წელს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფისა და ექსპორტიორის, “ჯორჯიან მანგანეზის” ყოფნა-არყოფნის საკითხი დაისვა. გამოწვევები ნაკლებად უკავშირდება მსოფლიო მეტალურგიაში შექმნილ კრიზისს, თუმცა პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობასთან.
კომპანიაში, რომელსაც მთავრობა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ჯარიმის გადახდას აკისრებს, ჯამში, 5,500 ადამიანია დასაქმებული. “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელობაშია: ჭიათურის მანგანუმის საბადოსა და მანგანუმის დამუშავების საწარმო, ზესტაფონის ფეროშენადნობებისა და სილიკონმანგანეზის ქარხანა, ჰიდროელექტროსადგური “ვარციხეჰესი”, რომელიც ელექტროენერგიით ჭიათურის საბადოსა და ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხნებს ამარაგებს და კლინიკა “ფერომედი”. საერთო ჯამში, ჰოლდინგს 2012 წლიდან დღემდე $49 მლნ-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, წლის ბოლოსთვის კი ეს რიცხვი $52 მლნ-მდე გაიზრდება.
2012 წლიდან დღემდე “ჯორჯიან მანგანეზს” სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 101 მლნ ლარზე მეტი აქვს შეტანილი. მათ შორის 2015-ში კომპანიამ ბიუჯეტში 26 მლნ ლარი გადაიხადა; ცალკე ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში კი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის სახით – 3.5 მლნ ლარი.
“ყოველთვიურად “ჯორჯიან მანგანეზი” ხელფასის სახით მხოლოდ ჭიათურაში გასცემს 3 მლნ ლარს. მაღაროელების საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი 850-დან 1200 ლარამდეა. ჭიათურელებს ძალიან კარგად ესმით ჩვენი კომპანიის როლი. მიმდინარე წლის დასაწყისში, როცა კომპანია ორი თვის განმავლობაში გაჩერდა, მათი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ მუშაობა მალე დაგვეწყო”, – აცხადებს “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენელი.
2016 წელი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისთვის”, რომელიც საქართველოში ერთ- ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფია, რთული აღმოჩნდა. გამოწვევები ნაკლებად უკავშირდება მსოფლიო მეტალურგიაში შექმნილ კრიზისს, თუმცა პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობასთან. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის უმსხვილესი ექსპორტიორი 200 მლნ ლარით დააჯარიმა. დავის საგანს რამდენიმე საკითხი წარმოადგენს, მათ შორის, კვებაზე, შლამსა და წიდაზე არსებული დანაკარგები. შემოსავლების სამსახურს არც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჩამორჩა – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარემოსთვის მიყენებული ზიანი დაიანგარიშა და კომპანიას 355 მლნ ლარის გადახდა დააკისრა. ორივე კეისი დღეს სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს. “ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტის შეფასებით, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაკისრებულ ჯარიმას “არაკომპეტენტურობის ელფერი დაჰკრავს”, ამიტომ კომპანია მის გადახდას არ აპირებს და “ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს”.
შემოსავლების სამსახურის მიერ მსხვილი კომპანიების სოლიდური თანხით დაჯარიმების მაგალითები ხშირია, მაგრამ გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის კომპანიის 355 მლნ ლარის დაკისრება ქართულ რეალობაში ყველაზე მასშტაბური და, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოა. რამდენად ადეკვატურია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ კომპანიისთვის 355 მლნ ლარის გადახდის დაკისრება დარღვევებისთვის, რომლებიც 2007-2012 წლებში მოხდა?
გარემოს დაცვის სამინისტრო ინვესტორ კომპანიას სამი მიმართულებით ედავება; შესაბამისად, მთლიანი ჯარიმაც სამი კომპონენტისგან შედგება. მათგან უმსხვილესია 324 მლნ ლარი, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კომპანიას ნიადაგის ნარჩენებით დაბინძურებისთვის დააკისრა. “ჯორჯიან მანგანეზი” სამინისტროს მეთოდოლოგიას არ ეთანხმება. დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორo ნელი კორკოტაძე კი ამბობს, რომ მიწების დაბინძურების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილების (ტექნიკური რეგლამენტი – “გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა”) მე-3 მუხლი. “კომპანიის სალიცენზიო ფართობზე განხორციელებული ინსპექტირებით დადგენილია, რომ კარიერის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად რიგ ადგილებში განვითარებულია ანთროპოგენური მეწყრული სხეული; გადახსნილი ფუჭი ქანების უდიდესი ნაწილი ჩაყრილია ხევში და მის ფერდობებზე, რამაც გამოიწვია ფერდობებზე არსებული მიწების გაუვარგისება/ დაბინძურება და ხევის დაბინძურება; ფუჭი ქანები ასევე დაყრილია სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწაზე; ფუჭი სანაყაროები მოწყობილია შესაბამისი პროექტის გარეშე და სალიცენზიო ფართობზე მოპოვებითი სამუშაოები და ფუჭი ქანებისგანთავსება ხდებოდა ქაოსურად”, – განმარტავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
მათი არგუმენტები კატეგორიულად მიუღებელია “ჯორჯიან მანგანეზის თვის”, სადაც “გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს” “სადამსჯელო ორგანოს” უწოდებენ და ამბობენ, რომ უწყება რეალური პრობლემების მოსაგვარებლად არაა ორიენტირებული, რაც, პირველ რიგში, გარემოს დაცვითი მეთოდოლოგიის არარსებობას ეხება.
“აბსურდულია 324 მლნ ლარის წარმომავლობა, რომელიც ნიადაგის ნარჩენებით დაბინძურებისთვის დაგვაკისრეს. სალიცენზიო ფართობებზე მადნის მოსაპოვებელი სამუშაოების დროს, ბუნებრივია, კარიერი გავხსენით და ამოვიღეთ მიწა ანუ ფუჭი ქანი და დავყარეთ სპეციალურ ტერიტორიაზე – სანაყაროზე, რომლის ადგილის შეთანხმებაც სამინისტროსთან არ ხდება და, შესაბამისად, ვერც შეთანხმდებოდა. ახლა კი სამინისტრო გვედავება, რომ ის ფუჭი ქანები იყო ნარჩენები და მათი დაყრით გარემო დავაბინძურეთ, რადგან იმ ტერიტორიაზე შეიძლებოდა ხეები გაზრდილიყო. ვსვამთ კითხვას – სად წაგვეღო ეს ქანები? მდინარეში გადაგვეყარა? როცა მადნის მოპოვებას მოვრჩებით, ღრმულები ხომ ისევ ამ ფუჭი ქანებით უნდა ამოვავსოთ? სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, რომ ფუჭი ქანები დროებით დავყარეთ იმ ტერიტორიაზე და რეკულტივაციისთვის გვჭირდება”, – უყვება Forbes Georgia-ს “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენელი და არგუმენტად ისიც მოჰყავს, რომ 90 ჰა-ზე რეკულტივაციის 10-წლიანი გეგმა კომპანიას სამინისტრომ დაუმტკიცა და მიმდინარე წლის ბოლოსთვის უკვე 26 ჰა ექნებათ ბიოლოგიურად რეკულტივირებული; დღეისათვის კი 16 ჰა-ზე 20 000 ხე აქვთ დარგული. “ფაქტია, სამინისტროს გამართული გარემოსდაცვითი მეთოდოლოგია და სტრატეგია არ გააჩნია”, რადგან, ერთი მხრივ, სამინისტრო ამბობს, რომ ფუჭი ქანების განთავსება მიწაზე იწვევს მის დაბინძურებას, მაშინ როდესაც მათვე შეითანხმეს ჩვენი რეკულტივაციის გეგმები, სადაც პირდაპირ არის გათვალისწინებული ფუჭი ქანის ტერიტორიაზე შეტანა და მისი მოსწორება”, – აცხადებენ კომპანიაში.
სამკომპონენტიანი ჯარიმის მეორე ნაწილი, რომელიც ასევე 2007-2012 წლებს მოიცავს, 30 მლნ ლარია და მისი გადახდა “ჯორჯიან მანგანეზს” მდინარე ყვირილას დაბიძურების გამო დააკისრეს. გამოყოფილი შლამი რომ მდინარეში ჩადის და პრობლემას წარმოადგენს, ამას არც კომპანიაში უარყოფენ, მაგრამ ამის გამო დაკისრებულ ჯარიმას არ ეთანხმებიან, რადგან “ეს პრობლემა 2012 წელს არ დაწყებულა. “130 წელია, მადნის ფუჭი ქანისგან გარეცხვის შემდეგ დარჩენილი ნარეცხი მდინარე ყვირილაში ჩაედინება”, – აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.
ამასთან, “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენელი Forbes Georgia-ს უყვება, რომ კომპანია ჭიათურაში თანამედროვე სტანდარტების გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებისგან შესაბამისი ნებართვის მიღების გაჭიანურების გამო უკვე მეორე წელია, ვერ ახერხებს. განსხვავებული პოზიცია აქვთ სახელმწიფო უწყებებში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აღნიშნულს კომპანიის მიზეზით “ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის გაურკვევლობით ხსნიან”, ხოლო ეკონომიკის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ “ჯორჯიან მანგანეზს” გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია სრულად არ წარმოუდგენია. თავად ინვესტორი კომპანია კი შესაბამისი ნებართვის მოლოდინშია.
“ჩვენ ჩავატარეთ საპროექტო სამუშაოები, რომლებიც გერმანულ კომპანია “ოლ მინერალზთან” ერთობლივად განხორციელდა და ამისთვის 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ეს კომპანია მზადაა, დაიწყოს მშენებლობა მას შემდეგ, რაც შესაბამის ნებართვას მიიღებს. ამ ქარხნის არსებობის შემთხვევაში საერთოდ გამოირიცხება მდინარე ყვირილას დაბინძურება. კომპანია მზადაა, $20 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს, თუმცა სამშენებლო ნებართვის მიღება დროში გაიწელა”, – აცხადებს ზაქარია ზალიკაშვილი.
ჯამურად ნახევარმილიარდიანი ჯარიმის ყველაზე მცირე ნაწილი – 1.9 მლნ ლარი ნიადაგის დეგრადაციაზე მოდის. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინსპექტირებამ დაადგინა, რომ მიწის საექსკავაციო სამუშაოები ჩატარებულია ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა/დასაწყობების გარეშე, რამაც მისი განადგურება გამოიწვია და ასევე, არ დაფიქსირდა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დასაწყობების ადგილები. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” კი აცხადებენ, რომ ჭიათურა აგრარული ქალაქი არასდროს ყოფილა და იქ ჰუმუსოვანი ფენა 8-10 სანტიმეტრამდეა, ამიტომ მისი აჭრა ძალიან რთულია და 2012 წელს კომპანიას ღია კარიერები დახვდა. “ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კარიერების არსებობის მანძილზე – 130 წლის განმავლობაში გადახსნილი მთლიანი ტერიტორიები ჩაგვითვალეს ჩვენს ზიანის ანგარიშში, მაშინ როდესაც კომპანია ჭიათურაში მხოლოდ 2007 წლის შემდგომ ოპერირებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ავიღეთ 90 ჰა-ის ბიორეკულტივაციის ვალდებულება. ვიცით რამდენიმე საწარმო, რომელთაც დასაწყობებული აქვს ჰუმუსოვანი ფენა და არ სჭირდება, მაგ. საქართველოს რკინიგზას. მზად ვართ შევიძინოთ ის მასა და რეკულტივაციისთვის გამოვიყენოთ. ამ ინიციატივით მივმართეთ შესაბამის უწყებებს, მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. ასეთი ხელშეწყობაც კი არ სურს სახელმწიფოს”, – აცხადებენ კომპანიაში.
“Georgian American Alloys”-ის მფლობელობაში მყოფი “ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტი იმედს მაინც არ კარგავს, რომ მთავრობასთან შექმნილი პრობლემების ერთადერთი მიზეზი არაკომპეტენტურობაა, თუმცა ეს მოსალოდნელ შედეგებს არსებითად არ ცვლის. კომპანიაში ამბობენ, რომ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ჯარიმის გადახდა, ფაქტობრივად, გაკოტრებას ნიშნავს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მსოფლიო მეტალურგიაში ნედლეულზე ფასების ვარდნის გამო ისედაც კრიზისია.
“კრიზისის გამო სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა გარკვეული პროგრამები შეიმუშავეს მეტალურგიის დარგის დასახმარებლად. ჩვენ გამზადებული მოდელებით მივედით მთავრობასთან – ელექტროენერგიის ღამის ტარიფის დაწესებას ვითხოვდით, მაგრამ რეაგირება – ნული. პარალელურად, როცა წლის დასაწყისში კომპანია იძულებული გახდა, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება ოთხი თვით შეეჩერებინა, მუშებს ხელფასის 60% და სადაზღვევო პაკეტები შევუნარჩუნეთ და ბანკის ვალებსაც ვუხდიდით. ამ ფონზე კი ხელისუფლება როგორ იქცევა? – ნახევარი მილიარდით აჯარიმებს და გაკოტრებისკენ მიჰყავს ქვეყნის ექსპორტში ლიდერი კომპანია და უმუშევრად ტოვებს იმ ქალაქის 3700 მცხოვრებს, სადაც დასაქმების სხვა წყარო, ფაქტობრივად, არ არსებობს”, – აცხადებენ “ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტში.
დატოვე კომენტარი