ტექნიკურ ლიტერატურაში უკვე ჩნდება სტატიები, სადაც საუბარია იმაზე, რომ კოვიდპანდემიის პარალელურად, მეორე პანდემია მიმდინარეობს, ანუ ჯანდაცვის მუშაკების გადაქანცვის, გადაღლის, გადაწვის პანდემია, – ამის შესახებ გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტმა გიორგი შაქარიშვილმა გადაცემა Forbes Health-ში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის გადაწვის პანდემია უფრო ნაკლებად ხილულია, და ამაზე შედარებით ნაკლებად არის საუბარი, თუმცა ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ეს ასეა.
„ეს ხალხი უკვე წელიწად-ნახევარია, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, პირველ რიგში კლინიცისტები, თუმცა ასევე ლაბორატორიის თანამშრომლები, ეპიდემიოლოგები და სხვა. ფინანსური წახალისების გარდა ხანგრძლივ პერსპექტივაში სამედიცინო პერსონალის სხვანაირი სტრატეგიული დაგეგმვა არის საჭირო, რათა ქვეყანა უკეთ იყოს მომზადებული ასეთი გამოწვევებისთვის“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
მან საქართველოში კოვიდინფიცირების შედეგად გარდაცვალების დღევანდელი სტატისტიკა პიკურ პერიოდში არსებულ სტატისტიკას შეადარა და აღნიშნა, რომ პროპორციულად დღევანდელ ინფიცირებულთა ფონზე გარდაცვალების რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე პიკის დროს.
„დღეს [11 მაისს] დღიური ინფიცირების შემთხვევა – 1800-მდე, გარდაცვალების 31 შემთხვევა იყო, ხოლო აქტიური შემთხვევა – დაახლოებით 16 000. ამ მონაცემების ფონზე 31 გარდაცვალება არის ძალიან მაღალი. როდესაც ჩვენ ინფიცირების დღიური პიკური მაჩვენებელი გვქონდა დეკემბრის დასაწყისში – დაახლოებით 5400, მაშინ დღიური გარდაცვალება იყო 50. ანუ ხომ არ შეიძლება ამის ერთ-ერთი მიზეზი იყოს ისიც, რომ ჯანდაცვის პერსონალს გადაწვას აქვს ადგილი და ბუნებრივად ხდება კლინიკურ ღონისძიებებში ხარვეზები. ეს შესასწავლია, ამის საფუძველზე დასკვნებია გასაკეთებელი და სტრატეგიული გადაწყვეტილებებია მისაღები“, – აღნიშნა გლობალური ჯანდაცვის ექსპერტმა.
შაქარიშვილმა გადაცემა Forbes Health-ში ქვეყნებისთვის ჯანდაცვის სისტემების სრულყოფილი შეფასების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიამ დღემდე არსებული შეფასების სისტემებში რიგი ხარვეზები გამოავლინა.
„ჯანდაცვის სისტემის შეფასების რამდენიმე მეთოდოლოგია არსებობს. ეს არის ე.წ. JoinT External Evaluation-ი და ასევე Global Health Security Index-ი, რომელსაც ყველა ქვეყანა აკეთებს. საქართველომ 2019 წელს ჩაატარა JoinT External Evaluation-ი, რომელიც საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია. საკითხების ძალიან ფართო სპექტრია შესწავლილი – დაწყებული კანონმდებლობით, დასრულებული ლაბორატორიული სისტემის ფუნქციონირებით. ასევე საკვების უსაფრთხოება და ანტიმიკრობული რეზისტენტობა ანუ ყველა ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, რაც შეიძლება შესწავლილი ყოფილიყო, ამ დოკუმენტშია თავმოყრილი. რომ ვნახოთ, სად არის საქართველო სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ამ შეფასებით საკმაოდ სახარბიელო მდგომარეობაში ვართ, შუის ზემოთ ვართ, მაგრამ ფაქტი აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც სიის დასაწყისში არიან და ყველაზე კარგი შეფასება აქვთ მიღებული, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბევრი სხვა, პანდემიური გამოწვევების წინაშე დადგომისას ძალიან დიდი ზარალი განიცადეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სისტემის მიერ შექმნილი შეფასების მეთოდოლოგია ხარვეზებს შეიცავს“, – განაცხადა გიორგი შაქარიშვილმა.
მისი თქმით, ამ 1წელიწად-ნახევრის გამოცდილებიდან საქართველომ უნდა მოახერხოს და საკუთარი სისტემის შეფასება გააკეთოს. მან ასევე კიდევ ერთ ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ჯანდაცვის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დონეზე აყვანა.
“არიან ქვეყნები, სადაც “ჯანდაცვის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია” ოფიციალური დოკუმენტის სახითაა წარმოდგენილი. ქვეყნისთვის ასეთი დოკუმენტის შედგენა და სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომელიც საკოორდინაციო ფუნქციას შეასრულებს, აუცილებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერთან არის საკოორდინაციო საბჭო, თუმცა ის არ არის მუდმივმოქმედი – პრობლემიდან გამომდინარე შექმნილი საბჭოა. თუკი ჯანდაცვის უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტის მომზადება დღის წესრიგში დადგება, ამ საბჭოს გადახალისებასა და სხვანაირი სტრუქტურული ერთეულის შექმნაზეც იქნება საუბარი“, – განმარტა გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტმა.
დატოვე კომენტარი