ჯაყოს ხიზნები

ჯაყოს ხიზნები

2014 წლის აპრილში „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ვიცე-პრემიერ კალაძის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ წელიწად-ნახევრის წინ „აღადგინა ძალადობა და უსამართლობა“, ბევრმა მექანიკურ შეცდომად მონათლა. თუმცა ფსიქოლოგიის ენაზე ამგვარ შეცდომას „ფროიდული წამოცდენა“ ჰქვია. ფროიდული წამოცდენაა, როდესაც ადამიანი უნებლიეთ ამჟღავნებს მის ქვეცნობიერში დალექილ რეალურ სურვილებსა თუ წარმოდგენებს.

მართლაც, თუ თვალს გადავავლებთ ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ძნელია არ დავეთანხმოთ კალაძეს. საქმე სწორედ აღდგენილ ძალადობასა და უსამართლობასთან გვაქვს – იმგვართან, რომელიც დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდათ საქართველოს კანონმორჩილ მოქალაქეებს. ძნელია, სხვანაირად შევაფასოთ ის ცინიკური რეალობა, რომელშიც სახელმწიფო ერთი მხრივ, აჯილდოებს შევარდნაძისდროინდელი მილიციის ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ ფიგურას, სოსო ალავიძეს და, მეორე მხრივ, აპატიმრებს მათ, ვინც კანონმორჩილი მოქალაქეები ალავიძის მილიციისგან გაათავისუფლა; რეალობა, რომელშიც სანიმუშო ქართველი სამხედროების წინააღმდეგ შეკერილ საქმეებში მტკიცებულებად სეპარატისტი ბაღაფშის სიტყვები ფიგურირებს; რეალობა, რომელშიც პოლიტიკური პარტიის უკანონო დაფინანსების ბრალდებით ივანიშვილი(!) იჭერს გიგი უგულავას…

ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის შემდეგ, რომელიც შეკვეთილი მკვლელობის ყველა ნიშანს ატარებდა, რომლის მსგავსიც შევარდნაძის ეპოქის მერე აღარ გვინახავს და რომელიც ხელისუფლებამ ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე წუთში „თვითმკვლელობად“ მონათლა, ბევრმა აღნიშნა, რომ 90-იანი წლების სრულად დასაბრუნებლად მხოლოდ გატაცებული და გამოსასყიდში გაცვლილი (ან მოკლული) ბიზნესმენიღა გვაკლდა.

აღდგენილი ძალადობისა და უსამართლობის სახე არა იმდენად კონკრეტული სისხლისსამართლებრივი საქმეებია (თუმცა თავისთავად ეს საქმეები გამაოგნებელია ძიების პროცესში ჩადენილი დანაშაულების მასშტაბით), რამდენადაც ამ საქმეების კონტექსტი, რომელიც ცალსახად აჩვენებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ღირებულებებსა და პრიორიტეტებს. როდემდე შეიძლება დავაჯეროთ ადამიანები, რომ ბოროტების იმპერიის მსახური ჩახალიანი, უდანაშაულო ადამიანების მკვლელი მარეკ დუდაევი, ანტიდასავლური იდეის მოქადაგე რელიგიური ექსტრემისტები და რუსული დაზვერვის შტატიანი ოფიცრები იმსახურებენ თავისუფლებას, ხოლო ისინი, ვინც კანონმორჩილ მოქალაქეებს ასეთი არსებებისგან იცავდნენ, ციხეში უნდა ისხდნენ?

არა მარტო ის, თუ ვის იჭერს ხელისუფლება, არამედ თუ ვის არ იჭერს ის, არის შერჩევითი სამართლის ცალსახა მიმანიშნებელი. შერჩევითია სამართალი, როცა ერთი და იმავე ტიპის ქმედება ნარმანიას მშობლის შემთხვევაში „დედობრივ მზრუნველობად“ კვალიფიცირდება, ხოლო უგულავას შემთხვევაში – კრიმინალად. „ქართული ოცნების“ მიერ დანერგილი სტანდარტით, პრაქტიკულად ყველა იმ „დანაშაულზე“, რომლისთვისაც დევნიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, დღესვე იქნებოდა შესაძლებელი ამჟამინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა პასუხისგებაში მიცემა (სხვა, უფრო მძიმე სავარაუდო დანაშაულებს რომ არ შევეხოთ). რაც ყველაზე საგანგაშოა, „აღდგენილი ძალადობა და უსამართლობა“ სრულ თანხვდენაშია რუსეთის გაცხადებულ მიზნებსა და მოთხოვნებთან…

ქართული ჯამაჰირია

„ლიბიის დიადი სოციალისტური სახალხო არაბული ჯამაჰირია“ – ასე ერქვა ოფიციალურად მუამარ კადაფის სამფლობელოს. „ჯამაჰირია“ ხალხის მასების მმართველობას ნიშნავს, თუმცა, რეალურად, კანონზე მაღლა მდგომი ერთი ინდივიდის შეუზღუდავ ძალაუფლებას გულისხმობდა.

ლიბიისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ისტორია ყოველთვის „წინ“ (განვითარებისა და თავისუფლებისკენ) არ მიდის. გვხვდება შემთხვევები, როცა განვითარებული, სეკულარული სახელმწიფოები ჩამორჩენილ, ფუნდამენტალისტურ, ცივილიზაციის პერიფერიაზე მოდრეიფე ტერიტორიებად დეგრადირდებიან. ამ სცენარისგან დაზღვეული არც საქართველო აღმოჩნდა, რომელსაც სულ რაღაც 2005 წელს აშშ-ის პრეზიდენტი „თავისუფლების ჩირაღდნად“ მოიხსენიებდა, დღეს კი არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ ქვეყნის რეალური მმართველი კანონს მიღმა მდგომი ოლიგარქია.

ივლისის დასაწყისში გიგი უგულავას დაპატიმრება ქვეყნის კადაფიზაციისა და ჯამაჰირიად ქცევის ერთ-ერთი ბოლო ნიშანი იყო. უგულავას დაპატიმრების შემდეგNY Times-ი წერდა, რომ თბილისის ყოფილი მერი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე იჯდებოდა ციხეში. მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ავტორიტეტული გამოცემა ცდება: უგულავა ციხეში არა „სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე“, არამედ ივანიშვილის ჯამაჰირიის დასასრულამდე იჯდება, ნებისმიერი უკანონობის ფასად. შინაგანი რწმენა მყარად გვკარნახობს, რომ არსებული პოლიტიკური რეალობის პირობებში, მას ციხიდან არავინ გამოუშვებს (ან მას და სხვა პოლიტპატიმრებს გამოუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ოლიგარქს ყველაზე დიდი თევზის დაჭერასა და „9 წლის“ დელეგიტიმაციაში დაეხმარებიან, რაც იმთავითვე მიუღწევადი ამოცანაა). ამდენად, უგულავა არა მხოლოდ კლასიკური გაგებით პოლიტპატიმარია (განსხვავებით „ოცნების“ მიერ ამ სტატუსით გათავისუფლებული გრუ-ს აგენტებისგან), არამედ – ივანიშვილის პირადი პატიმარი. ამ მხრივ, ეს შევარდნაძისდროინდელი საქართველოს ანალოგიც კი არაა. ეს დაახლოებით ასლან აბაშიძის აჭარაა, ოღონდ უარესი, ვინაიდან აბაშიძისგან განსხვავებით, ჯამაჰირიის ლიდერი მთლიანად კანონს გარეთაა…

რისთვის ზის ივანიშვილის პირადი პატიმარი გიგი უგულავა ციხეში? მოდი, ყველასათვის გასაგები ენით ავხსნათ ეს შემთხვევა.

გიგი უგულავას დაპატიმრება

ქართულენოვანი რუსული მედიის მიერ ტირაჟირებულ ჭორებში, გიგი უგულავა შედარებით დაბლა დგას ზიზღის სკალაზე, ვიდრე სხვა პოლიტპატიმრები – ახალაია და მერაბიშვილი. მიუხედავად ამისა, ის იყო მერი, რომლის დროსაც მოხდა დედაქალაქის სრული ტრანსფორმაცია, მოწესრიგდა მუნიციპალური სერვისები, გალამაზდა ქალაქის ისტორიული უბნები, აშენდა ახალი პარკები და განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რის შედეგადაც თბილისი ჩამორჩენილი პერიფერიული დასახლებიდან თანამედროვე ქალაქად იქცა. გიგი უგულავა ასევე არის ერთადერთი ცალსახად პროდასავლური პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომლის განადგურებაც ეგზოტიკური ცხოველებით გარშემორტყმული ოლიგარქის მოსაწყენ ცხოვრებაში ცოცხალი ვნებების გამომწვევ ერთადერთ მიზნად რჩება…

საგამოძიებო უწყებების პირველი მიზანი თვითმმართველობების გაკონტროლება გახდა. უამრავ საქმეზე დაიწყო გამოძიება, ხდებოდა თბილისის თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანების საგამოძიებო ორგანოებში მასობრივი დაბარება-დაკითხვები. ერთი მხრივ პოლიტიკური მოვლენებისა და მეორე მხრივ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების ქრონოლოგიის, პერიოდულობის, ინტენსივობის თანხვდენა და ამ პროცესში კანონის მოთხოვნათა სრული უგულებელყოფა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ გამოძიებები მიმდინარეობდა არა ობიექტური სურათის დასადგენად, არამედ წინასწარ დაკვეთილი ცრუ ლეგენდის დასადასტურებლად.

დღეის მდგომარეობით, უგულავა ოთხ საქმეზეა ბრალდებული. დეტალურად ამ საქმეებზე შეკრებილი მტკიცებულებების არადამაჯერებლობისა და არასანდოობის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა უნდა აღინიშნოს, ყველა საქმეში ბრალდებას გააჩნია მხოლოდ თითო მოწმე, რომლებიც თავად არიან დანაშაულის ჩამდენნი და, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, მზად არიან, ბრალდების მხარის მიერ შეთხზულ ლეგენდაზე მორგებული ნებისმიერი შინაარსის ჩვენებები მისცენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომლის უკანონობასაც უგულავას ედავებიან, მიღებულია არა მის მიერ, არამედ კოლექტიური ორგანოების (საკრებულოსა და მთავრობის) მიერ, ხოლო უგულავას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას ადასტურებენ იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები.

2013 წლის 21 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ე. ბესელიამ პირდაპირ ეთერში გაახმოვანა პოლიტიკური გადაწყვეტილება უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. ბრალდების მხარე აპელირებდა უგულავას მხრიდან მოწმეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, თუმცა დაცვის მიერ წარდგენილი იქნა აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ამ ფაქტზე გამოძიებისას მტკიცებულებათა ფალსიფიცირება დასტურდებოდა. უგულავა ამჯერად არ დაიჭირეს, მაგრამ სასამართლომ იგი თანამდებობიდან გადააყენა. ამ ქმედებას ბევრმა „პარტიზანული მართლმსაჯულება“, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ „საიდუმლო მართლმსაჯულება“ უწოდა (აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით 23 მაისს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა უგულავას სარჩელი).

30 ივნისს პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთის დამატებითი ღონისძიების სახით უგულავას ჩამორთმეოდა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები. პროკურატურა ამჯერად მიმალვის საფრთხეზე აპელირებდა. უგულავამ განაცხადა, რომ თუ მის მიმართ სასამართლო არ გამოიყენებდა დამატებით ღონისძიებას, იგი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრებოდა უცხოეთში. ამდენად, სასამართლოსთვის ცნობილი იყო უგულავას განზრახვა უცხოეთში გამგზავრების შესახებ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ ჩათვალა, რომ მიმალვის საფრთხე არსებობდა და პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ გიგი უგულავამ საჯაროდ განაცხადა, რომ აპირებდა უცხოეთში გამგზავრებას, თუმცა ამასობაში ჯამაჰირიამ ახალი უწყება „გამოაცხო“ და უგულავა დილის 6 საათზე, სასამართლოს განჩინების გარეშე დააკავა. იმავე დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უგულავას დაპატიმრების შესახებ, ისე, რომ არ გაითვალისწინა მის მიმართ აცილების საფუძვლების არსებობა, გიგი უგულავას უკანონოდ დაკავების ფაქტი, მტკიცებულებათა მოპოვებისას პროცესუალური დარღვევები, საქმეში არსებული ფალსიფიცირებული მტკიცებულებები და ის, რომ უგულავას არც ერთხელ არ დაურღვევია ადრე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, რაც ობიექტურ ადამიანს გაუჩენდა განცდას, რომ იგი მიმალვას აპირებდა.

საყურადღებოა, რომ უგულავას მოწმედ დაბარებიდან მის ბრალდებულად დაკავებამდე არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. ანუ ამ შუალედში არ შექმნილა რაიმე ახალი მტკიცებულება, რომელიც სხვა, ადრე მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლებს წარმოშობდა. ამდენად, ცალსახაა, რომ უგულავას დაკავება პოლიტიკური რეპრესიების ნაწილია.

გიგი უგულავას საქმეების შეფასებისას მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მის ბრალდებებში „თანამზრახველებად“ ნახსენებ პირთაგან ერთი (საბანაძე) პოლიტლტოლვილის სტატუსით სარგებლობს ევროპაში, ხოლო მეორე (კეზერაშვილი) საფრანგეთის სასამართლომ არ გადმოსცა ექსტრადირებაზე საქართველოს მთავრობას პოლიტიკური დევნის ნიშნების არსებობის გამო.

გიგი უგულავას საქმეებზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ალბათ არ არსებობს ინტელექტუალურად პატიოსანი დამკვირვებელი, რომელიც უგულავას საქმეების გამოძიებასა და მის დაპატიმრებაში კანონის უზენაესობას და არა „აღდგენილ ძალადობასა და უსამართლობას“ დაინახავდა.

ჯაყოს ხიზნები

ამრიგად, გიგი უგულავას პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაუძლებდა კანონის უზენაესობის პოზიციიდან მოსაუბრე ინტელექტუალურად კეთილსინდისიერი ადამიანის კრიტიკას, არ არსებობს. რჩება მხოლოდ ერთი „არგუმენტი“ – „ჩვენ ხომ ისედაც ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა?“ მხოლოდ ამიტომ ვხუჭავთ თვალს უკანონობაზე! მაგრამ აქ ორი საკვანძო მომენტია. პირველი: არავინ არაფერი შეიძლება „იცოდეს“ დანამდვილებით, სანამ ბრალდებები სათანადო წესით არ დამტკიცდება. დღეის მდგომარეობით კი არც ერთი ჭორის ნამდვილობა არ დადასტურებულა არც გიგი უგულავას და არც სხვა პოლიტპატიმართა შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მთელი ძალისხმევა და სახელმწიფოს მთელი ადმინისტრაციული რესურსი მეორე წელია მხოლოდ ამ პირების ბრალეულობის დამტკიცებისკენ არის მიმართული. ხოლო იმის გათვალისწინებით, თუ რა მეთოდებით და რა პერსონაჟებით იბრძვის ჯამაჰირია, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ არც მომავალში დადასტურდება. და მეორე: ის პოლიტიკურად აქტიური ადამიანები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ ერთბაშად აპოლიტიკურები გახდნენ, ყოველთვის აპელირებდნენ პროცედურული დარღვევებით. მათ განა კრებსითი „ჩახალიანი“ მოსწონდათ! – ეს აზრადაც არ გაივლოთ! – მათ არ მოსწონდათ, რომ კრებსითი „ჩახალიანი“ წინა ხელისუფლების პირობებში „არასწორი მუხლით“ იჯდა ციხეში (ისინი ხომ პროცედურული დემოკრატიის პირუთვნელი მომხრეები იყვნენ!). სწორედ ამიტომ გახდნენ იძულებული, გაეთავისუფლებინათ „ჩახალიანები“ ციხიდან! აი უგულავას, ახალაიასა და მერაბიშვილის შემთხვევაში კი სტანდარტი იცვლება: აქ ხომ „ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით“, რაღა საჭიროა მტკიცებულებები?

რეალურად, პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული პირები ციხეში მხოლოდ იმიტომ სხედან, რომ ასეთია ჯამაჰირიის ლიდერის ნება, რომლის აღსრულებისთვის ერთმორწმუნე მტერმა ნიადაგი ქართულენოვანი რუსული მედიის მეშვეობით მოამზადა. ამ ფონზე, უცხოელი პროკურორების ჩამოყვანა პოლიტიკური რეპრესიების დასავლეთისთვის მისაღები ფორმით შესაფუთად კრახისთვის არის განწირული. ამ გაგანია 21-ე საუკუნეში შეიძლება უწყვეტი ელექტრომომარაგება და კარგი გზები ისევ სანატრელი გახდა, მაგრამ პოლიტიკური ტერორის გამართლება ასე მარტივად ვერ მოხერხდება, მიუხედავად იმ დეტერმინაციისა, რომელსაც ჯამაჰირიის ლიდერი ავლენს. ასევე საკითხავია, ვინ აფინანსებს პროკურორების ჩამოყვანას: თუ თავად ივანიშვილი, მაშინ ამ ქმედების კრედიბილობა იმთავითვე ნულის ტოლია, ხოლო თუ დაფინანსების წყარო ბიუჯეტია, მაშინ ეს დანაშაულიცაა, რადგან ნიშნავს, რომ სახელმწიფო რესურსი პირად/პარტიულ მიზნებს ხმარდება.

…ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებში საქართველო იმდენად განვითარდა, რომ ქვეყანაში, რომელიც 2003 წლამდე პოლიტიკურ ჯუნგლებს წარმოადგენდა და რომელშიც ჯუნგლის კანონი კანონობდა, ევროპული ყაიდის მემარცხენე იდეებმა დაიწყო ფეხის მოკიდება: გავკეკლუცდით, რაღაცები ვიუკადრისეთ, ახალი მოთხოვნილებები გაგვიჩნდა, დაგვავიწყდა, რა რეგიონში ვცხოვრობთ, დაგვავიწყდა, როგორ ვცხოვრობდით ადრე და როგორ ცხოვრობენ ჩვენი მეზობლები დღემდე. რაც მთავარია, დაგვავიწყდა, რომ ჩვენს თავისუფლებას ყოველდღიურად ემუქრება საფრთხე ბოროტების იმპერიის მხრიდან.

შედეგად, ხელისუფლებაში მოვიდა ტლანქი, გაუნათლებელი, პატივმოყვარე, მტაცებლური ინსტინქტებით მართული ოლიგარქი – XXI საუკუნის ჯაყო – რომელმაც სათავისოდ გამოიყენა ჩვენი გულმავიწყობა და ჩვენ მიერ რეალური საფრთხეების გაუცნობიერებლობა. კადაფიზაციამ საქართველოში დააბრუნა აპათია და უიმედობა. უამრავი წარმატებული, პატიოსანი, წესიერი ადამიანი ფიქრობს ქვეყნიდან გაქცევაზე. იმედგაცრუება მატულობს, როცა ვხედავთ, რომ ჯამაჰირიის ლიდერი 90-იანი წლების რუსული მეთოდებით მართავს, საპასუხოდ კი მას თეთრი ხელთათმანებით ეპაექრებიან. ის ტრიბუნაზე ზის და თავისუფლებისთვის მებრძოლი გუნდის მოთამაშეებს სათითაოდ, სნაიპერის შაშხანით თიშავს თამაშიდან, კაცნაკლული გუნდი კი ზედმიწევნით კორექტულად აგრძელებს ასპარეზობას… ოლიგარქი მართავს ადამიანთა უმდაბლეს ინსტინქტებზე თამაშით, ირაციონალური შიშით, ზიზღით, ჭორებით, ემოციებით. მას კი იმთავითვე წაგებულ, რაციონალურ მსჯელობას უპირისპირებენ და თვინიერად ელიან, როდის დააპატიმრებენ მორიგ ოპოზიციონერს, როდის „მოიკლავს თავს“ მორიგი მოწმე და ა.შ.

დღეს ჩვენ ყველა – საქართველოს წესიერი, კანონმორჩილი მოქალაქეები – ჯაყოს ხიზნები ვართ. მაგრამ, ისევე როგორც თეიმურაზ ხევისთავის შემთხვევაში, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია. განვითარების წლებმა შეგვიქმნა ილუზია, რომ მართლა ცივილიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობდით და თვითგადარჩენის ინსტინქტი დაგვიჩლუნგა. შედეგად, იმპოტენტ ინტელიგენტებად და, საბოლოოდ, ჯაყოს ხიზნებად ვიქეცით. შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ ასეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *