„ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ხუთი წელია, უარესდება“, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა, ნინო პერანიძემ გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა. მისი თქმით, სექტორში წმინდა მოგების მარჟა განახევრდა, და ბიზნესსექტორის საშუალომოგებიანობაზე უკვე ორჯერ ნაკლებია, ანუ სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
ანალიტიკოსის თქმით, ამას ემატება სახელმწიფოს მიერ კომპანიების მიმართ დაგროვილი დავალიანება, რომელიც სექტორის ლიკვიდობას აუარესებს და უბიძგებს მათ, დამატებითი სასესხო ვალდებულებები აიღონ. „სასესხო ვალდებულებების დინამიკაც საკმაოდ ნეგატიურია, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გასამმაგდა და შეიქმნა ვითარება, როდესაც სექტორისთვის რთულია დამატებითი სასესხო ვალდებულებების მოზიდვა.
საბოლოო ჯამში, სექტორის ლიკვიდობა უკვე იმ ზღვარზეა, რომ კომპანიების 75%-ს უჭირს საოპერაციო მოგებიანობის ხარჯზე ვალდებულებების გასტუმრება, შესაბამისად, ეს დაგროვილი რისკები გადადის სექტორთან დაკავშირებულ მხარეებზე: მიმწოდებლებზე, თანამშრომლებზე, რომელთა სახელფასო ვალდებულებებიც გვიანდება, საბანკო სექტორზე, დაბოლოს, გაუარესებული ხარისხის ხარჯზე – პაციენტზე“, – განაცხადა Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა.
ცნობისთვის, Galt&Taggart-მა და საერთაშორისო ფონდმა, “კურაციომ” ერთობლივი კვლევა – “ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი” მოამზადა, რომელშიც ინდუსტრიის რისკები და გამოწვევებია გაანალიზებული.
დატოვე კომენტარი