გიორგი კვირიკაძის სახელს არაერთი ჯანსაღი ბიზნესის წამოწყება უკავშირდება. მის გონებაში ბავშვობიდან ბევრი ბიზნესიდეა ტრიალებდა, თუმცა რეალური ბიზნესი 2010 წელს წამოიწყო. ჯერ იყო ხეხილის ბაღები, შემდეგ ჩირის უმსხვილესი ქართული მწარმოებელი „ჩიკორი“, მას მოჰყვა ჯანსაღი საბავშვო ორცხობილები „ლიბე“ და ბოლოს „8000 მოსავალი“, რომელიც პრესტიჟულ და საინტერესო სივრცედ იქცა არა მხოლოდ ღვინის კულტურის მოყვარული ადგილობრივებისთვის, არამედ უცხოელებისთვისაც. ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება „სელექტის“ სპეციალური რუბრიკის ფარგლებში, Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
გიორგი, როგორ გაჩნდა „ჩიკორის“ შექმნის იდეა?
2010 წლიდან მე და ჩემი მეგობარი სოფლის მეურნეობის ბიზნესში ჩავერთეთ, კერძოდ, ქარელში ხეხილის ბაღები გავაშენეთ, ხოლო მოსავლის აღების დრო რომ დადგა, გაგვიჩნდა იდეა, რომ ჩირის წარმოებაც დაგვეწყო. აქცენტი ძირითადად ქლიავზე და ქლიავის ჩირზე გვქონდა, რომელიც მაშინ ჩვენს ბაზარზე დეფიციტური და თან ძალიან ძვირი იყო. 2015 წელს გამოცხადდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო პროგრამა, რამაც გვიბიძგა, ჩირის საწარმოს იდეა განგვეხორციელებინა. პირველი ინვესტიცია დაახლოებით 400 000 დოლარი იყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი. მას შემდეგ დღემდე სამჯერ მეტი გვაქვს ინვესტირებული. ტერაბანკი ამ პროცესშიც ჩვენი აქტიური მხარდამჭერია.
რა გამოწვევებს გადააწყდით წარმოების ამუშავებისას?
ბევრი გამოწვევა გვქონდა. თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა ის იყო, რომ საწარმო აშენებული გვქონდა და ტექნოლოგს ვერ ვპოულობდით, რასაც მანამდე ვერც წარმოვიდგენდით. აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ხილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი იყო, საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ჩირი არ იწარმოებოდა, შესაბამისად, ეს ცოდნაც არ არსებობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხომ მით უმეტეს. ამიტომ ჩვენ თავად დავიწყეთ სწავლა და განვითარებისთვის ბევრი დრო დაგვჭირდა. ეს ვითარება რომ არა, ახლა გაცილებით წინ ვიქნებოდით. თუმცა შედეგებით მაინც კმაყოფილი ვართ. შარშან 700 ტონაზე მეტი ხილი გადავამუშავეთ, მაშინ როცა პირველ წელს – მხოლოდ 80 ტონა. ყოველ წელს ვზრდიდით და ვზრდით ამ რიცხვს და ვგეგმავთ, 2024 წელს 2000 ტონამდე ავიდეთ.
გაქვთ შესაბამისი წარმადობა?
ინვესტიციების კიდევ ჩადებას ვაპირებთ, რათა ახალი ხაზები დავამატოთ. შარშანაც დავამატეთ. შედეგად ვფიქრობ, რომ გაისად 2000 ტონის დამუშავებას შევძლებთ.
სად რეალიზდება თქვენი პროდუქციის უმეტესი ნაწილი, ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზრებზე?
ახლა მივდივართ იქით, რომ 2024 წელს შავი ქლიავის წარმოების რუკაზე საქართველოც გამოჩნდება, როგორც ამ პროდუქტის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი. ამაში კი ჩვენი კომპანია შეიტანს წვლილს. ჩვენ შეგვიძლია დიდი რაოდენობის წარმოება.
თქვენი პროდუქტი რომელ ქვეყანაშია ყველაზე მეტად მოთხოვნადი?
ექსპორტზე გაგვიტანია სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ჰონკონგში, ბრიტანეთში, იაპონიასა და კანადაშიც, მაგრამ ჩვენი ძირითადი პარტნიორები საფრანგეთიდან არიან და ჩვენგან შეძენილ პროდუქტს ევროპის სხვადასხვა ქვეყანას აწვდიან. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში შედის, სხვაგან – არა. არც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გაგვაქვს.
აღსანიშნავია, რომ დსთ-ის ქვეყნებში შავი ქლიავის ჩირის მიწოდებით ისტორიულად უზბეკეთი დომინირებდა. ეს ქვეყანა იაფად და დიდი რაოდენობით აწარმოებს ამ პროდუქტს. შესაბამისად, „იაფი ქვეყნები“ უზბეკეთს აქვს დაპყრობილი. როცა ჩვენ წარმოება დავიწყეთ, ჩირი საქართველოშიც მეტწილად უზბეკეთიდან შემოდიოდა. მხოლოდ შარშან მოვახერხეთ, რომ უზბეკური ჩირი ადგილობრივ ბაზარზე ჩაგვენაცვლებინა. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი დამსახურება არაა. სხვა კომპანიებიც გაჩნდა, რომლებმაც ჩირის წარმოება დაიწყეს და უზბეკური პროდუქციის შემოტანის საჭიროებაც აღარ დგას.
ევროპის ბაზარზე ვინ არის თქვენი ძირითადი კონკურენტი?
სერბეთი. ასევე საფრანგეთიც, თუმცა ამ ქვეყანას შედარებით ძვირი პროდუქცია აქვს. ევროპული ბაზრისთვის შავი ქლიავის ჩირის დიდი მიმწოდებელია ჩილე და აშშ-ც. იმედია, ჩვენც ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გავხდებით. ეს არის ჩვენი მიზანიც. მოთხოვნა არის, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ წარმოება უნდა გავზარდოთ.
თქვენს სხვა ბიზნესებზეც ვისაუბროთ… ჩირის წარმოების დაწყების შემდეგ 2017 წელს გაგიჩნდათ საბავშვო ორცხობილების წარმოების იდეაც. რით არის „ლიბე“ სხვა მსგავსი პროდუქციისგან გამორჩეული?
ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ყველა საბავშვო ორცხობილას პალმის ზეთისგან ან მარგარინისგან აწარმოებენ, რაც არ არის ჯანსაღი. ჩვენ გადავწყვიტეთ, კარაქზე დაგვემზადებინა. ხოლო შემდეგ გადავედით პროდუქციის სიმინდის ზეთისგან დამზადებაზე. მანამდე ექიმებთან გვქონდა კონსულტაციები და მივიღეთ რეკომენდაცია, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ორცხობილების დამზადება სიმინდის ზეთზე ჯობია. ასევე, ჩვენი ორცხობილა შეიცავს მინიმალურ შაქარს.
რაც შეეხება ბაზარს, ის ძალიან კონკურენტულია. დიდი ბრენდებია წარმოდგენილი. ჩვენი კონკურენტების პროდუქცია ძირითადად მშობელზეა გათვლილი, მშობლები კი გემოვნური თვისებების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას, შეიძინონ თუ არა პროდუქტი. არადა, 6 თვის ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი პროდუქტი. არომატიზატორები კი მას აგემრიელებს. ჩვენი პროდუქტი მაქსიმალურად ჯანსაღია. ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა ისიც, რომ „ლიბეს“ ორცხობილა იმპორტირებულებთან შედარებით იაფია.
სად ახდენთ მის რეალიზაციას?
ჯერჯერობით საქართველოს ბაზარზე ვართ, თუმცა ნიმუშები საცდელად კანადასა და ინგლისში აქვთ წაღებული და ვნახოთ. თვეში დაახლოებით 35 000 ცალს ვაწარმოებთ. მხოლოდ აფთიაქებში ხდება რეალიზაცია. ჩვენი ორცხობილები ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში იყიდება. ცუდია ის, რომ ქვეყანაში ბავშვების რაოდენობა არ იზრდება. შობადობა ბოლო წლებია, მცირდება იმის გამო, რომ მოსახლეობა გადის ქვეყნიდან. ეს ჩვენს გაყიდვებზეც აისახება. მართალია, გაყიდვები არ გვიმცირდება და ყოველწლიურად იზრდება, თუმცა უმნიშვნელოდ.
თქვენ მიერ დასახელებული გამოწვევებიდან გამომდინარე, განვითარების რა ხედვა გაქვთ შემუშავებული?
ვფიქრობთ, რომ ახალი პროდუქცია გამოვუშვათ, რომელიც უფრო მაღალ ასაკზე იქნება გათვლილი. ახლანდელი ორცხობილების მომხმარებლები 6 თვიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ასევე ვაპირებთ ექსპორტსაც.
ღვინის მაღაზიების ქსელის, „8000 მოსავლის“ ბიზნესზეც მინდა გკითხოთ, რომელიც პარტნიორებთან ერთად დაახლოებით 5 წლის წინ გახსენით. როგორი შედეგები აქვს ამ კომპანიას?
ეს კომპანიაც მზარდია. თითქმის 100%-იანი ზრდა გვაქვს ყოველ წელს. იდეა იყო, რომ ეს კონცეფცია შექმნიდან მალევე საზღვარგარეთ გაგვეტანა. თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოშიც დიდი მოთხოვნა გაჩნდა. არ მეგონა, ამ სივრცეზე ასეთი დიდი მოთხოვნა თუ იქნებოდა. მიხარია, რომ ჩვენი ქსელის დახმარებით ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურა და ზოგადად, ღვინის მოხმარების კულტურა ახლებურით შეიცვალა. ადრე თუ სუფრასთან დიდი რაოდენობის ღვინო უნდა დაგელია, ახლა ახალგაზრდები ღვინის სმით უფრო მეტად სიამოვნებას იღებენ, აგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოებს და ახალ გამოცდილებას იძენენ. გარდა ამისა, „8000 მოსავლის“ ფორმატის მაღაზიის გახსნამ ღვინის მარნები, მცირე მეწარმეები წაახალისა. მივიწყებულ ჯიშებზე გაჩნდა მოთხოვნა. ამჟამად ოთხი მაღაზია-ბარი გვაქვს თბილისში, შარშან გავხსენით ბათუმში და ერთ თვეში ბერლინშიც გაიხსნება.
რატომ ბერლინი?
იმიტომ რომ ის ერთგვარად ევროპის ცენტრია. ზუსტად იმავე ფორმატით იქნება ღვინის მაღაზია იქ, როგორც საქართველოში.
როგორ გაქვთ გადანაწილებული დრო ბიზნესებს შორის?
ყველა კომპანიას ჰყავს თავისი მენეჯმენტი, რომლებიც ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს იღებენ. მე ძირითადად გრძელვადიან გადაწყვეტილებებში ვარ ჩართული.
რაც შეეხება ტერაბანკს, რა გამოცდილება დაგიგროვდათ მასთან მიმართებით?
დაბოლოს, რომელია „სელექტის“ ის პროდუქტები, რასაც რეკომენდაციას უწევთ?
პირადი ბანკირის მომსახურებას, რომელიც მუდმივად ცდილობს, სწრაფად გადაჭრას ის პრობლემა, რაც მაქვს. ამასთან, ვენდობი ტერაბანკს და დეპოზიტები მათთან მაქვს განთავსებული.
რუბრიკის წარმდგენია ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება – სელექტი
დატოვე კომენტარი