ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა – RTS,S, იგივე Mosquirix-ი დაამტკიცა, რომელსაც, მათი რეკომენდაციით, ამ ეტაპზე სუბსაჰარულ აფრიკასა და მალარიის მაღალი გავრცელების მქონე ყველა სხვა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის გამოიყენებენ.
„ეს ისტორიული მომენტია. ბავშვებისათვის უსაფრთხო მალარიის საწინააღმდეგო ნანატრი ვაქცინა მეცნიერებისთვის, ბავშვების ჯანმრთელობისა და მალარიის კონტროლისთვის ნამდვილი გარღვევაა“, – აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეისუსმა „ამ ვაქცინისა და მალარიის საწინააღმდეგო სხვა არსებული საშუალებების ერთობლივი გამოყენებით, ყოველწლიურად ათიათასობით ახალგაზრდას სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ“.
„საუკუნეების განმავლობაში მალარია სუბსაჰარულ აფრიკას კვალდაკვალ სდევდა და თან აურაცხელი ტანჯვა მოჰქონდა“, – აღნიშნა ჯანმოს რეგიონალურმა ხელმძღვანელმა აფრიკის რეგიონში, მატშიდისო მოეტიმ. „მალარიის საწინააღმდეგო ეფექტიან ვაქცინას დიდი ხნის განმავლობაში ვნატრობდით და ახლა, ისტორიაში პირველად, ასეთი ვაქცინის ფართო გამოყენების რეკომენდაციას გავცემთ. დღევანდელი რეკომენდაცია იმედის ნაპერწკალია იმ კონტინენტისთვის, რომელსაც ეს დაავადება ყველაზე მძიმე ჯვრად აწევს და იმედს ვიტოვებთ, რომ მალარიისაგან უფრო და უფრო მეტ აფრიკელ ბავშვს დავიცავთ, რომლებიც ჯანმრთელ ზრდასრულებად გადაიქცევიან“.
ცნობისთვის, ჯანმოს ეს გადაწყვეტილება განაში, კენიასა და მალავიში გამართულ საპილოტე პროგრამას ეყრდნობა, რომლის ფარგლებში, 2019 წლიდან 2.3 მილიონ დოზაზე მეტი გაკეთდა. მალარიის საწინააღმდეგო ეს ვაქცინა ებრძვის ვირუსს, სახელწოდებით P. falciparum, რომელიც აფრიკაში ყველაზე გავრცელებულია და მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა.