FORBES GEORGIA გრანდიოზულ ღონისძიებას მასპინძლობს. 6 ივნისს, ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზატორობით, საინტერესო ტრადიციას ეყრება საფუძველი, რომელიც საქართველოსა და საზღვარგარეთ FORBES ფორმატით ბიზნესფორუმების გამართვას ითვალისწინებს. ამ ჯერზე სტუმრებს ვმასპინძლობთ ყაზახეთიდან. ჩვენმა პარტნიორმა და FORBES KAZAKHSTAN-ის აქციონერმა არმანჟან ბაიტასოვმა მოახერხა (მას ეს არ უჭირს) და ყაზახეთიდან 40 ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ბიზნესმენის ჩამოყვანა ითავა.
სპეციალურად დაქირავებული ბოინგ 737-ით თბილისში 150 მილიარდ დოლარზე მეტი კაპიტალის მფლობელები და განმკარგავები ჩამოდიან, რათა უკეთ გაეცნონ, დაინტერესდნენ, შეიძინონ და მოძებნონ ადგილობრივი პარტნიორები. ინტერესის სფეროებიც უკიდეგანოა, ისევე, როგორც მათი საინვესტიციო შესაძლებლობები და ის მოიცავს ენერგეტიკას, ლოგისტიკას, გადაზიდვებს, დისტრიბუციას, ტურიზმს, უძრავ ქონებას, სასტუმრო ბიზნესს, ახალ ფინანსურ ბაზრებს და იმ უამრავ შესაძლებლობას, რომლითაც შეგვიძლია, ყაზახეთის ბიზნესელიტა დავაინტერესოთ.
ვიზიტი მოკლე და კონკრეტულია. ყაზახი მილიარდერები დედაქალაქში 24 საათს გაჩერდებიან და ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის, ადგილობრივი მთავრობისა და ბიზნესსაზოგადოების საშუალებით გაეცნობიან საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არ დაველოდები ჩვენი ივლისის გამოცემას და FORBES. GE-ს საშუალებით გამცნობთ კონკრეტულ წარმატებებს ამ მართლაც საინტერესო წამოწყებიდან.
FORBES-ში კიდევ არის სიახლეები, რაც მეტწილად ბანკირებსა და საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებს დააინტერესებთ. სულ მალე ისინი მიიღებენ შეთავაზებას, რომელიც ახალ გამოცემას აანონსებს. FORBES BANKER-ი – ის ყოველ წელს, ივნისის ბოლოს გამოიცემა და შეაჯამებს საბანკო სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ბანკებს წლიური ანგარიშებიდან გამომდინარე, წარადგენს განახლებულ რეიტინგებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში თავმოყრილი ინფორმაციის საფუძველზე დამუშავდება. ცხადია, ტრადიციული რუბრიკები და სვეტები დაეთმობა მოსაზრებებს პროფილური ბიზნესგაერთიანებებისგან. ვფიქრობ, ჩვენი საგამომცემლო სახლის ახალი პროდუქტი, FORBES BANKER-ი, კარგად ჩაჯდება ჩვენი გამოცემების პალიტრაში.
ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მუშაობა ინგლისურენოვანი FORBES GEORGIA-ს პირველ ნომერზე. ვთვლი, რომ მას აქვს პოტენციალი, დამკვიდრდეს როგორც სტაბილური გამოცემა არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის. ასე რომ, ივნისი საკმაოდ დატვირთული და მნიშვნელოვანი გამოდგა FORBES GEORGIA-სთვის.
ეს თვე არანაკლებ საინტერესოა ქვეყნის ეკონომიკისთვისაც, რომელსაც საინტერესო და ვნებიანი თვეები ელის წინ. ამ შემთხვევაში ვნება ზაფხულთან და საკურორტო სეზონთან არ არის კავშირში. ამას, როგორმე ზამთარშიც უნდა ვახერხებდეთ. აი, პოლიტიკური ვნებები და წინასაარჩევნო მარათონი კი ნამდვილად არის რისკების შემცველი. ავტორიტეტული STANDARD & POOR’S-ი თავის ბოლო კვლევაში ღიად მიანიშნებს პროგრესზე და გვინარჩუნებს არსებულ რეიტინგსაც, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნავს იმ მოსალოდნელ რისკებსა და პოლიტიკურ კრიზისს, რაც, შესაძლოა, არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდეს. S&P-ი მიიჩნევს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოიპოვებს დიდ უპირატესობას, რამაც შესაძლოა, პოლიტიკური რისკები გაზარდოს.
რეიტინგებსა და მოლოდინებზე “ბიზნეკონტაქტის” პარასკევის “ანალიტიკის” წაყვანისას ვისაუბრე და ასევე დავაანონსე, რომ საქმე გვაქვს უპრეცედენტო დაჯარიმებასთან, რომელიც ერთ კონკრეტულ კომპანიას უკავშირდება. ეს “ჯორჯიან მანგანეზია”, რომელიც, თავის მხრივ, უმსხვილეს ინდრუსტრიულ საწარმოებს – ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და “ჭიათურმანგანუმს” ფლობს. მის საკუთრებაშია ვარციხეჰესიც. დავა თითქმის 200 მილიონ ლარზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან საკმარისი არ აღმოჩნდა (საინტერესო დეტალი: განსხვავებით თითქმის ყველა გადასახადის გადამხდელისგან, რომლებიც მედიაციის საბჭოებზე ახერხებენ თუნდაც ელემენტარულად შეამცირონ წარდგენილი ჯარიმები. “ჯორჯიან მანგანეზმა” ეს ვერც შემოსავლების სამსახურისა და ვერც ფინანსთა სამინისტროს უწყებებში ვერ მოახერხა). და გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიას 354 მლნ ლარი დააკისრა. კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აქვს სტატუსი, აანაზღაუროს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი.
ობიექტურობისთვის ღირს აღნიშვნა, რომ ჯარიმების მიუხედავად, კომპანია შეუფერხებლად აგრძელებს ოპერირებას და აქტიურად აგრძელებს სასამართლო პროცესებს. თუმცა, მე მაინტერესებს სახელმწიფოს პასუხი შემდეგ კითხვებზე, რა გააკეთეთ საიმისოდ, რომ ერთ კონკრეტულ კომპანიას – “ჯორჯიან მანგანეზს” – არ დაჰკისრებოდა თითქმის ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ჯარიმა? თუ სახელმწიფოს დღევანდელ მესვეურებს მიაჩნიათ, რომ პრევენციული სამუშაოები გადასახადის გადამხდელთან მათი ვალდებულება არ არის, მაშინ ნურც იმას გაიკვირვებენ, როცა არცთუ დაუსაბუთებლად მავანს გაუჩნდება ეჭვი, რომ ამ აქტივებით დაინტერესებული პირები გამოჩნდნენ ავანსცენაზე.
და რას მოიტანდა ეს პრევენცია? გეტყვით, აქაც ციფრებია. მე კი არ დავიღლები თითქმის ყველა ედიტორიალში იმის გადმოცემით, რომ საქართველოში ციფრები (არც რიცხვები) არ უყვართ, მწყრალად არიან თვლასთან და ამიტომაც ვიღებთ ჩვენს სინამდვილეში ჯარიმებს, რომელთა გადახდა MICROSOFT-სა და AMAZON-საც გაუჭირდება. თუმცა, მანამდე რატომ იმუშავებდა კარგად პრევენცია და რას აძლევს დღეს ეს საწარმოთა გაერთიანება სახელმწიფოს, აგერ სტატისტიკა:
– კომპანიის საშუალო ბრუნვა 200 მლნ დოლარი.
– საბიუჯეტო შენატანები (2015 წელი) 26 მლნ ლარი
– დასაქმებულები დააახლოებით 6000 კაცი
და, კიდევ ერთი: “ჯორჯიან მანგანეზისთვის” დაკისრებული ჯარიმა გარემოს დაბინძურებისთვის 354 მილიონი ლარს შეადგენს. აქაც კითხვა მაქვს: ერთბაშად 354 მლნ ლარის მიყენებული ზარალი აღმოაჩინა გარემოს დაცვამ ბუნებისთვის (ისე, საინტერესოა, რა მეთოდოლოგიით ითვლება ეს ყველაფერი) თუ იყო საქმის კურსში შესაბამისი სახელმწიფო უწყება და დროულად არ მიუთითა საწარმოს შესაძლო ჯარიმის მოცულობებზე? “ჩასაფრების პოლიტიკა” გრძელდება? თუ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი “ამოვიღოთ” დარგიდან, რომელსაც ისედაც უმძიმეს კონკურენციაში უწევს არსებობა?
ნედლეულზე მსოფლიო კრიზისს ბევრმა მწარმოებელმა ვერ გაუძლო, მათ შორის ისეთებმაც, რომელთაც ამის საუკუნეზე მეტი ტრადიციები აქვთ. ამის მაგალითია ამერიკული PEABODY ENERGY – მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანია ნახშირის მოპოვება- წარმოება- გადამუშავების კუთხით, რომელმაც ადგილობრივ სასამართლოს გაკოტრების პროცედურების აღძვრის მოთხოვნით მიმართა და გავრცელებულ რელიზში “ნედლეულზე ფასების არნახულ ვარდნას ასახელებს”. ამ პერიოდში, კი “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელსაც სრული უფლება (ალბათ საჭიროებაც) ჰქონდა, დაეთხოვა თანამშრომელთა დიდი ნაწილი, აცხადებს რამდენიმეთვიან რეაბილიტაციის პერიოდს, უნაზღაურებს გაჩერებული საწარმოს თანამშრომლებს 60 %-ს ხელფასისა, ემსახურება მათ საბანკო ვალდებულებებს და ამ პერიოდში სრულად უნაზღაურებს დაზღვევის ხარჯებს როგორც მუშებს, ასევე მათ ოჯახებს.
პრაქტიკულად ირიცხება ყველანაირი წინაპირობა, რომ რაიმე ტიპის სოციალურ პროტესტს ან გაფიცვებს ჰქონდეს ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიციზმი ადგილობრივებში, გააგრძელებდა თუ არა “ჭიათურმანგანუმი” მუშაობას, დიდი იყო. დათქმულ დროს, 20 მაისს, რეაბილიტაციის რეჟიმი მოიხსნა და საწარმომ სრულად დაიწყო მუშაობა. კარგი ამბავი არის ის, რომ ნედლეულზე ფასები შედარებით იმატებს, თუმცა ამასობაში კომპანია ლამის ყველა რეკორდს ხსნის და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ჯარიმას, ნახევარ მილიარდ ლარს იღებს.
ამ ისტორიის დასასრულიც ბანალურად მარტივად განჭვრეტადია – გაირკვევა და შეთანხმებაც მოხდება, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა უახლოეს წარსულშიც. არადა, სასამართლოს, რომელსაც ლამის COPY PASTE-პრინციპით გადმოაქვს განჩინებებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დადგენილებები, აქვს რეალური ბერკეტები, დაიცვას ქვეყნის უმსხვილესი ექსპორტიორისა და დამსაქმებლის ინტერესები, რეალურად რომ გადახედოს 19 ტომისგან შემდგარ ამ საკმაოდ რთულ ქეისს.
დიახ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში (ამ ეტაპზე) ყველაზე დიდ ჯარიმასაც მოვესწარით. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არსებობენ ბიზნესსუბიექტები, რომელთაც შეუძლიათ ჯარიმების გადახდით მსოფლიოს წამყვან კომპანიებს გაუტოლდნენ.
რატომ განვიცდი ასე თუნდაც ამ კონკრეტულ მაგალითს?
დიახ, მენანება და არაფრით მესმის, როგორ შევძლებთ ექსპორტის წახალისებას, ამისთვის აურაცხელი საბიუჯეტო თანხების დახარჯვას ახალი და ძველი დეპარტამენტების შექმნა-გაერთიანებებით, როცა მთავარ ექსპორტიორს ასეთი მოცულობის ჯარიმებს ვაკისრებთ.
ედიტორიალის წერისას (ეს დამოუკიდებლობის დღეს ხდება), FORBES-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა მოსწრებულად აღნიშნა სოციალურ ქსელში: საქართველოს მთელი ექსპორტი (მადნეულიან-ღვინო-მწვანილიან-მანქანებიანად) ნიდერლანდებიდან პომიდვრის ექსპორტის ტოლფასია. ამიტომაც.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს.
დატოვე კომენტარი