად, პროდუქტიდან მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გადასვლა სთხოვა, რაც სამი წლის განმავლობაში მესამედ ხდებოდა; წინა მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი, ინდუსტრიის ვეტერანი Oktaდან, სულ რაღაც ცხრა თვე გაჩერდა. მომხმარებელთა აღმასრულებელმა დირექტორმა სამსახური ორი კვირის შემდეგ დატოვა. Wiz-ს აკლია სხვა ძირითადი ლიდერები, რომლებიც მისი ზომის კომპანიაში, წესით, უნდა არსებობდნენ – მაგალითად, ფინანსური დირექტორი; ვაკანსიების საიტ Glassdoor-ზე რამდენიმე ანონიმურმა თანამშრომელმა გამოაქვეყნა, რომ თანამშრომლებს მხოლოდ ერთი წლის გაძლების იმედი აქვთ, რაც ნებისმიერი სიდიდის კაპიტალის მქონე სტარტაპის მოთხოვნაა ხოლმე.
კომპანიები, რომლებსაც თანამშრომლები ასეთი სისწრაფით აჰყავთ, ყოველთვის სწორ ნაბიჯებს არ დგამენ, აღიარებს რაპაპორტი. „Wiz-ში არის რაღაც დამაბნეველი, რადგან ის უკვე დიდი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ახალგაზრდა კომპანიაა“, – მხრებს იჩეჩს ჰერცბერგი. მაგრამ Wiz-ის საბჭო ბედს არ უჩივის: კომპანია ყველანაირ გეგმას გადაჭარბებით ასრულებს. „არაკომფორტული ვარ, მაგრამ მინდა, რომ ვიყო არაკომფორტული“, – რაპაპორტი იხსენებს Index-ის შარდულ შაჰს ერთი წლის თავზე, მას შემდეგ, რაც აღმასრულებელმა დირექტორმა გამოაცხადა, რომ Wiz-ის პროგნოზირებული შემოსავალი პირველ წელს $8 მილიონის ნაცვლად $42 მილიონი იყო. მუდამ გულწრფელი ლეონეც კი, რომელიც, როგორც წესი, კომპანიას მოუწოდებდა, მოეცადათ ერთი ან ორი კვარტალის მანძილზე, ადრეული შედეგების სანახავად ყოველი დიდი აზარტული ნაბიჯის წინ, ამბობს, რომ შედეგებთან დაკავშირებით საკამათო არაფერია: „შეიძლება 100-დან 99-ჯერ მართალი ვყოფილიყავი, მაგრამ ამ საკითხში ვცდებოდი“.
Lightspeed-ის არშამ მემარზადე, რომელმაც გადაიხადა სოლიდური $10 მილიარდი ამ წლის დასაწყისში, თავდაპირველად Wizის ხელიდან გაშვების შემდეგ, ამბობს, რომ აქ საქმე მარტივ მათემატიკასთან გვაქვს: ღრუბლების გამოყენების $1 ტრილიონის გლობალურ ხარჯებთან ერთად, მზარდი შესაძლებლობა – პოტენციურად 5%-იანი წილი – ეძლევა კომპანიებს, რომლებიც მის დაცვას ჰპირდებიან. „ისინი ძალიან ძვირფას სამეზობლოში არიან“, – ამბობს უსაფრთხოებაზე ორიენტირებული საინვესტიციო ბანკი რი, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა თავისუფლად საუბრის მიზნით.
მაგრამ კიბერუსაფრთხოების 50-ზე მეტ სტარტაპს აქვს $1 მილიარდზე მეტი შეფასება, მათ შორის, ბევრი – ღრუბელში. ყველა დიდად მოგებული ვერ გამოვა. Lacework-ი, რომელმაც 2021 წელს საკუთარი $1.3 მილიარდის მეგარაუნდი მოიზიდა და $8.3 მილიარდად შეფასდა, იწყებს საწარმოს ბაზარზე გადასვლას, რაც მას ახალი აღმასრულებელი დირექტორის, Facebook-ის ყოფილ ინჟინერიის ხელმძღვანელ ჯეი პარიკის ქვეშ, Wiz-თან შეჯახების კურსზე აყენებს. შემდეგ არის ისრაელშივე დაარსებული Orca, რომელმაც იმ წელს $550 მილიონი მოიზიდა $1.8 მილიარდის შეფასებით (მისი დებიუტი 95-ე ადგილზე შედგა წლევანდელ Cloud 100-ის სიაში).
უსაფრთხოების გაყიდვების ცივსისხლიანი კულტურისთვისაც კი, ინდუსტრიის რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ Wiz-ის გამყიდველები ეთიკურობის ზღვარზე დადიან, როცა პერსპექტიულ კლიენტებს ეუბნებიან, არ ენდონ კონკურენტების, მაგალითად Orca-ს, ბიზნესში დიდხანს დარჩენის ალბათობას. ივლისში Orca-მ კონფლიქტი გაამძაფრა და უჩივლა Wiz-ს დელავერში ინსტრუქციების წიგნისთვის, რომელსაც მან „Orca-ს ასლი“ უწოდა. ზოგიერთი სავარაუდო ტაქტიკა, როგორიცაა Wiz-ის მიერ ყავის მადუღარას მიტანა საკონფერენციო ჯიხურში მას შემდეგ, რაც Orca-მ იგივე წინა დღით გააკეთა, ბევრს არაფერს ცვლის. სხვები, როგორიცაა პატენტის დარღვევა, უფრო სერიოზული ჩანს. (Orca-მ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.)
Wiz-ის წინაშე დგას სხვა კითხვებიც, როგორიცაა მისი კავშირები Cyberstarts-ისა და სხვა ინვესტორების მეშვეობით მისი ზოგიერთი უდიდესი მომხმარებლის ინფორმაციული უსაფრთხოების აღმასრულებელთან, რაც ზრდის ინტერესთა კონფლიქტის პოტენციალს, ისევე როგორც განცხადებები, რომ ის „ყიდულობს ბიზნესს” ფასდაკლებით, რასაც შემდეგ გაზრდილი ფასებით ანაზღაურებს. რაპაპორტი ასეთ ტალახს „შგე“-ს უწოდებს, როგორც შიშის, გაურკვევლობისა და ეჭვის აბრევიატურას. „თუ ვინმეს აქვს აგრესია, ეს ჩვენი ღირებულებების ნაწილი არაა, – ამბობს ის. – კარგი იქნებოდა, მყოლოდა იმდენი მეგობარი, რომ მათგან $200 მილიონის შემოსავალი მიმეღო“.
Wiz-ის მოკავშირეებიც კი აღიარებენ, რომ კომპანიას ბასრი იდაყვები აქვს, რაც, მათი თქმით, მისი სწრაფი ზრდის საჭიროების შედეგია. „ისინი ულტრააგრესიულები არიან და ეს ყველას არ მოსწონს. უნდა იყვნენ თუ არა ისინი ასეთები? დიახ, ეს თამაშის ნაწილია“, – ამბობს ნადავ ზაფრირი, ისრაელის სტარტაპ-ინკუბატორის, Team8-ის თანადამფუძნებელი, რომელიც ზოგჯერ კონკურენციას უწევს Wiz-ს და მისი დამფუძნებლების ყოფილ მეთაურს Unit 8200-იდან.
რაპაპორტი ასევე ებრძვის უსაფრთხოების ტიტანებს – როგორიცაა Crowdstrike-ი (ბაზრის მოცულობა: $35 მილიარდი), რომელსაც შეუძლია იყიდოს ბაზრისკენ მიმავალი გზა და ააღორძინოს Palo Alto Networks-ი, რომელმაც რესურსები კონკურენტულ პროდუქტში, Prisma Cloud-ში დახარჯა. Palo Alto დებს ფსონს, რომ მომხმარებლებს სურთ ერთი პლატფორმის პროვაიდერი ყველა საჭიროებისთვის და არა მხოლოდ ღრუბელში, ამბობს ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორი ამიტ სინგი; ეს შეთავაზება მას ჯერჯერობით Wiz-ის მინიმუმ ერთი მომხმარებლის დაბრუნებაში დაეხმარა. (უსიტყვოდ, Wiz-მა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა საკუთარი „გაშვების დროის სენსორი“ – ტრადიციული, საინსტალაციო კიბერინსტრუმენტების მსგავსად, რომელსაც მანამდე ეწინააღმდეგებოდა – ცოცხალ შეტევებზე რეაგირების უნარის გასაძლიერებლად). შემდეგი ბრძოლის ველისთვის, არაა საჭირო დღის ტექნიკური თემის – AI-ს მიღმა ხედვა, სადაც მონაცემების ღრუბელში გადატანა ChatGPT-ის მსგავს მოდელებში ნიშნავს კიდევ უფრო მეტ კონკურენციას მის დასაცავად. Wiz-მა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა 33 ტერაბაიტი ტრენინგის მონაცემები, რომლებიც ერთმა მომხმარებელმა საჯაროდ გამოაქვეყნა, ამბობს რაპაპორტი; კომპანია მუშაობს საკუთარ AI-ინსტრუმენტებზე, რათა უპასუხოს კითხვებს კლიენტის ღრუბლის დაყენებასთან დაკავშირებით, ან უხელმძღვანელოს მათ ინციდენტებზე რეაგირების გზით. „აქ საკმარისი საკვებია ყველა ამ პროვაიდერისთვის ხელოვნური ინტელექტის შეჯიბრში, – ამბობს Wedbush-ის ანალიტიკოსი დენ აივსი. – მშიერი არავინ დარჩება“.
ასე რომ, ნუ ელით Wiz-ის შენელებას უახლოეს მომავალში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შეზღუდავს თავის ოპერაციებს IPO-მდე, რომელიც შეიძლება მომავალ წელს შედგეს. ფინანსური დირექტორის დაქირავების მცდელობის მიუხედავად, ის თავის პირველ შენაძენზე ნადირობს. „უცნაურია – რასაც ყველას ეუბნებიან, ყველა გაზეთი, ყველა ვენჩურული კაპიტალისტი, რომელიც რაღაცას აქვეყნებს – მე პირიქით ვაკეთებ”, აღიარებს რაპაპორტი. მაგრამ სწორი გუნდით, დაფინანსებითა და პროდუქტის მორგებით, ის საკუთარ თავს ეუბნება: “მიდი, მიდი, მიდი”.
დატოვე კომენტარი