კანადელმა შემსრულებელმა ჯასტინ ბიბერმა, საკუთარ სიმღერებზე საავტორო უფლებების ნაწილი Hipgnosis Songs Capital-ს $200 მილიონად მიჰყიდა. შედეგად, კომპანიის საკუთრებაში გადავიდა პოპვარსკვლავის ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა „Baby“ და „Sorry“. ბიბერი კი იმ ხელოვანთა მზარდ რაოდენობას შეუერთდა, რომელთაც თავიანთ კატალოგებზე უფლებები უკვე გაყიდეს.
საავტორო უფლებების გაყიდვის შემდეგ Hipgnosis Songs Capital-ი, კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა სიმღერის საჯარო გაჟღერების შემთხვევაში, ანაზღაურებას მიიღებს. კომპანია ახლა უკვე ბიბერის 290-სიმღერიან კატალოგზე ფლობს საავტორო უფლებებს, რომლებიც 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლითაა გამოშვებული. გარიგების პირობებით, კომპანიამ შეისყიდა პოპმომღერლის უფლებებიც მისი სიმღერის, ხმის ან შესრულების ოფიციალურ ორიგინალ ჩანაწერებზე.
ცნობისთვის, Hipgnosis Songs Capital-ი, ფინანსურ გიგანტ Blackstone-ისა და ბრიტანული British Hipgnosis Song Management-ის ერთობლივ საკუთრებაშია, მისი საბაზრო ღირებულება კი $1 მილიარდს უტოლდება. Hipgnosis-ს გარიგების პირობები არ გაუსაჯაროებია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალთან დადებული ხელშეკრულების ღირებულება $200 მილიონს შეადგენს.
ბოლო პერიოდში, არტისტების მიერ საკუთარ კატალოგებზე საავტორო უფლებების გაყიდვების შემთხვევები შესამჩნევად გაიზარდა. მაგალითად, Hipgnosis-თან საავტორო უფლებებზე გარიგებები უკვე აკავშირებთ ჯასტინ ტიმბერლეიკსა და შაკირას. თუმცა აღნიშნული ტენდენცია უფრო მეტად უფროსი თაობის მომღერლებში შეიმჩნევა, მათ შორის არიან ბრიუს სპრინგსტინი და ბობ დილანი, რომელთაც თავიანთ კატალოგებზე საავტორო უფლებები Sony-ის მიჰყიდეს.
დატოვე კომენტარი