სმიტსონიანის ინსტიტუტმა (Smithsonian) ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჯეფ ბეზოსი $200 მილიონს შესწირავს მუზეუმს, რაც ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც ინსტიტუტს დაარსების დღიდან, 1846 წლიდან მიუღია, ვკითხულობთ CNN–ის სტატიაში.
$200 მილიონიდან $70 მილიონი ეროვნული საჰაერო და კოსმოსური მუზეუმის განახლებას მოხმარდება, ხოლო $130 მილიონით დაგეგმილია ახალი სასწავლო ცენტრის შექმნა. მუზეუმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „ამაზონისა“ და კოსმოსური ფრენის კომპანიის Blue Origin-ის დამფუძნებლის შემოწირულება ,,ხელს შეუწყობს მუზეუმის გალერეებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ტექნოლოგიურ გარდაქმნას“.
,, სწორედ ჯეფის ცნობისმოყვარეობამ კოსმოსური გამოკვლევების მიმართ შთააგონა მას, ეფიქრა თამამად და ფართოდ, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტის გაფართოებაში“ – განაცხადა სტივ ქეისმა, სმიტსონიანის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ და America Online–ის დამფუძნებელმა. ,,მოხარულნი ვართ, რომ ჯეფი საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, დაგვეხმაროს სმიტსონიანის მიღწევებისა და გავლენების გაფართოებაში, რადგან ჩვენი მიზანია მომავალ თაობას შთავაგონოთ მეცნიერების, ასტრონომიის, ინჟინერიის, განათლებისა და მეწარმეობის სიყვარული“.
აღსანიშნავია, რომ ბეზოსი Amazon–ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან 5 ივლისს გადადგა, ეს გადაწყვეტილება მან თებერვალში გამოაცხადა. იმ დროს კომპანიაში განაცხადეს, რომ მისი დამფუძნებელი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადის ,,აღმასრულებელ სკამზე“, რადგან ბეზოსს სურდა, მეტი დრო დაეთმო სხვადასხვა საქმიანობისათვის, მათ შორის ქველმოქმედებისათვის. სამშაბათს ბეზოსი Blue Origin-ის მიერ აშენებული უპილოტო კოსმოსური ხომალდის ოთხკაციანი ეკიპაჟის ერთ–ერთი წევრი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია და მსოფლიოს წამყვან ქველმოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება, მის მიერ განხორციელებულმა $200-მილიონიანმა დონაციამ მაინც კრიტიკა დაიმსახურა, მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ არ გასცა უფრო მეტი. აღსანიშნავია, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მაკენზი სკოტმა, რომლის ქონება $60 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული, განაცხადა, რომ მისი სიმდიდრის უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს.
დატოვე კომენტარი