ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, მის მიერვე დაფუძნებული კომპანია Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 38 დღეში დატოვებს. ეს ინფორმაცია მან ტექნოლოგიური გიგანტის აქციონერებთან ყოველწლიური შეხვედრისას გააჟღერა.
2021 წლის 5 ივლისს ჯეფ ბეზოსი CEO-ს პოზიციიდან კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლებს. „მოხარული ვარ, რომ გადავინაცვლებ [Amazon-ის] აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციაზე, სადაც ჩემი ენერგია და ყურადღება ახალი სერვისებისა და ინიციატივების განვითარებაზე იქნება ფოკუსირებული“, – განაცხადა ბეზოსმა შეხვედრაზე.
აღსანიშნავია, რომ გადადგომის თარიღს ბეზოსისთვის სიმბოლური და სენტიმენტალური დატვირთვა აქვს. 27 წლის წინ, სწორედ 5 ივლისს დაფუძნდა სამართლებრივად Amazon-ი.
ცნობისთვის, Amazon-მა აღმასრულებელი დირექტორის ცვლილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დააანონსა. ბეზოსს კომპანიის CEO-ს პოზიციაზე ჩაანაცვლებს ენდი ჯასი, რომელიც ამჟამად AWS-ის აღმასრულებელი დირექტორია.
როგორც ჩანს, ბეზოსი ჯასზე დიდ იმედებს ამყარებს. აქციონერებთან შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალი აღმასრულებელი დირექტორის მხარდაჭერა და ამასთან, ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმსაც: „მასძალიან მაღალი სტანდარტი აქვს და მე გარანტიას გაძლევთ, რომ ენდი არასდროს დაუშვებს, რომ Amazon-ი ერთ ჩვეულებრივ, რიგით კომპანიად იქცეს. მას აქვს ენერგია, შეინარჩუნოს ჩვენში ის მუხტი, რაც განსაკუთრებულ კომპანიად გვაქცევს“.
დატოვე კომენტარი