Twitter-ის თანადამფუძნებლისა და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განცხადებით, ბიტკოინი ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს.
მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტის ფასი საერთო ჯამში საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეში მისი ღირებულება 30%-ით შემცირდა. ამან თავის მხრივ გავლენა მოახდინა ეთერიუმზე, რომლის ფასმაც 20%-ით დაიკლო. ჯეკ დორსის განცხადების შემდეგ ბიტკოინი მალევე გაძვირდა და ბოლო დღეების ფასის კლების ტენდენცია შეიცვალა. ამის პარალელურად გაიზარდა ეთერიუმისა და სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებაც.
ცნობისთვის, დორსის პროგნოზი ამერიკელი რეპერის, Cardi B-ის მიერ „ტვიტერში“ დასმულ შეკითხვას მოჰყვა. მომღერალმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს ჰკითხა, როგორ ფიქრობენ, ჩაანაცვლებს თუ არა კრიპტოვალუტა დოლარს? მას Twitter-ის თანადამფუძნებელი გამოეხმაურა და ასე უპასუხა: „დიახ, ბიტკოინი ჩაანაცვლებს“.
შეგახსენებთ, რომ ჯეკ დორსიმ „ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა მიმდინარე თვის დასაწყისში დატოვა, რათა ყურადღება მის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანია Block-ისთვის დაეთმო. ეს უკანასკნელი ციფრული გადახდების პლატფორმა Square-სა და Cash App-ს მოიცავს.
დორსის ბიტკოინის წარმატების დიდი ხანია, სწამს და ამ კრიპტოვალუტის პერსპექტივის შესახებ არაერთი ინტერვიუში უსაუბრია. ის ბიტკოინზე დაფუძნებულ სერვისებს Twitter-ისა და Square-ის დახმარებით აქტიურად უჭერდა მხარს.
ჯეკ დორსიმ Twitter-ში საკუთარი თანამდებობა პარაგ აგრავალს გადააბარა, რომელიც მანამდე კომპანიის მთავარი ტექნოლოგიური მენეჯერის პოსტს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული კომპანიის პროექტებში, რომლებიც დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიებს უკავშირდებოდა.
დატოვე კომენტარი