“Forbes საქართველო” განაგრძობს რევაზ ვაშაკიძისა და ავთანდილ გოგოლის სტატიების საავტორო სვეტს.
სახელმწიფოში მოსახლეობის ჯანმრთელობის სტანდარტების დაცვა საჭიროა არა მხოლოდ დემოგრაფიული და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფადაც. თუმცა ჯანმრთელობის დაცვა არ ნიშნავს მხოლოდ დაავადებების მკურნალობას; ერის ჯანმრთელობას სამედიცინო ოპერაციებითა და მედიკამენტების არანორმალური მოხმარებით ვერ მივაღწევთ.
საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დანერგვის შემდეგ, 2013-2017 წლებში, ექიმების რაოდენობა საქართველოში 22%-ით გაიზარდა და 27,400-ს მიაღწია. თუ განვიხილავთ ექიმების რაოდენობას ყოველ 100,000 მოსახლეზე, საქართველოში გვყავს 124%-ით მეტი ექიმი, ვიდრე პოლონეთში, დიდ ბრიტანეთთან შედარებით 84%-ით მეტი, ესტონეთთან შედარებით 55%-ით მეტი, გერმანიასთან შედარებით 26%-ით და ა.შ. ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის ექიმების რაოდენობით 100,000 მოსახლეზე საქართველო მესამე ადგილზეა.
საინტერესოა, რომ, ამავე დროს, ექთნების რაოდენობით ბოლოდან მესამე ადგილზე ვართ. მაგალითისათვის, სლოვენიაში ერთ ექიმზე სამი ექთანი მოდის, საქართველოში სურათი საპირისპიროა: ექიმების რაოდენობა 25%-ით აჭარბებს ექთნების რაოდენობას. ანუ ექიმების რაოდენობაა ჭარბი, ექთნების რიცხვი კი – არასაკმარისი.
2013-2017 წლებში საავადმყოფოების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 32%-ით და 2017 წლის ბოლოსათვის 15,100 იყო. აქ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საწოლების დატვირთვის მაჩვენებელი 55%- ზე ნაკლებია. ე.ი. საწოლების თითქმის ნახევარი არ არის დატვირთული.
ექიმთა ჭარბი რაოდენობა, საავადმყოფოებისა და ამბულატორიულ-საპოლიკლინიკო დაწესებულებათა ზრდა, დაუტვირთავი საწოლების არსებობა, ცხადია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არაჯანსაღმა ფინანსურმა სტიმულებმა განაპირობა.
2014 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი განისაზღვრა 588 მილიონი ლარით, ხოლო 2018 წელს 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, ბიუჯეტიდან პროგრამისათვის გამოყოფილი თანხები არც ერთ წელს არ აღმოჩნდა საკმარისი: 2014-2018 წლებში ჯანდაცვის პროგრამებზე ბიუჯეტიდან 3.1 მილიარდი ლარი დაიხარჯა, მაშინ როდესაც ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 2.6 მილიარდი ლარის დანახარჯი, რაც 17%-იან დეფიციტურ ხარჯვას ნიშნავს.
ცხადია, რომ 1. სახელმწიფო თავს ვერ ართმევს ჯანდაცვის პროგრამების ხარჯების სტაბილიზებას და ბიუჯეტური ხარჯვა წლიდან წლამდე იზრდება და 2. ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელზეც მთლიანი ხარჯების 70%-ზე მეტი მოდის.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ყოველი წლის ბოლოს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებისადმი ექვს თვემდე დავალიანებები უგროვდება. ეს ნიშნავს, რომ რეალური დეფიციტური ხარჯვა გაცილებით მეტია, ვიდრე სტატისტიკურად აღირიცხება. ამას შედეგად მოჰყვება კორუფციის რისკები, რაზეც უკვე ხმამაღლა საუბრობენ: საბიუჯეტო დავალიანების გადმორიცხვის სანაცვლოდ ე.წ. kickback-ის ანუ ქრთამის გადახდა მოხელეებისათვის.
ჯანდაცვის სექტორში შემდეგი სურათი იკვეთება: ერთი მხრივ, ჭარბი და აუთვისებელი “აქტივები” – ექიმები, საავადმყოფოები, საავადმყოფო საწოლები და ამბულატორიულ- საპოლიკლინიკო დაწესებულებები; ხოლო მეორე მხრივ ფინანსური რესურსი – სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები, ყოველწლიურად 1 მილიარდ ლარზე მეტი. იმისათვის, რომ ეს ფინანსური რესურსი მივიდეს დანიშნულების ადგილამდე – სამედიცინო დაწესებულებებში – საჭიროა მხოლოდ ერთი დამატებითი რგოლი: პაციენტი. სწორედ აქ იჩენს თავს ყველა ის არაჯანსაღი ფინანსური სტიმული, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის არსებულმა სისტემამ გააჩინა სამედიცინო დაწესებულებებში.
საქმე ისაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პრიორიტეტული მიმართულება არის სტაციონარული მკურნალობა, რომლის მომსახურების 70%-ზე მეტს სახელმწიფო აფინანსებს, სხვა ხარჯები პაციენტმა უნდა დაფაროს. ამბულატორიული მომსახურების შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსების წილი მხოლოდ 43%-ია, დანარჩენი – ჯიბიდან გადასახდელი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სტაციონარული მომსახურება გაცილებით ძვირად ღირებულია, ვიდრე პრევენციული და ამბულატორიული მომსახურება.
ანაზღაურების ეს სისტემა სამედიცინო დაწესებულებებსა და ექიმებს უქმნის პირდაპირ ფინანსურ სტიმულსა და მოტივაციას, რომ მოახდინონ პაციენტის სიტუაციის განზრახ დამძიმება – ე.წ. გაურგენტულება – და მათი გადამისამართება სტაციონარულ მომსახურებაზე ჰოსპიტალებში. და როცა პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსებენ, მას უკეთებენ ყველაფერს, რაც აუცილებელია და რაც საერთოდ არ არის აუცილებელი: ანალიზებს, გამოკვლევებს, მედიკამენტებს, ოპერაციებს. პაციენტის ჰოსპიტალიდან “განთავისუფლება” ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰოსპიტალი სრულად აითვისებს სტაციონარული მკურნალობის საბიუჯეტო ლიმიტს.
შესაბამისად, ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების მიზანი არის არა პაციენტის მკურნალობა, არამედ მისი ინსტრუმენტალიზაცია სახელმწიფოსაგან მეტი დაფინანსების მიღების მიზნით. ეს გახლავთ შედეგი საყოველთაო დაზღვევის არსებული ანაზღაურების სისტემისა და ფინანსური სტიმულებისა.
როდესაც საავადმყოფო საწოლების თითქმის ნახევარი არ არის დატვირთული, სასწრაფო დახმარების სამსახურების როლი პაციენტების საავადმყოფოებში გადანაწილების პროცესში მნიშვნელოვანია. განა შეგვიძლია, ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურების მიერ ავადმყოფების გადანაწილება საავადმყოფოებში მიუკერძოებლად და კორუფციის გარეშე ხდება? დარწმუნებული ვართ, რომ არ გაჩნდა პაციენტების “მომყვანების” ახალი “ბიზნესი”, რომლებსაც საავადმყოფოებში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში “სამკურნალოდ” მიჰყავთ პენსიონერები და ამ მომსახურებაში საავადმყოფოებისაგან კონკრეტულ ანაზღაურებას იღებენ?
მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელთან შედარებით 2018 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული საბიუჯეტო თანხები 400 მილიონი ლარით (75%-ით) გაიზარდა, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხები არ შემცირებულა და 2017 წელს 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა, ისევე როგორც ეს 2014 წელს მოხდა. ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში კერძო დანახარჯების წილი 55%-ია და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ათეულშია ავღანეთის, სუდანისა და იემენის გვერდით. (მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯანდაცვაში კერძო დანახარჯების ასეთი მაღალი წილი გვაქვს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ეკონომიკაზე საგადასახადო ტვირთი 25%-ს აღემატება, რომლის მეოთხედი სწორედ ჯანდაცვაზე იხარჯება.)
ჯანდაცვაზე მაღალი კერძო დანახარჯები, ცხადია, გამოწვეულია სტაციონარული მომსახურების საერთო ხარჯების ზრდით, რომელთაც მოსახლეობა ნაწილობრივ თავისი ჯიბიდან აფინანსებს და მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებით. მოსახლეობის ხარჯების ორი მესამედი სწორედ მედიკამენტებზე მოდის, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფაქტობრივად არ ფინანსდება.
მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების ზრდას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. პირველი: 2013-2018 წლებში მედიკამენტებზე ფასები თითქმის 70%-ით გაიზარდა, რაც იმავე პერიოდში ლარის გაუფასურების პირდაპირპროპორციულია და ამ გაუფასურებითაა გამოწვეული. მედიკამენტების უდიდესი ნაწილი ან იმპორტირებულია, ან ადგილობრივად წარმოებული მედიკამენტების ნედლეული არის იმპორტირებული. ამ პრობლემაზე, რომელსაც ლარიზაცია ვერ უშველის, ჩვენს ერთ- ერთ წინა სტატიაში გვქონდა საუბარი.
მეორე: სამედიცინო დაწესებულების, ფარმაცევტული ქსელისა და სადაზღვევო კომპანიისაგან შექმნილი მოჯადოებული სამკუთხედები. საქმე ისაა, რომ პაციენტის ე.წ. გაურგენტულება არა მარტო ჰოსპიტალურ მომსახურებას, არამედ მედიკამენტების მიღებასაც გულისხმობს. თუ პაციენტი კონკრეტულ ჰოსპიტალში მოხვდა, მკურნალობასთან დაკავშირებული მედიკამენტების შეძენაც ავტომატურად ხდება კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიაში, რომელსაც იგივე ინვესტორი ან მშობელი კომპანია ჰყავს, რაც ჰოსპიტალს.
თუ პაციენტი ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით სარგებლობს, მაშინ მას იმ ჰოსპიტალში მკურნალობა და მედიკამენტების იმ აფთიაქში შეძენა მოუწევს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სადაზღვევო კომპანიასთან. ამ გზით ხდება სადაზღვევო კომპანიის მიერ პაციენტის მკურნალობაზე დახარჯული თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურება პაციენტისავე ჯიბიდან.
ჯანდაცვის სფეროში არსებული დღევანდელი სიტუაციის შეჯამება: საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში თანხების უკონტროლო ხარჯვამ და არაჯანსაღმა ფინანსურმა სტიმულებმა განაპირობა სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმების სიჭარბე, რამაც სამედიცინო მომსახურების ბაზარზე შექმნა კონკურენცია კერძო ბიზნესსუბიექტებს შორის ადამიანთა ჯანმრთელობისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე. ეს სისტემა აბსოლუტურად არაეფექტიანია როგორც პაციენტებისათვის, ასევე სახელმწიფოსათვის და შეიცავს კორუფციის მაღალ რისკებს. ის სასარგებლოა მხოლოდ იმ ბიზნესსუბიექტებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან ხელოვნურად შექმნილ ამ ეკოსისტემაში საბიუჯეტო სახსრების მიღების მიზნით.
ჯანდაცვის არსებულმა პოლიტიკამ კერძო სამედიცინო დაწესებულებებსა და ფარმაცევტულ კომპანიებში ისეთი ბიზნესმოდელის შექმნა განაპირობა, რომლის არსებობა, სიცოცხლისუნარიანობა და წარმატებულობა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტზეა დამოკიდებული. სწორი ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტზე პარაზიტირების ეს ბიზნესმოდელი მყისიერად შეწყვეტს არსებობას.
ჯანდაცვის ხარჯების ეფექტიანი მართვისა და დანახარჯების შეკავების თვალსაზრისით ჯანდაცვის არსებული სისტემა სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. ამ ტემპებით ჯანდაცვის დაფინანსების ზრდა და თან არაეფექტიანი ხარჯვა კატასტროფული შედეგებით დასრულდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, ასევე მოსახლეობისათვის. ამიტომ, აუცილებელია ისეთი მექანიზმებისა და სტიმულების დანერგვა, რომლებიც ეფექტიან მონიტორინგს გაუწევს ჯანდაცვის ხარჯების მიზნობრიობას და მოახდენს ჯანდაცვის დანახარჯების შეკავებას.
საქართველოში სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მართვასა და მონიტორინგს ახორციელებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. მრავალი განვითარებული და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის გამოცდილებით დასტურდება, რომ ჯანდაცვის ხარჯების მონიტორინგისა და შეკავების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი არის ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტული სისტემა.
ასეთ სისტემაში სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მართვას ახორციელებს მრავალი, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი კერძო სადაზღვევო კომპანია. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებს აფინანსებს სადაზღვევო კომპანიების გავლით და არა საავადმყოფოებისთვის პირდაპირი გადახდის წესით.
პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ პირდაპირი მოტივაცია და სტიმული, რომ რისკები სათანადოდ შეაფასონ და ხარჯების მონიტორინგი ეფექტიანად განახორციელონ. გარდა ამისა, ჯანდაცვის ხარჯების მრავალი გადამხდელით ორგანიზებული სისტემა სადაზღვევო კომპანიებს შორის ქმნის კონკურენციას დაზღვეულის სასარგებლოდ სადაზღვევო პაკეტებისა და სადაზღვევო პრემიების შეთავაზების თვალსაზრისით. ასეთი კონკურენტული სისტემა ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას და ამ მომსახურებაზე დანახარჯების ეფექტიან მართვას.
ჯანმრთელი ცხოვრების წესი ავადმყოფობის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობაში ჯანმრთელი ცხოვრების პრინციპების დანერგვა, ცნობადობის ამაღლება და მათი პოპულარიზაცია. მოსახლეობისათვის სპორტული დარბაზებისა და მოედნების მასობრივად ხელმისაწვდომობა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროფილაქტიკური შემოწმებებისა და პრევენციული მკურნალობისათვის ჯანდაცვის არსებული პროგრამები არასწორ ფინანსურ სტიმულებზეა აგებული. საყოველთაო ჯანდაცვის ეს კომპონენტი დასაკორექტირებელია ისე, რომ ასაკის, სამუშაო ადგილისა და სხვა ფაქტორების მიხედვით ხდებოდეს მოსახლეობის ყოველწლიური პროფილაქტიკური კვლევები. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ავადმყოფობის პოტენციური წყაროს დროულ აღმოჩენას, რეაგირებასა და ადრეულ ეტაპზევე მის ეფექტიან მკურნალობას. ძლიერი და ეფექტიანი პროფილაქტიკური ჯანდაცვა არის სტაციონარული ჯანდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების შემცირებისა და ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჯანდაცვისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრების ძირითადი ნაწილი სწორედ პროფილაქტიკაზე უნდა იხარჯებოდეს.
მოსახლეობაში სწორი სტიმულების გაჩენის მიზნით საჭიროა მოსახლეობის ფინანსური მონაწილეობის გაზრდა ჯანმრთელობის დაზღვევაში. კარგად არის ცნობილი ჯანდაცვის პროგრამების კონკრეტული მოქალაქის ფინანსურ შესაძლებლობებზე ადაპტირების პრინციპები. ასეთი სისტემები მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის პროგრამებით. ამავე დროს მინიმალურია სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის საშუალო და მაღალშემოსავლიანი ნაწილის ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები – მათ თავად უნდა შეიძინონ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები კერძო სადაზღვევო კომპანიებისაგან. ეს პრინციპი უზრუნველყოფს არა მარტო საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და ეფექტიან ხარჯვას, არამედ მოსახლეობაში საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის ამაღლებას.
საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მრავალ სხვა კომპონენტთან ერთად მცირე სახელმწიფო ბიუჯეტი აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ტემპებისათვის. ქვეყნის ეკონომიკაზე დღევანდელი 25%-იანი საგადასახადო ტვირთი ეკონომიკის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ბიუჯეტი საგრძნობ შემცირებას საჭიროებს, ეს, ცხადია, ეხება ჯანდაცვასაც. სწორი პრინციპების დანერგვის გარეშე ბიუჯეტის შემცირება შეუძლებელია, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს გახდის საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას.
აუცილებელია, რომ ბიუჯეტის ყველა კომპონენტი, უპირველეს ყოვლისა კი ჯანდაცვის ბიუჯეტი, სწორ პრინციპებსა და მიდგომებზე იყოს აგებული. ეს შესაძლებელს გახდის მისი ეფექტიანობის გაზრდას, ბიუჯეტის მოცულობის შემცირებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში.
———————–
“Forbes საქართველო” განაგრძობს რევაზ ვაშაკიძისა და ავთანდილ გოგოლის სტატიების საავტორო სვეტს.
რევაზ ვაშაკიძის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად საქართველოში შეიქმნა უნიკალური, ვერტიკალურად ინტეგრირებული, კავკასიაში ყველაზე მსხვილი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქათმის ხორცპროდუქტების ინდუსტრიული წარმოება. “ჩირინას” პროდუქტები იყიდება “ბიუ-ბიუს“ ბრენდით როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, მესამე კვარტალიდან ექსპორტი დაიწყება სომხეთში. “ჩირინას” კაპიტალში განხორციელებული ინვესტიცია აღემატება 100 მილიონ აშშ დოლარს. გარდა ამისა, რევაზ ვაშაკიძეს აქვს ინვესტირებისა და კომპანიების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ავთანდილ გოგოლი არის კომპანია Capital Locusის დამფუძნებელი, რომელიც მსხვილ კერძო კომპანიებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებასა და ინსტიტუციონალური ინვესტორებისაგან კაპიტალისა და სესხის მოზიდვის სერვისს. დაფუძნებიდან ორი წლის განმავლობაში კომპანიამ მსხვილი კერძო ბიზნესებისათვის საქართველოსა და სომხეთში მოიზიდა 30 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი უცხოური ინსტიტუციონალური ფინანსური ორგანიზაციებიდან. სტატიების სერიაში ავტორები წარმოგვიდგენენ სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორების კრიტიკულ შეფასებას. ეს შეფასებები, ერთი მხრივ, ეყრდნობა ინვესტორის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების, მოზიდვისა და მართვის პრაქტიკულ, რეალურ გამოცდილებას, მეორე მხრივ კი შემოთავაზებულია ის კონკრეტული რეფორმები და ცვლილებები, რომელთა განხორციელება პირდაპირ და, რაც მთავარია, მოკლე დროში პოვებს ასახვას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, მოახდენს გარღვევას ეკონომიკური ზრდის ტემპებში და უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპების შენარჩუნებას ხანგრძლივ პერიოდში.
დატოვე კომენტარი