JAM news-ის ცნობით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პირველი „ჭკვიანი სოფლის“ მშენებლობა იწყება. „ჭკვიანი სოფელი“ მწვანე, ალტერნატიულ ენერგიასა და დაგეგმვის ჭკვიან სისტემას გამოიყენებს. საწყის ეტაპზე ჯამში 450, სამ-, ოთხ- და ხუთოთახიანი სახლების მშენებლობა იგეგმება.
დოვლეტიარლის პირველი „ჭკვიანი დასახლება“ ფიზულის რეგიონში, ყარაბაღის ომის შედეგად აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნებულ ტერიტორიაზე აშენდება. მწვანე და ალტერნატიული ენერგიის გამოსამუშავებლად იქ განთავსდება 50-მეგავატიანი მოცულობის მზის პანელები, რომლებზეც ოცი ადგილობრივი მცხოვრები იმუშავებს. გარდა ამისა, „ჭკვიანი სოფლის“ ფარგლებში გაიხსნება სკოლა, ბაღი, სკვერი, დასახლების ცენტრში კი – ბაზარი. ჩამოყალიბდება აგროტურიზმისა და სასტუმროების ინფრასტრუქტურა.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის „ჭკვიანი სოფლის“ გეგმა რამდენიმე ბიზნესპროექტის განხორციელებასაც ითვალისწინებს. მაგალითად, სოფლის მიმდებარედ „ჭკვიანი სოფლის მეურნეობის“ განთავსება იგეგმება, რომელიც იქ მობინადრეებს სოფლის მეურნეობაში ჩართავს და მათ არც მისი მშენებლობა შეუქმნის დისკომფორტს. ასევე, დოვლეტიარლის ტერიტორიაზე ამოქმედდება პომიდვრის მეწარმეობა, რომლის ფარგლებშიც 40 მუდმივი და 300 სეზონური სამუშაო ადგილი შეიქმნება. დამატებით 85 მუდმივ სამუშაო ადგილს მეფრინველეობის ფერმა უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მწვავედ დგას ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემა. უმეტეს რეგიონში ინტერნეტი მხოლოდ ერთი პროვაიდერითაა უზრუნველყოფილი და დიდი ქალაქების მოსახლეობის უმეტესობამ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაც კი არ იცის.
ეკონომისტ ელმირ საფარლის განცხადებით, „ჭკვიანი ქალაქისა“ და „ჭკვიანი სოფლის“ მეშვეობით, რეგიონში ყველა საწარმო თუ მომსახურების ობიექტი ერთიანი ფორმით იქნება მართული. ეს, თავის მხრივ, რეგიონში უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების მოსაზიდად და ძლიერი ტექნოლოგიური პროექტების განსახორციელებლად მყარ ნიადაგს შექმნის. საფარლი აღნიშნავს, რომ „ჭკვიანი ქალაქისა“ და „ჭკვიანი სოფლის“ პროექტებს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ყარაბაღში ინვესტიციების მოზიდვის პროცესში.
დატოვე კომენტარი