ბრიტანელმა მილიარდერმა ჯეიმს რეტკლიფმა, სამშაბათს, პრემიერ-ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ 25%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება $1.3 მილიარდია. შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც კატარის შეიხმა ჯასიმ ბინ ჰამად ალ თანიმ, კლუბისთვის გაკეთებული $6-მილიარდიანი შეთავაზება უკან გაიწვია.
შედეგად, რეტკლიფი „იუნაიტედის“ B და A კლასის აქციების 25%-ის მფლობელი გახდა, კლუბში კი დამატებით $300 მილიონის ინვესტირებას გეგმავს სტადიონ „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქციისთვის. მილიარდერის შეფასებით, ეს გარიგება ინგლისური, ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაბრუნების მაჩვენებელია, 1990-იანი წლებიდან 2010-იანი წლების დასაწყისამდე, ტურნირებზე კლუბის დომინირების დაკარგვის შემდეგ.
ჰეჯ-ფონდის ყოფილმა მენეჯერმა, მილიარდერმა ლეონ კუპერმანმა გასულ წელს, კლუბის $17.5 მილიონამდე ღირებულების, 900 ათასზე მეტი აქცია შეიძინა. 2022 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაყიდვასთან დაკავშირებული სპეკულაციების შემდეგ, $17 მილიონიდან $30 მილიონამდე ღირებულების აქციები შეიძინეს Psquared Asset Management AG-მა, Antara Capital-მა და Eminence Capital-მაც.
Forbes-ის შეფასებით, რეტკლიფის ქონების წმინდა ღირებულება $21.1 მილიარდს უტოლდება. სიმდიდრის ძირითადი ნაწილი მის მიერ დაარსებულ ნავთობქიმიურ მწარმოებელ Ineos Group-ზე მოდის, რომელიც ყოველწლიურად $65 მილიარდს გამოიმუშავებს.
რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, კლუბი $6 მილიარდადაა შეფასებული, რაც ზუსტად ემთხვევა კატარის შეიხის მიერ უკან გამოთხოვილ შეთავაზებას. კლუბის აქციათა უმრავლესობა კვლავ გლეიზერების ოჯახს ეკუთვნით, რომელთა ქონებაც $10 მილიარდს უტოლდება.